ხალხი იმასაც კი ფიქრობს, რომ ავტობუსით წავიდნენ, იქვე გაათენონ ღამე და უკან ისევ ავტობუსით დაბრუნდნენ
გვანცა წულაია
(25.04.2024)

ავიაკომპანიების ნაწილმა შესაძლებლობით ისარგებლა და გერმანიის მიმართულებით ფრენები გააძვირა. სიძვირის გამო ქართველი გულშემატრივრისათვის ევრო 2024-ის მატჩებზე დასწრება და საქართველოს ნაკრებისთვის ქომაგობა, გარკვეულწილად, პრობლემაა. ტურორატორების ნაწილი ინფორმაციით, როგორც ავიაბილეთები, ისე სასტუმრობს დაჯავშნა ამ ეტაპისთვისაც შესაძლებელია, თუმცა მეორე ნაწილის ამბობს, რომ ორივე კუთხით პრობლემაა. 

გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის გამო ავიაბილეთები გაძვირდა. ფასის ზრდა მას შემდეგ მალევე მოხდა, რაც საქართველოს ნაკრების თამაშის ბილეთები დაიდო.

ტურისტული კომპანიის "დისქვერ ჯორჯიას” ხელმძღვანელ ნინი კეკელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთლიანი პაკეტის შოვნა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, სადაც შედის, როგორც ავიაბილეთი, ისე სასტუმრო, ტრანსფერი და ფეხბურთის მატჩის დასასწრები ბილეთების ღირებულება.

"ვხედავთ, რომ მოთხოვნა არის ძალიან დიდი. კერძო სექტორმა უკვე უპასუხა და დანიშნა სპეციალური ჩარტერული ფრენა, სადაც ლოგიკურია, რომ შეზღუდულია, როგორც ადგილების, ისე გერმანიაში განთავსების ობიექტების რაოდენობა. ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ტარიფი არის გაზრდილი.

ვისაც გერმანიაში წასვლა სურს, დროულად უნდა დაიჭიროს თადარიგი. ეს პირველი ტიპის რეკომენდაციაა, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილებიც შეზღუდეულია და პლუს ტარიფებიც საგრძნობლად არის მომატებული მოთხოვნიდან გამომდინარე,

ამ ეტაპზე მთლიანი პაკეტის შოვნა არის შესაძლებელი და თითო ადამიანისთვის, ორკაციან ნომერში 5500 ლარამდეა გადასახდელი. ამ ფასიდან იწყება ავიაბილეთი, სასტუმრო და ფეხბურთის მატჩის დასასწრები ბილეთების ღირებულება.

კომპლექურ მიდგომაზეა საუბარი და არა მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანმა დასარჩენი ადგილი იპოვოს. მხოლოდ ეს არ გამოდგება, რადგან შეიძლება მოძებნოს სასტუმრო და ვერ იპოვოს ბილეთი ან ავიაბილეთი შეიძინოს და სასტუმროც დაჯავნშოს, მაგრამ თამაშზე დასწრება ვერ მოახერხოს. ამიტომ კომლექსურად არის უმჯობესი და რეკომენდირებულია მთლიანი პაკეტის შეძენა, რომელიც გარანტირებულია, რომ ადგილებიც იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ნინო კეკელიძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ტუროპერატორების ნაწილს. „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ აღნიშნა, რომ გარდა ავიაბილეთებისა, თითქმის ამოიწურა დორტმუნდსა და მის მიმდებარე სასტუმროებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა.

„თვითმფრინავის ბილეთები აღარ არის, აქ უკვე იმაზე არაა საუბარი, რომ თამაშს დაესწრონ, ადგილზე მონიტორები იქნება და ხალხს უნდა, რომ იქ შეიკრიბონ და უგულშემატკივრონ ნაკრებს. სასტუმროს საოცარი ფასები აქვს, თითქმის აღარ არის ადგილები. დორტმუნდში ბევრი სასტუმრო ისედაც არ არის“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ გადაცემაში "საქმე”.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბილეთებისა და სასტუმროების ამოწურვისა და მაღალი ფასის გამო, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი გერმანიაში მატჩზე დასასწრებად ავტობუსით აპირებს წასვლას.

„გერმანიაში ცხოვრობს უამრავი თურქი, თურქეთიდანაც ჩავა ძალიან ბევრი და ადგილები არ არის, სასტუმროების ცეცხლი უკიდია. ხალხმა მოიფიქრა, რომ ავტობუსით წავიდნენ, თამაშს დაესწრონ და შემდეგ ისევ ავტობუსით დაბრუნდნენ უკან. თვითმფრინავის ბილეთთან შედარებით, შეიძლება ავტობუსმა დიდი სხვაობა არ მოგვცეს, მაგრამ სასტუმროს ხარჯს ამოიღებ“, - დასძინა კელაურაძემ.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ამბობენ, რომ ავიაკომპანიის ნაწილმა შესაძლებლობით ისარგებლეს და ბილეთები გააძვირეს. ასეთი მოსაზრება აქვს მანანა ალადაშვილს, ვინც მიიჩნევს, რომ გერმანიაში გასამართ ჩემპიონატთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად იქმნება.

"საერთოდ, ფასის ზრდა სეზონურ პერიოდს ყოველთვის თან სდევს. მიუხედავად ამისა, იაფიანი ავიაკომპანიები კარგ ფასში მგზავრობენ. მათ სიხშირეები გაზარდეს და ამიტომ ავიაბილეთების მხრივ აღარ არის ძალიან დიდი პრობლემა. ქართველებისთვის მიდიან ერევანშიც და იქიდან იღებენ ბილეთებს. ცდილობენ, რაც შეიძლება იაფი რეისებით იმგზავრონ.

ავიაბილეთის გარდა, სხვა ხარჯებიც არსებობს - სასტუმროს, ქალაქში გადაადგილება და სხვა. საერთოდ, წელს ტურიზმის ბუმია. საქართველოშიც, სავარაუდოდ, 11 მილიონ ადამიანს ელოდებიან. თანაც სეზონი ძალიან ადრე დაიწყო და სასტუმროების შედარებით კრიზისული მდგომარეობა მოსალოდნელია კიდეც, თუმცა რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ ადამიანი მაინც დაჯავშნის”, - განუცხადა "რეზონანსს” ალადაშვილმა.

ისტორიაში პირველად, საქართველო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ შედგება.

უშუალოდ საქართველოს ნაკრების მარტჩე დასასწრები ბილეთის ღირებულება ოთხკატეგორიად არის დაყოფილი. პირველი კატეგორია - 200 ევრო, მეორე კატეგორია - 150 ევრო, მესამე კატეგორია - 60 ევრო, ხოლო მეოთხე კატეგორია - 30 ევრო.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას „ჯვაროსნები“ 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე