დადიანების სამუზეუმო კომპლექსი, რომელშიც შედის დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე და მთავრისეული სასახლე, ცნობილია თავის საგანძურით. დედოფლის სასახლე მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გადკეთდა ცნობილი არქიტექტორის, რაინის მიერ. სასახლეს გარს აკრავს დიდი აივანი გაფორმებული მოზაიკით. სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძეს ლაზეთიდან მოუწვევია საუკეთესო ოსტატები და უიშვიათესი არქიტექტურული ნიმუშის შექმნა დაავალა. თითიოეული ორნამენტი, ასეთი კი 50-მდეა, თაფლშია მოხარშული და სხვადასხვა ფერისაა.
დადიანების სასახლეში 5 ათასემდე ექსპონატია დაცული, ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული, ასევე ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. არქეოლოგიური ძეგლებიდან მუზუმში ინახება ქვის ხანის ირაღები; კოლხური ცული და მისი ჩამოსასხმელი ყალიბი. ფულის მდიდარი კოლექცია - კოლხური თეთრი, რომაული, ბიზანტიური მონეტები. იუსტინიანე პირველის მონეტა.
მუზეუმის მშვენებაა ქართული საეკლესიო ნაქარგების ბრწყინვალე ნიმუშები, მოქარგული საბუხარი, ლევან დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა, გიორგი მეფის სამწერობელი - მე-11 საუკუნის ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი ნიმუში, თამარ მეფის დედის, ბურდოხან დედოფლის ხატი, კრედის ხატი წმინდა გიორგის გამოსახულებით.
დადიანების სასახლეშია დაცული უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ჩამოიტანეს. სიწმინდე ჯერ ბედიის ტაძარში ინახებოდა, შემდეგ ხობის ეკლესიაში. 1533 წელს კი ლევან დადიანის სამთავრო სასახლეში გადმოაბრძანეს.
სასახლე მდიდარია მე-16 მე-19 საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი წიგნებით. მინიატურებით, სიგელ-გურჯებით. სამუზაუმო ექსპონატთა შორის არის ფრანგული ისტორიისა და კულტურის იშვიათი ნივთები, ბულის, როკოკოს, ამპირის სტილის ავეჯი. ქართული, ჩინური, იაპონური ბროლის, ქაშნაურის ჭურჭელი, მოვერცხლილი ლარნაკები, ასევე ალბომი ოქროს ყდით.
მუზეუმის იშვიათ ექსპონატებს შორის არის ნაპოლეონ ბონაპარტის ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ფრანჩესკო ანტომარკის მიერ 1833 წელს არის ჩამოსხმული პარიზში, ასევე ეკატერინე ჭავჭავაძის პორტერტი გერმანელი ფერმწერის მიერ შესრულებული 1865 წელს პარიზში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე