სავარაუდო ცვლილებები არათუ მძღოლებში, არამედ სპეციალისტებშიც კი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს
გვანცა წულაია
(16.04.2024)

ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაში შესაძლოა, სხვადასხვა სახის ცვლილებები შევიდეს. საუბარია, პირველადი ტექინსპექტირების საფასურის ზრდაზე და თავად ცენტრების კონტროლის გამკაცრებაზე. რატომ დადგა ამ ორი მიმართულებით ცვლილების ის აუცილებლობა?

მალე შესაძლოა, თავად ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების კონტროლი გამკაცრდეს. ამ კუთხით საუბარია იმაზე, რომ შეიქმნება ჯგუფები, რომლების ტექინსპექტირების დასრულების შემდეგ ავტომობილის გადაამოწმებენ. ცენტრისა და საკუთარ შედეგს ერთმანეთს შეადარებენ და თუ რაიმე პარამეტრიში იქნება აცდენა, ტექინსპეტრირების ობიექტს დაეკისრება.

სწორედ ამ დეტალებზე ისაუბრა `რეზონანსთან” ტექინსპეტრირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შიოლაშვილმა და საჯარიმო თანხებიც დაასახელა. 

"სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მხრიდან განხორცილდება მონიტორინგი, რომლის წესი გაიწერება დეტალურად. წინასწარ მონახაზი ასეთია: მონიტორინგი იქნება, როგორც ვიდეომეთვალყურეობის კამერების საშუალებით, ასევე ადგილზე ვიზიტით მოვა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სპეციალური ჯგუფი. როდესაც ტექინსპექტრირების პროცესი დასრულდება კონკრეტულ ავტომობილზე, ეს სპეციალური ჯგუფი გადაამოწმებს შედეგს, თუ რამდენად მართებულია და შესაბამისობაშია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. სანამ ავტომობილი დატოვებს სივრცეს, სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები ხელახლა შეამოწმებენ იმავე ავტომობილს. შედეგად ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის გაცემული ანგარიში შედარდება ამ ჯგუფის მიერ დადებულ ანგარიშს და თუ რაიმე აცდენა იქნება, გარკვეული ჯარიმა გამოიწერება.

რაც შეეხება სანქციებს, იმ შემთხვევაში თუ ტექინსპექტირების ცენტრი დააფიქსირებს სახიფათო ჯარიმას, რასაც შემდგომში მონიტორინგის ჯგუფი აღმოაჩენს, მაშინ სანქცია იქნება 5000-ლარიანი. თუ ცენტრი მნიშვნელოვან ხარვეზს არ დააფიქსირებს, მაშინ ჯარიმა იქნება 2000 ლარი, ხოლო უმნიშვნელო ხარვეზის შემთხვევაში სანქცია 500 ლარის ოდენობით გამოიწერება”, - განუცხადა შიოლაშვილმა `რეზონანსს”.

გარდა ამისა, ითქვა, რომ ტექინსპექტირების ცენტრები საკუთარ ხარჯს ვეღარ აუდიან, ამიტომ ტარიფის გადახედვას ითხოვენ და შესაბამის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციებიც მიმდინარეობს.

როგორც გიორგი შიოლაშვილმა აღნიშნა, 5 წლის წინ დადგენილი ფასი ვეღარ პასუხობს ტექინსპექტირების ცენტრების გამოწვევებს, ამასთან, დიდია კადრების გადინების მაჩვენებელი.

"2018 წლიდან დაიწყო სრული მასშტაბით აღნიშნული რეფორმა და მას შემდეგ საფასური არ შეცვლილა. 5 წლის თავზე დადგა იმის აუცილებლობა, რომ პირველადი ტექინსპექტირების საფასური გადაიხედოს. გარკვეული ძვირადღირებული მოწყობილობები უკვე საჭიროებს განახლებას. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იმ ხელფასს ვერ იხდის სექტორი, რაც რეალურად საჭიროა.

კადრების გადინება არის ძალიან დიდი. მაგალითად, შარშან 60%-ზე მეტი იყო გადინება, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დადგა პირველადი ტექინსპექტირების საფასურის გადახედვის საჭიროება. ჩვენ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, მიმდინარეობს კონსულტაციები და იმედი გვაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მსუბუქი ავტომობილის ინსპექტირების საფასურის 30-ლარიან ზრდაზეა საუბარი, 30-დან 50-ლარამდე კი სატვირთო ავტომობილებისთვის.

დღევანდელ მოცემულობას თუ ავიღებთ, 30 ლარი არის 10 ლიტრი საწვავის საფასური, რომელიც შეიძლება ერთ დღეში დახარჯოს ავტომობილის მფლობელმა. აქედან გამომდინარე, არა მგონია, ეს იყოს დიდი ტვირთი ავტომფლობელისთვის. იმდენად კრიტიკული არ არის საფასური, ვიდრე ის, რომ ხშირ შემთხვევაში ავტომფლობელები არ ასწორებენ იმ ხარვეზს, რაც მათ მანქანას აქვს და ეს არის არ მიმართვიანობის მიზეზი, თორემ გადასახადი 30 ლარით მეტი იქნება, თუ ნაკლები, ვფიქრობ, დიდად მნიშვნელოვანი და კრიტიკული არ არის.

რაც შეეხება ზოგად მიმართვიანობას, შარშანდელი წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, გამოჩნდება, რომ მომატებული იყო. 2022 წელს 789 ათასი ვიზიტი შედგა, 2023 წელს კი - 917 ათასი, ანუ ტენდენცია არის მატებისკენ და ვფიქრობ, რომ 2024 წელსაც შედარებით მომატებული სტატისტიკა გვექნება”, - განუცხადა `რეზონანსს” შიოლაშვილმა.

სატრანსპორტო სფეროს ექსპერტთა ნაწილი ცვლილებებს არც ერთ მიმართულებით არ ეთანხმება. როგორც ნოდარ რამიშვილმა განაცახადა, არ არის საჭირო კიდევ ერთი მაკონტროლებელი ორგანო.

"არასაჭირო რამ არის კიდევ ერთ-ერთი მაკონტროლებელი. პოლიტიკური მოტივით არის გაკეთებული, რომ თავისი ხალხი სადღაც დაასაქმონ. როცა ავტომობილი ტექნიკური ინსპექტირებას გადის, თუ რაიმე ხარვეზი იქნება ადგილზე ხომ მოწმდება, რაღა საჭიროა ავტომობილის გაჩერება და თავიდან შემოწმება?

შეიძლება ავტომობილმა, განსაკუთრებით დიზელის ძრავიანმა ტრანსპორტმა, გაიაროს ტექნიკური დათვალიერება, ყველაფერი იყოს წესრიგში, მაგრამ, თუ მანქანა კომპიუტერული მართვით არის, მანქანამ გაუშვას 10-ჯერ მეტი საწვავი და დაიწყოს საშინელი ბოლვა, ეს შეიძლება წამიერად, მოხდეს სრულიად გამართულ მანქანაზე. ასეთი რამ შესაძლოა, ნებისმიერს შეემთხვეს, უცებ შეიძლება რამე დაემართოს ტექნიკურად გამართულ ავტომობილს. ამის გამო, ადგე და მიაკითხო ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს და დააჯარიმო, ყოვლად გაუმართლებად მიმაჩნია. ავტომობილი კი არა, მილიარდებს იხდიან და კოსმოსური ხომალდები ვარდება და ფეთქდება ჰაერში.

მეტსაც გეტყვით, ეს სამსახური საერთოდ არ იყო საჭირო. სჯობდა პატრულისთვის დაევალებინათ, როდესაც გამონაბოლქვიან ავტომობილს დაინახავდნენ გაეჩერებინათ და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს”, - განუცხადა "რეზონანსს” ნოდარ რამიშვილმა და დასძინა, რომ პირველადი ტექინსპექტრირების საფასურის გაძვირება არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე