აქტიურობა აქედანვე შეინიშნება, ჯავშნები ყველა მიმართულებით მზარდია
ირმა ჩიტაია
(16.04.2024)

ზაფხულის ტურისტულ სეზონს სექტორი გაზრდილი ფასებით შეხვდება. მომსახურების ყველა სეგმენტში ფასები მატულობს. ამ დროისთვის უკვე 20-25%-იანი გაძვირება შეინიშნება. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფასები მოიმატებს, თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. სეზონი აქტიურია, დაინტერესება დიდია და ჯავშნები ყველა მიმართულებით მზარდია.

სპეციალისტების თქმით, საქართველოსადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. საბოლოო სურათი ჯერ კიდევ უცნობია. წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, დაინტერესებაც მოიმატებს.

გაძვირებულ მომსახურებაზე და მოსალოდნელ აქტიურ ტურისტულ სეზონზე ისაუბრა ,,რეზონანსთან" ტურიზმის დარგის სპეციალისტმა, ბიზნესმენმა მაია მურაჩაშვილმა. მან საქართველოსთვის  გასული ზამთრის სეზონიც საკმაოდ დადებითად შეაფასა.

,,ზამთრის სეზონი საკმაოდ აქტიური იყო. წინასწარი მონაცემებით, ზაფხულიც ასეთივე მოსჩანს. პირად მაგალითზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჯავშნები  სისტემატიურად შემოდის, როგორც ტურისტულ კომპანიაში, ისევე სასტუმროებში. განსაკუთრებით აქტიურობს გალფის ქვეყნები და გააქტიურდა ინდოეთი. თუ მოთხოვნა გაიზრდება, ფასებიც შესაბამისად დაბალანსდება.

შარშანდელთან შედარებით 20-25%-იანი ფასნამატი უკვე შეინიშნება 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში. განსაკუთრებით მაღალი დონის სასტუმროებმა ასწიეს ფასი. შედარებით ნაკლებად აძვირებენ მომსახურებას სამვარსკვლავიანი სასტუმროები და"გესთჰაუსები". ჯავშნებს რაც შეეხება, უკვე აქტიურობენ, თუმცა ჯერ მაინც ნაადრევია საუბარი.

პანდემიის შემდეგ მიდგომა შეიცვალა და ბოლო მომენტის  ჯავშნებიც აქტიურია. შეიძლება აპრილში არ მქონდეს ნათელი სურათი ივნისში რა იქნება, მაგრამ  მაისის შუა რიცხვებიდან გამოჩნდეს. ამ ეტაპზე, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მეტი ჯავშანი გვაქვს.

ზამთრის სეზონი შედარებით კარგი იყო გუდაურისთვის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს გაიზიარა ყველა სამთო კურორტმა. ზაფხულში გაძვირებას ველოდებით ისეთ ადგილებში, სადაც მეტი მოთხოვნაა და ნაკლები მიწოდებაა. პირობითად, შეიძლება მესტია, ბათუმი გაძვირდეს", - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა და დასძინა, რომ საკმაოდ აქტიურობენ საოჯახო ტიპის სასტუმროებიც, რომლებსაც დაინტერესების მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

"ჩემი საასტუმროების მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ პოლონეთი, ლიტვა, ლატვია ძალიან აქტიურობს. თურქეთიდანაც არის ორგანიზებული ტურები. გააქტიურდა უკრაინაც. მოკლედ, ტურისტული კუთხით აღმოსავლეთ ევროპა აქტიურია, დასავლეთ ევროპა - ნაკლებად, მაგრამ იმედია, აქაც ყველაფერი დადებითისკენ წავა და მატება გვექნება", - განაცხადა მურაჩაშვილმა.

მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირს ექსპერტ მარინა მეტრეველს, თუმცა ცალსახად ამბობს, რომ თუ დაინტერესეა გაიზრდება, ფასიც შესაბამისად მზარდი გახდება.

,,ინტენსიურად ტურისტული ინდუსტრია დაახლოებით ორი თვის შემდეგ ამოქმედდება. მოგზაურობა ყველა მიმართულებით გაძვირებულია. ზოგადად ტენდენცია ისეთია, რომ მსოფლიოში, მეზობელ ქვეყნებში ყველგან ყველაფერი ძვირდება. პროგნოზი, ჯერ ნაადრევია, მაგრამ ტენდენცია არის მატებისკენ და ცხადია, ჩვენთანაც გაძვირდება. როგორი პროცენტული მაჩვენებელი გვექნება ამაზე ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყვი", - განაცხადა მეტრეველმა.

საპირისპიროს ინფორმაცია აქვს ექსპერტ მანანა ალადაშვილს. მისი შეფასებით, სასტუმროები და ტურისტული კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ ფასები შინარჩუნონ, თუმცა როდემდე გაგრძელდება ღირებულების შენარჩუნება, ამაზე პროგნოზირება მასაც უჭირს. რაც შეეხება სეზონს, როგორც ამბობენ, აქტიურობა აქედანვე თვალში საცემია.

,,ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სასტუმროებიც და ტურისტული კომპანიებიც მაქსიმალურად ცდილობენ ფასები "დაიჭირონ". იყო რაღაც შეხვედრები, რომელიც გაძვირებას ეხებოდა. მაგალითად, დაცული ტერიტორიებზე შესვლის ფასი, რომელიც ტურპაკეტებს აძვირებდა და ბევრი სხვა აქტივობები.

სავარაუდოდ, ამ ეტაპზე, არავინ ზრდის ფასს. ყოველ შემთხვევაში, ტურისტული კომპანიები, ვისთანაც კონტაქტი მაქვს, ასეთ ინფორმაციებს მაწვდიან. ვნახოთ, შემდეგში რას იზამენ. ჯავშნებიც, რომელიც უკვე გაკეთებულია, ძველი ფასებითაა. პროგნოზი ძალიან  რთულია, თითქმის ყველა კომპანია ერთხმად ამბობს, რომ არ გააძვირებენ. საბოლოო ჯამში, რა მდგომარეობა იქნება დანამდვილებით ვერ ვიტყვი.

წელს, შარშანდელთან შედარებით, აქტიურ სეზონს ელოდებიან. ნოემბრამდე რეგიონებში შედარებით დაბალბიუჯეტური და მოთხოვნადი სასტუმროები დაჯავშნილია. ეს არ ეხება ბრენდულ სასტუმროებს", - განუცხადა ,,რეზონანსს" ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე