„შენ წმინდისა დიდებულისა მთავარმოწამისა გიორგის ეკლესიასა ლომისად წოდებულსა, თავის ესე მსასოებელმა მფარველისა შენისა ყოვლისა, საქართველოსა მეფისა ირაკლისა მეორის ძემან ვახტანგ მპყრობელმა არაგვისამან მოგართვი, შეიწირე და იოხე მათთვის, რომლიც არაგველნი აღა მაჰმად ხანის ომში მოისრნენ, რათა საუკუნესა ცხოვრებისა ღირს იქნენ" - ასეთი წარწერა აქვს ოქროს ბარძიმს, რომელიც მეფე ერეკლეს ძემ, ვახტანგ ბატონიშვილმა კრწანისის ბრძოლის წლისთავზე 300 არაგველის სულის მოსახსენიებლად ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიას შესწირა. ეს უნიკალური ოქროს თასი დღეს ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ინახება.
გადმოცემის თანახმად, მთიულები ბრძოლის წინ ფიცს ლომისას ეკლესიაში დებდნენ, მაგრამ თუ მეფე შიკრიკს სასწრაფოდ გამოაგზავნიდა და დრო აღარ იცდიდა, არგავისპირელები ნაღვრევის ეკლესიაში იკრიბებოდნენ და იქ დებდნენ საბრძოლო ფიცს. ასე ყოფილა კრწანისის ომის დროს. 300 არაგველმა ნაღვრევის წმინად გიორგის სახელობის ტაძარში დადო ფიცი, რომ ან გაიმარჯვებდნენ, ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ. სიჩქარის გამო კი მიწით ეზიარნენ. კრწანისის ბრძოლიდან არცერთი მათგანი ცოცხალი არ დაბრუნებულა, ხეობაში მხოლოდ კრწანისის ველიდან ერთ-ერთი მებრძოლის დაჭრილმა, შუბგაყრილმა ცხენმა ამოაღწია.
ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მთიულებისთვის გამორჩეული სალოცავია, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება. თავდაპირველად ეკლესია მთის წვერზე აუგიათ, მაგრამ მე-16 საუკუნეში სტიქიის შედეგად, დიდი ნიაღვარი მოვარდნილა, ეკლესია საძირკვლიანად ადგილს მოსწყვიტა და ბარში ჩამოიტანა. ამიტომაც უწოდეს მთიულებმა ამ ეკლესიას ნაღვარევი.
შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია ცნობილი იყო თავისი უნიკალური მხატვრობით, რომელიც მოუხატავს სამეფო კარის მხატვარს, მისივე შექმნილია ეკლესიის მთავარი სიწმინდე წმინდა გიორგის ხატი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მეფეთა მოსასვენებელი ადგილი ყოფილა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე