პრემიერ-მინისტრის ინიციტივებმა სამედიცინო სფეროში ძირეული ცვლილებები მოიტანა
ქეთო გოგოხია
(19.12.2023)

2023 წელი ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთ წარმატებულ წლად ფასდება. მთავრობა მიღწეულით აშკარად კმაყოფილია, თუმცა ამაზე არ ჩერდებიან და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა რეფორმა ბოლომდე ღირსეულად მივიდეს, გამოწვევებს გაეცეს პასუხები და საბოლოდ პრიორიტეტული გახდეს ყველა ის საკითხი, რაც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გამარტივებას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმა მტავრობის ანგარიშში ერთ-ერთი საყურადღებო საკითხი აღმოჩნდა, რაზეც ქვეყნის პრემიერმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება და ერთხელ კიდევ შეაფასა შედეგები, რასაც სექტორმა უკანასკნელ წლებში მიაღწია. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდას უკავშირდებოდა.

,,მნიშნელოვანი იყო და არის ჩვენი ექიმების, სამედიცინო პერსონალის ხელფასების მატება. პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარების თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდა 10%-ით, პირველი ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი კვლავ გაიზარდა 10%-ით.

ასევე მომდევნო წლიდან გათვალისწინებულია ჯანდაცვის პერსონალის ხელფასის 10%-იანი მატება, 2024 წლიდან მინიმალური ანაზღაურება განესაზღვრებათ უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, მეან-ექთანს და სანიტარს.

შედარებისთვის, 2012 წელს ექიმის ხელფასი იყო 450 ლარი, წელს 2184 ლარია, ხოლო ექთნის – 300 ლარი იყო 2012 წელს და ახლა გახდა 1665 ლარი.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები - ჩვენი ბავშვების, ხანდაზმულების, დევნილებისა თუ ვეტერანების მხარდაჭერა.

ბავშვების დახმარების თაობაზე უკვე მოგახსენეთ, რომ მნიშნელოვანია ამ სოციალური დახმარების გაგრძელება, ასევე შშმ პირთა და ბავშვთა სოციალური პაკეტის კიდევ უფრო გაზრდა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის დაწყებიდან სამ მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა. საერთო ჯამში 7 მილიარდი ლარი იქნა გადახდილი ბიუჯეტიდან ბოლო 11 წელიწადში.

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმას შესაბამის შეფასებას აძლევენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც 2023 წელს სამედიცინო რეფორმების კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო წლად მიიჩნევენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, რომ არა გუნდის მხარდაჭერა და მაღალი პოლიტიკური ნება, ეს რეფორმები ასეთი კარგი შედეგით შესაძლოა, ვერც განხორციელებულიყო. ჩამოყალიბებულია რეფორმების მიმართულებით მულტისექტორული საბჭოები და ყველა უწყების ჩართვით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ მეტი დადებითი შედეგი მიიღონ.

,,ძირეული ცვლილებების ინიცირების და გატარების კუთხით, პირველ რიგში, მინდა ვისაუბრო ფარმაცევტული მიმართულებით ჩატარებულ რეფორმაზე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. რეფერენტული ფასების დაწესება მედიკამენტებზე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  და ძალიან კომპლექსური რეფორმა, რომელმაც მოგვცა   ფასების შემცირების ძალიან კარგი შესაძლებლობა. ასევე თურქეთის ბაზრის გახსნა იყო ძალიან  კარგი ქმედითი ნაბიჯი, რამაც მთელ რიგ წამლებზე შედარებით დაბალი ფასის დაწესების წინაპირობა შექმნა.

წლის ბოლოს ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში, რაც ითვალისწინებს ინოვაციური  მედიკამენტების ექსკლუზიური მომწოდებლისგან პირდაპირი შესყიდვის შესაძლებლობას და ესეც ქმნის ძალიან კარგ მოცემულობას იმისთვის, რომ  სახელმწიფომ სწრაფად  მოახდინოს ინოვაციური და სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტების მობილიზება,  პაციენტების საჭიროებებისთვის. ზოგადად მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით რეალურად განხორციელდა იმდენად მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც სამომავლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელ  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით ძალიან მყარი საფუძველია შექმნილი", - განუცხადა თამარ გაბუნიამ ,,რეზონანსს".

რაც შეეხება  სამედიცინო მომსახურების ნაწილში გატარებულ რეფორმებს, 2023 წლის დასაწყისიდან ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც  ითვალისწინებს  დაფინანსების ახალი მექანიზმის დანერგვას  ჰოსპიტლებისთვის, "დიარჯი" მეთოდოლოგია, რომლის პირობებშიც მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა, რომ თანაგადახდა ყოფილიყო უფრო ნაკლები, გამჭვირვალე და უფრო გასაგები. დაწესებულიყო ტარიფები რესურსების საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით.

,,ეს პროცესი არის მიმდინარე და ვფიქრობთ, სისტემა, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში,  შეასრულებს თავის  დატვირთვას ჰოსპიტალური სერვისების ეფექტურობის და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილება იყო სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური  სახელფასო პოლიტიკის ამოქმედება, ვინაიდან აქამდე არსებული სისტემა იყო არაერთგვაროვანი, სხვადასხვა სიტუაციაში, ერთი და იგივე სირთულის საქმიანობის შესრულების  პირობებშიც ექიმებს და ექთნებს ჰქონდათ განსხვავებული ანაზღაურება. მინიმალური ხელფასის დაწესებით იქმნება ბაზისური შრომითი უსაფრთხოების გარანტია, რაც მედპერსონალს აძლევს იმის პირობას, რომ მისი შრომა სათანადოდ შეფასდეს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საბოლოო ჯამში, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რეფორმის მიზანია საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც დარგს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

,,ჩვენ მივდივართ საერთაშორისო სტანდარტისკენ, ხარისხი გარანტირებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო ინფრასტრუქტურა პერსონალის კვალკიფიკაცია იქნება შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. მთელი რიგი მიმართულებები შემუშავდა და დაინერგა ახალი სტანდარტი ქირურგიის, რეანიმაციის, სტომატოლოგიის, ფსიქიატრიის მიმართულებით და მიმდინარეობს ასევე მუშაობა სხვა დამატებითი პაკეტების ინიცირებაზე. ძალიან ბევრი კლინიკა უკვე შეუერთდა და ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო მაკრედიტირებელ  ორგანიზაციებთან, რათა 2025 წლამდე მიიღონ  საერთაშორისო აკრედიტაცია. ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, ვინაიდან საქართველოში ის ჰოსპიტლები, რომლებიც ამაზე მუშაობენ, მიიღებენ  საერთაშორისო აკრედიტაციას და გახდებიან აკრედიტირებულები და აღიარებულები გლობალურ ბაზრებზე.

რა თქმა უნდა, მდგრადი განვითარების გეგმა გაგრძელდება. 2024 წლისთვის ჯანდაცვის პრიორიტეტები იქნება საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაფართოება, რომ მოსახლეობამ მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება და წამლები.

მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი პენსიონერებისა და ასევე  სოციალურად დაუცველ მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო სთავაზობს შაქრიანი დიაბეტის, გულის დაავადების, პარკისონის დაავადების, ეპილეფსიისა და სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. საუბარია, რომ გლაუკომიის მედიკამენტიც დაემატოს ამ პაკეტს და ასევე მოიხსნას ლიმიტი საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის, რათა სრულად მოახერხონ დანიშნულების შესრულება და არ მოუხდეთ მკურნალობის შეწყვეტა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ და ხაზი გაუსვა, რომ 2024 წლის პრიორიტეტებს შორისაა ონკოლოგიის მიმართულებაც.

,,გასულ წელს დიდი აქცენტი კეთდებოდა  ონკოლოგიური სერვისების გაფართოებასა და  ონკოლოგიური მედიკამენტებისის ხელმისაწვდომობაზე, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო გაფართოვდება. არის საუბარი ონკოდიაგნოსტიკის კომპონენტის ინტეგრაციაზე საყოველთაო ჯანმდაცვის პროგრამაში, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ონკოლოგიური დაავადებები ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს და კლინიკური გამოსავალი  უკეთესი მივიღოთ.

გარდა ამისა, აქცენტს ვაკეთებთ  ევროასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული  ვალდებულებების შესრულებაზე. ამაში შედის პირველადი ჯანდაცვის სერვისების  გაძლიერება სოფლად, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება და მხარდაჭერა,  საზოგადოებრივ ჯანდაცვის რისკებზე რეაგირება და ამის შესაძლებლობების გაძლიერება. ასევე საკანონმდებლო პაკეტის ჰარმონიზაცია ევროდირექტივებთან და სხვა. ვიმედოვნებ, მომავალშიც აქტიურად მოგვიწევს მუშაობა და რეფორმები გაგრძელდება სამთავრობო გუნდის მხარდაჭერითა და კოორდინაციით, რაც  წარმატების საწინდარი იქნება", - აღნიშნა,,რეზონანსთან" საუბრისას თამარ გაბუნიამ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი იზრდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2012 წელს ჯიბიდან გადახდა მოქალაქეებს ჰქონდათ დაახლოებით 74 პროცენტამდე, მაგრამ 2022 წელს 30 პროცენტამდე შემცირდა. მას შემდეგ რაც უკვე ამოქმედდა "დიარჯი"მეთოდოლოგია, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, საშუალოდ, 10%-მდეა შემცირებული.

ირაკლი ღარიბაშვილ,ა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოციალური დაცვის კუთხით, რომელიც ბავშვების პროგრამებს ეხება, ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე