იზრდება თუ არა ახალი ცვლილებებით დანაზოგების მხრივ საფრთხე და რისკი?
გვანცა წულაია
(08.05.2024)

საპენსიო სააგენტოში სხვადასხვა სახის ცვლილებების შემოღება იგეგმება. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის დარეგულირება კანონით მოხდება, რომელსაც ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიესალმება, მეორე ნაწილი კი, პირიქით, დიდ პრობლემას ხედავს.

საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს სახელს შეუცვლის და საინვესტიციო საბჭოს გააუქმებს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა, საპენსიო სააგენტოს სახელი საპენსიო ფონდი იქნება. ამავე კანონპროექტით მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო. საბჭო, ამჟამად 4 წევრისგან არის დაკომპლექტებული და იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ჩაანაცვლებს 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო, რომლის 2 წევრს პირდაპირ საქართველოს მთავრობა დანიშნავს. ახალი საბჭო პასუხისმგებელი იქნება ფონდის მიერ როგორც ფონდის მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირების პროცესზე, განსხვავებით არსებული სისტემისგან, როდესაც საინვესტიციო საბჭო უშუალოდ ინვესტირების პროცესზე არის პასუხისმგებელი. ამასთან რადიკალურად მცირდება ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში პარლამენტის წვლილი და ის, ფაქტობრივად, მთლიანად მთავრობის მხარეს გადადის.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება სხვადასხვა საპენსიო აქტივში ინვესტირების ლიმიტები და ფონდს პირდაპირ მიეცემა სხვადასხვა აქტივში ინვესტირების შესაძლებლობა, რაც შეიძლება იყოს რაიმე მსხვილი პროექტის დაფინანსება ან პირდაპირი კრედიტის გაცემა.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ამჟამად ჰყავს ორი მმართველობითი საბჭო, ერთია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებისგან არის დაკომპლექტებული. ხოლო მეორეა საინვესტიციო საბჭო, რომელიც ღია კონკურსის შედეგად შერჩეული წევრებისგან კომპლექტდება. სწორედ საინვესტიციო საბჭოს ევალება საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. აღნიშნულ საბჭოში 4 წევრია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით ეს ორივე საბჭო უქმდება და იქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომელსაც 9-15 წევრი ეყოლება. ამ საბჭოში თავის მხრივ, შეიქმნება სამი კომიტეტი, რისკების, აუდიტისა და ინვესტიციების კომიტეტი. ამასთან, აღნიშნული საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ თავის დროზე, როდესაც საპენსიო სააგენტო შეიქმნა, ორი საბჭოს ფუნქციონირება შეიძლება მისაღები იყო, თუმცა ამჟამად არსებულ რეალობაში ამ საბჭოების გაუქმება და მათ სანაცვლოდ ახალი მმართველობითი საბჭოს შექმნა უფრო გამართლებულია.

„ხდება ორი არსებული საბჭოს - საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოს გაერთიანება. სამეთვალყურეო საბჭოში ახლა სამი მინისტრია, ისინი სრულიად ეთიშებიან საპენსიო სააგენტოს მართვას და მმართველობითი საბჭო მხოლოდ პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული. ასევე სავალდებულო წესით შეიქმნება სამი კომიტეტი - საინვესტიციო, რისკის და აუდიტის კომიტეტები. ამრიგად, საპენსიო სააგენტოს ეყოლება პროფესიონალებით დაკომპლექტებული მმართველობითი რგოლი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც ინვესტიციებზე, ასევე ფონდის ადმინისტრირებაზე და ყველა სხვა საქმიანობაზე“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განმარტებაში.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძის აზრით, გასული 5 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო რისკების კონტროლის არარსებობა და მისასალმებელია, რომ იქმნება რისკების კომიტეტი.

„ეს სტრუქტურა როგორც იქნა გაჩნდა - საუბარი მაქვს რისკების კომიტეტზე, რომელსაც პირდაპირ ითხოვს ევროდირექტივა, ასეთ ფინანსური ორგანიზაციებში რისკის კომიტეტი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს დამოუკიდებელი", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ თუ ფონდი კომერციული ბანკის ფუნქციებს შეიძენს, აუცილებელია, რომ მისი რეგულირება ისევე განახორციელოს ეროვნულმა ბანკმა, როგორც სხვა ყველა კომერციული ბანკის შემთხვევაში.

„საუბარი იყო პირდაპირი სესხების გაცემაზე, ესეც უნდა გავარკვიო, რაშია საქმე, სააგენტო თუ ბანკს დაემსგავსა, მაშინ უნდა დარეგულირდეს ეროვნული ბანკის მიერ ისევე, როგორც კომერციული ბანკები რეგულირდება - მათ უნდა მოსთხოვონ მარეგულირებელი საზედამხედველო კაპიტალი და დარეზერვება, რადგან თუ ისინი დაიწყებენ პირდაპირ კრედიტების გაცემას, ბანკი გამოდის ჩვეულებრივი", - აღნიშნა მან.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ფონდს" ბანკის ფუნქციები ექნება, საინტერესოა როგორ დარეგულირდება რისკები და როგორი იქნება ბუფერული კაპიტალი.

„იქ ძალიან მნიშვნელოვანია რა იქნება სარეზერვო მოთხოვნა, როგორი იქნება მისი ბუფერული კაპიტალი. როგორ განსაზღვრავენ, იმიტომ, რომ ბანკს საკუთარი კაპიტალი აქვს და ფონდს არ აქვს - იქ არის მონაწილეთა შენატანები. არ ვიცი, როგორ რეგულირდება ეს, სავარაუდოდ, ამაზეც ნაფიქრი აქვთ", - განაცხადა სურგულაძემ.

ამასთანავე, თუ კანონპროექტი არსებული სახით კანონის ძალას შეიძენს, საკომისიო 0.5-დან 0.75%-მდე მოიმატებს, ეს ნიშნავს იმას, რომ საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტი იზრდება.

„საკომისიოს ნაწილი ამ ეტაპზე არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ, რომ ძალიან დიდ ბიუჯეტზეა საუბარი. მე რომ ვიყავი სააგენტოში, გვქონდა 3,5 მილიონი ლარის ბიუჯეტი და გვყოფნიდა - ამხელა ბიუჯეტი რა საჭიროა, მე არ მესმის. თუმცა შეიძლება სხვა გათვლები აქვთ, თუ იმას ფიქრობენ, რომ უნდა მოიყვანონ უცხოელი აქტივის მმართველები, ამ შემთხვევაში მათ მეტი მადა აქვთ და მომსახურება ძვირი დაჯდება. მაგრამ თუ ამას ფიქრობენ, მაშინ რა საჭიროა ჩვენი საინვესტიციო სამსახური, იქ ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს უკვე", - განმარტა მან.

კანონპროეტეს ექსპერტთა ნაწილი მიესალმება. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს,  თავიდავე გაცხადებული იყო, რომ საპენსიო სააგენტოს თანხები უნდა მოხვედრილიყო  ეკონომიკაში, რაც კარგი იქნება.

„ეს მოსალოდნელი და გარკვეულწილად, გაცხადებულიც იყო, რომ მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტოს თანხები გაიზრდებოდა, მას უნდა დაეწყო აქტიური ინვესტირება და ეს უნდა მომხდარიყო, დიდწილად საქართველოს ეკონომიკაში. შესაბამისად, როდესაც ამის საჭიროება დადგა, მთავრობამ დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ სწორი ფორმა მიეღო საპენსიო სააგენტოს. ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული ვარიანტი სწორია. რაც შეეხება თანხების დაბანდებას, ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არის ცნობილი კონკრეტული დეტალები და დრო და დრო ალბათ მეტ ინფორმაციას მივიღებთ. ეს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს და იმავდროულად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდება ახალი კომპანიები და ა.შ.

სამომავლოდ, უკვე კონკრეტულად ერთი საბჭო მოახდენს ამ თანხების ინვესტირებას და ფონდის მართვას, რაც მნიშვნელოვანია, რადგან იგი დაკომპლექტება უკვე კვალიფიცური კადრებით, ისეთი ადამიანებით, რომლებიც ეფექტურად შეძლებენ, როგორც მართვაში მონაწილეობის მიღებას, ასევე თანხების ინვესტირებას. იმავდროულად ეს საბჭო დაექვემდებარება ეროვნულ ბანკს და თუ კი ვსაუბრობთ რეგულატორზე, სებ-ზე ეფექტური და კარგი რეგულატორი ამ ქვეყანას არ ჰყავს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ კანონპროექტში რაიმე პრობლემური ნიუნსი არ იკვეთება.

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანიც მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილება და მისთვის „საპენსიო ფონდის“ დარქმევა მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფონდი დაერქვმევა. ეს უფრო სწორად ასახავს მის მოქმედებას, რეგულირების სფეროს და ამ დაწესებულების მიმართულებას. სააგენტო ჩემი გადასახედიდან უფრო მეტად ჰგავს ადმინისტრაციულ სახელს“, - განაცხადა მარინა გულედანმა და დასძინა, რომ სააგენტოს საბჭოების გაერთიანების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიც დადებითად უნდა შეფასდეს.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტთა მეორე ნაწილს. როგორც „საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, ცვლილებები გაზრდის უნდობლობას საპენსიო ფონდის მიმართ, რაც აღნიშნული ფინანსური სისტემისთვის დამაზიანებელი იქნება.

„საპენსიო ფონდის მთავარი ხიბლი კი არის, რომ მას საზოგადოების ნდობა უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენს ფულს ინახავს. ფინანსური სისტემების მიმართ ნდობას განაპირობებს ის, თუ ვის აქვს მასზე კონტროლი. მაგალითად, ეროვნული ბანკის სისტემის შექმნაში თავისი როლი აქვს პრეზიდენტსა და პარლამენტს, შესაბამისად, მის მიმართ ნდობა ასე თუ ისე მაღალია.

აღნიშნული რეფორმებით დაგეგმილი ცვლილებები კი საპენსიო ფონდისადმი  შეამცირებს ნდობის ხარისხს, იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო ფონდზე მყარდება მთავრობის გავლენა. ფონდის 15 წევრიდან 3-ს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენები კი იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მთავრობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ასე რომ, დამატებითი კითხვები და უნდობლობის გაზრდა თავად საპენსიო სისტემისთვის იქნება დამაზიანებელი", - განუცხადა „კომერსანტს“გიორგი კეპულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე