ივლისიდან შერჩევა დაიწყება, ხოლო სექტემბრიდან პროგრამა უშუალოდ ამოქმედდება
გვანცა წულაია
(28.03.2024)

მთავრობა სტუდენტებს სახელმწიფო სექტორში ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო სექტორთან. სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმები უკვე ცნობილია და ახლა საინტერესოა, მათი მხრიდან რამდენად დიდი იქნება დაინტერესება. განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ სტუდენტები შეთავაზებას გამოიყენებენ, უბრალოდ, სტაჟირების პროგრამა ხელი არ უნდა შეუშალოს სწავლის შემდგომ საფეხურებს.

როგორც მიმდინარე ეტაპზე არსებული დეტალებიდან ირკვევა, განათლების სამინიტროს 3 ათასზე მეტს სტუდენტს სახელმწიფო უწყებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს. სტაჟირებაში მონაწილე სტუდენტთა შერჩევის პროცესი ზაფხულიდან დაიწყება, ხოლო თავად პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდება.

გეგმის დეტალებზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა და ხაზი გაუსვა, რომ სტუდენტების სტაჟირების შესახებ კერძო სექტორთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება.

"სტაჟირების პროგრამა ეხება საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებულებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასშტაბური ინიციატივა წამოაყენა. ეს შეეხება 3 ათასზე მეტ ახალგაზრდას, კურსდამთავრებულს ყველა სახელმწიფო უწყებაში. ასევე, პარალელურად კერძო სექტორთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. არის ინტერესი, მაგრამ იქ გასაგებია, რომ ნებაყოფლობით სურვილზეა ყველაფერი. შევხედოთ, რა მდგომარეობა გვექნება, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო სექტორში 3 ათასზე მეტ სტუდენტს 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ.

შერჩევის პროცესს ვფიქრობთ, დავიწყებთ მიმდინარე წლის ივლისში, რომელიც ალბათ სექტემბრამდე გასტანს და პირველი სექტემბრიდან დაიწყება სტაჟირების პროგრამა, წლის ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრის ინფორმაციით, აკადემიური მოსწრება იქნება მთავრი კრიტერიური სტუდენტთა შერჩევისთვის.

"ეს არის აკადემიური მოსწრება და ალბათ, აღნიშნული არის ერთ-ერთი სამართლიანი ინდიკატორი, თუმცა ამას სტუდენტების მოსაზრებების მიხედვით შევაჯერებთ, გარკვეული სხვა კომპონენტებიც დავამატოთ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მაღალი აკადემიური მოსწრება. შემდგომ უკვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სტუდენტებთან ერთად ამას განვიხილავთ, ეს არის სტაჟირების პროცესის შეფასების ინსტრუმენტები, ვინაიდან შემდგომ მნიშვნელოვანია რეალურად გადავწყვიტოთ და ბევრი მათგანი დარჩება სახელმწიფო სამსახურში სტაჟირების შემდგომ“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მთავრობა დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო სექტორში სტაჟირების ახალი პროგრამა კურსდამთავრებულებს მისცემს შესაძლებლობას დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში, რასაც ექსპერტებიც იზიარებენ. როგორც განათლების სფეროს სპეციალისტმა მუხრან გულიაშვილმა აღნიშნა, სტუდენტთა აკადემიური მოსწრებით შერჩევის კრიტერიუმი ერთგვარი სტიმულიც იქნება სტუდენტისთვის, რომ კარგად ისწავლონ და უკეთესი შედეგი ჰქონდეთ.

"სტუდენტები ამ შეთავაზებით დაინტერესდებიან. ჩემი სტუდენტების პერიოდშიც არსებობდა მსგავსი პრაქტიკა, მე პირადად ძალიან მომწონდა და მთელი სტუდენტობა იყო ჩართული. ვთქვი, რომ მათი მხრიდან დიდი ინტერესი გაჩნდება და იმედია, ყველას დააკმაყოფილებენ, ვისაც სურვილი ექნება.

სახელმწიფო სტრუქტურებში სტაჟირებაზე სტუდენტთა შერჩევა, პირველ რიგში, აკადემიური მოსწრების კრიტერიუმით უნდა მოხდეს. ეს ერთგვარი სტიმულიც იქნება სტუდენტისთვის, რომ კარგად ისწავლონ და უკეთესი შედეგი ჰქონდეთ. ამ კუთხით სვლა მნიშვნელოვანია, რომ ჯერ მათი შერჩევა მოხდეს, ვისაც ყველაზე კარგი მოსწრება აქვს და სხვა დანარჩენი კრიტერიუმი მერე იქნას გათვალისწინებული.

არსებულ ვითარებას რომ დავაკვირდეთ, ვნახავთ, რომ სწავლა და მაღალი აკადემიური შედეგის წახალისება არსად ხდება, ამიტომ კარგი იქნება თუ ესეც დაინერგება”, - განუცხადა "რეზონანსს” მუხრან გულიაშვილმა.

მთავრობის შეთავაზებას დადებითად აფასებს პროფესორი პაატა აროშიძე, თუმცა მიიჩნევს, რომ სტაჟირების პროგრამა სასწავლო პროცესის ხელის შემშლელი გარემოება არ უნდა გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია დრო სწორად შეირჩეს.

"ჩემი 30-წლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ სტუდენტთა უმეტესობა პრაქტიკაზე მიისწრაფვის სახელმწიფო სტრუქტურებისკენ, ანუ მათ სურთ მუნიციპალურ ან სახელმწიფო ორგანიზაციებში პრაქტიკა - ეს იქნება სხვადასხვა სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობა, მერია, საკრებულო, თუ სხვა. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბებულია აზრი, რომ დასაქმება არის სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობა და მცდარი მოსაზრებაა გავრცელებული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კერძო სექტორი არასტაბილურია. ამიტომ უმეტესობა მიისწრაფვის სახელმწიფო სტრუქტურებისკენ.

ვფიქრობ, სტუდენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ შანსს კარგად გამოიყენებს და ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში, მაგრამ აქ მეორე საკითხი დგება, რაც გასათვალისწინებელია. სტაჟირების პერიოდი როგორ დაემთხვევა სწავლის დროს. უნივერსიტეტებში სტუდენტთა პრაქტიკა გათვალისწინებულია ბოლო სემესტრში, როდესაც სწავლის პროცესი დასრულებისაკენ მიდის. აკრედიტირებული უნივერსიტეტების უმეტესობას სასწავლო პრაქტიკა ბოლო სემესტრში აქვს ჩასმული. სტაჟირებამ და ზოგადად დასაქმებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სწავლის პროცესს. ან ბაკალავრიატში ანდა შემდეგ მაგისტრატურაში. თუ ამას გაითვალისწინებენ და მოხდება ისე, რომ სტაჟირება გვერდს აუვლის სასწავლო პროცესს, ასეთ შემთხვევაში, სტუდენტი, სტაჟირების პერიოდში, სწავლას არ მოსწყდება.

სტუდენტების უმეტესობა ახლაც დასაქმებულია, რითაც, სამწუხაროდ, ხელი ეშლება მათ სწავლის პროცესს. ამიტომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გაითვალისწინებს ამას და შრომის კოდექსში შეიტანს ცვლილებას, რომ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლების სტუდენტების დასაქმება კვირაში არაუმეტესს 20 საათის იყოს, რაც უნდა გააკონტროლის შრომის ინსპექციამ. ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და ვფიქრობ, სტუდენტებისათვის ასეთი შეთავაზება ძალიან კარგია, პირველ რიგში, თვითდამკვირდებისათვის, ანაზღაურებისათვის და სახელმწიფო სტრუქტურაში მისწრაფებისათვის.

ასევე, მთავარია, თეორიის და პრაქტიკის ერთმანეთთან დაახლოება. უმაღლეს სასწავლებელში მიღებულ თეორიულად ცოდნას რამდენად შეესაბამება საჯარო სექტორში დამკვირდებული პრაქტიკა. მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება არ უნდა იყოს”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ დაინტერესება, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება, მაგრამ გასარკვევია, ადგილობრივი თვითმმართველობები აიტანს თუ ვერა სტაჟიორთა დიდ რაოდენობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე