ქართული ხურთომოძღვრების უნიკალური ძეგლი ვეჯინის ლავრა მე-10-11 საუკუნეებშია აგებული. ხალხმა ამ ადგილს „თამარის ციხე" შეარქვა. სამონასტრო კომპლექსში შედის ამაღლების, აღდომისა და წმინდა მარიამის ეკლესიები და სამრეკლო. ამაღლების ეკლესიის კარზე გამოსახულია მოჩუქურთმებული ჯვარი, კედლებზე კი შემორჩენილია უძველესი წარწერები და მხატვრობა.
ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილს ამშვენებს ქალის ფრესკა წითელ მოსასხამში, რომელსაც ხელში უჭირავს გრაგნილი. ეკლესიის თაღის ქვეშ გამოსახულია სცენები საღმრთო წერილიდან, შობა-ხარება. თაღის ცაში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზებით. კედლის ქვედა ნაწილში დგას ექვსი წმინდანი, გრიგოლ ღვითისმეტყველსა და იოანე ოქროპირს კი ხელში უჭირავთ გრაგნილი. ეკლესიაში იყო ორი ჩასასვლელი გვირაბი, რომლებიც უკავშირდებოდა ხეობაში მდებარე სათვალთვალო კოშკს. მონღოლების, თემურ-ლენგისა და შაჰ-აბასის შემოსევების დროს სამონასტრო კომპლექსი რამდენჯერმე დაინგრა, მე-18 საუკუნეში კი მეფე ერეკლეს ბრძანებით აღადგინეს.
ვეჯინის ლავრაში 1924 წელს აღმოაჩინეს 2756 სპილენძის მონეტა, რომელზეც გამოსახული იყო თამარ მეფე და დავით სოსლანი. მონეტებს არაბულად აწერია: „დედოფალთ დედოფალი თამარ, ასული გიორგის, მესიის თაყვანისმცემელი."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე