სოფლის განვითარების სააგენტო არსებულ პროგრამებს აგრძელებს და ახალ პროექტებსაც სთავაზობს აგროსეტორში დასაქმებულებს
ქეთო გოგოხია
(16.04.2024)

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის ყველა ძირითადი პროგრამა გრძელდება. სოფლის განვითარების სააგენტო წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტსა თუ პროგრამას. მათი ძირითადი ნაწილი ქართველი ფერმერებისთვის უკვე კარგად ცნობილია, დარგში არსებული გამოწვევებისა და ფერმერთა საჭიროებების გათვალისწინებით ცვლილებები შედის არსებულ პროგრამებში, იმადროულად ემატება ახალი პროგრამები.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, სამინისტრო მხარში უდგას ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში.

„ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, მივცემთ საშუალებას ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანით, აიღონ სესხი ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად; დავაფინანსებთ 1 წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს;  სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 000 ლარი. მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის  საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს მთვარობის გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის რამდენიმე  ქვეკომპონენტში  ცვლილებები შევიდა.

სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირების საჭიროებების გათვალისწინებით მეტად მორგებული იყოს  სხვადასხვა დარგობრივი მიმართულების მოთხოვნებს და არსებულ გამოწვევებს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში შესული ცვლილებებით  სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს დაეხმარება ერთწლოვანი კულტურების - ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფარვაში მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე; ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების  შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, ასევე  გამოყენებული საწვავის ხარჯი.

პროექტის ახალი რედაქციით 2024 წელს, გასული წლების მსგავსად ამოქმედდა  ქვეკომპონენტები - ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის და თხილის პირველადი წარმოების დაფინანსებისათვის; ქვეკომპონენტებში - ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის და მესაქონლეობის მიმართულებით არსებულ ქვეკომპონენტებში დაზუსტდა  პირობები.

ერთწლოვანი კულტურების ქვეკომპონენტში ფინანსდება ერთწლოვანი კულტურების მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი. სესხის მოცულობა - 10 000 – 100 000 ლარი, თანადაფინანსების ვადა - 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 9%.

თხილის პირველადი წარმოების ქვეკომპონენტში ფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი (1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარი); სესხის მოცულობა - 5 000 – 300 000 ლარი, თანადაფინანსების ვადა - 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 8%.

მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულებისა და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბენეფიციარს ექნება ვალდებულება უზრუნველყოს სესხის თანადაფინანსების მოქმედების პერიოდში მეხორცული მიმართულების შემთხვევაში – ერთ სულზე არანაკლებ 1 ჰა საძოვრის ან/და არანაკლებ 0,5 ჰა სახნავის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებობა.

აღსანიშნავია თხილის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის ქვეკომპონენტში შესული ცვლილება,  რომლითაც ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხის ზედა ზღვარი გაიზარდა და განისაზღვრა 5 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით, ასევე თხილის პირველადი წარმოებისთვის მაქსიმალური სესხის მოცულობა, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, გაიზარდა და განისაზღვრა არაუმეტეს  3 000 ლარით.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების  იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.

 საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო  განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას  საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამაც სწორედ ფერმერთა  ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.

ახალი პროგრამით  დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება  მაღალმთიან დასახელებებში  მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან)  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  ღირებულების 70%,  თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც  შეძლებენ. განაცხადების მიღება სოფლის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 11 აპრილს დაიწყო.

აგრარული მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მსხმოიარობაში შესული ბაღების რაოდენობა,   რაც ზრდის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მოთხოვნას. სახელმწიფოს მიზანია, მეტი ფერმერის და აგრობიზნესში ჩართული პირისათვის იყოს ხელმისაწვდომი  მოსავლის ამღები თანამედროვე  ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს აგროვადების გათვალისწინებით მოსავლის აღებას და, შესაბამისად, მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში თანამედროვე ტექნიკის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მოსავლის აღების პროცესს უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის.

მიმდინარე წელს გაზრდილია მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი. გასულ წელს,  გამოყოფილი იყო 7 მლნ ლარი, წელს ეს თანხა 10 მლნ ლარია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტულობა  განისაზღვრა  ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 150, 000 ლარით.  პროგრამის ახალი პირობით, თანადაფინანსებით  ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაც შესაძლებელია.

„სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტის აგრო წარმოების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე,  ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული,  440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია  შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება", - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე