"უნივერსიტეტების ადმინისტრაციდან ასეთ სტუდენტებს უკავშირდებიან და მათგან უარს იღებენ"
გვანცა წულაია
(19.12.2023)

უკვე 3 თვეა, რაც დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სწავლის გაგრძელების საშუალება აქვთ. 30 ათასი სტუდენტიდან, ამ დრომდე, სტატუსი მხოლოდ 4000-მა მათგანმა აღიდგინა, რაც მცირე მაჩვენებელია, თუმცა აღნიშნული პროცესი არ დასრულებულა, ამიტომ სტუდენტთა ოდენობა გაიზრდება, მაგრამ განათლების სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი სტატუსს არ აღიდგენს და რაოდენობა ნახევრამდეც არ შეივსება.

საქართველოს მთავრობამ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ განცხადება სექტემბრის შუა რიცხვებში გააკეთა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხდა, რომ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია წავლა-განათლება, ამიტომ იმ სტუდენტებს, რომელთაც ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი ჰქონდათ შეჩერებული, დავალიანება ჩამოეწერებოდათ. საუბარია იყო 30 ათას სტუდენტზე, დავალიანება კი საერთო ჯამში 40 მილიონს ლარს აღწევდა.

სიახლის გაჟღერებიდან 3 თვის თავზე ირკვევა, ახალი პროგრამის ფარგლებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება ჯერ მხოლოდ 4000-მდე სტუდენტმა მიიღო, რაც მთლიანად სტატუსშეჩერებული სტუდენტების 15%-ზე ნაკლებია, თუმცა სტუდენტის სტატუსის აღდგენის პროცესი მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

"საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №378 დადგენილებით დამტკიცებული `საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების წესის" მე-2 მუხლის საფუძველზე ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 30 000-მდე სტუდენტს. 2023 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემდგომ სტატუსი აღიდგინა 4000-მდე სტუდენტმა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული პროცესი მიმდინარეა”, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

განათლების ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ყველა მათგანი სტატუსს არ აღიდგენს. მეტიც, მუხრან გულიაშვილის ვარაუდით, რაოდენობა შესაძლოა, ნახევრამდეც არ შეისვოს.

"ის, ვისაც თანხას გადაუხდიან, გასაგებია, რომ სტუდენტის სტატუსი აღუდგება, მაგრამ სწავლის საფასური შემდეგომ ხომ ისევ გადასახდელი ექნება? ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის პრობლემა. ამ 30 ათას სტუდენტს შორის, ალბათ, უამრავია ისეთი, ვისაც უკვე წლებია შეწყვეტილი აქვს სტატუსი. ბევრს სხვა გზა აქვს გამოძებნილი და იმის მაგივრად, რომ დრო ისევ უნივერსიტეტში დახარჯოს, სამსახურიც ექნება ნაპოვნი.

ნამდვლად არ ველოდები იმას, რომ ყველა მათგანი სტატუსს აღიდგენს, მეტიც, რაოდენობა ალბათ დიდად არც გაიზრდება. საკმაო დრო გავიდა და ვისაც სტუდენტის სტატუსის აღდგენა სურდა, აქამდე მოახერდებდა კიდეც, ამიტომ, ჩემი ვარაუდით, ნახევარიც არ აღიდგენს სტატუსს, რადგან არ მგონია, რომ ეს ერთჯერადი ფინანსური საკითხი იყოს, მათ სხვა უფრო დიდი პრობლემა აქვთ”, - განუცხადა "რეზონანსს” მუხრან გულიაშვილმა და დასძინა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის პრობლემაა და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ბევრი სტუდენტი სწავლის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავს.

"საქართველოში უმაღლესი განათლების გადასახადი ძვირი არ არის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება იგივეა, რაც პროფესიული. უნივერსიტეტის იდეა არის ის, რომ კვლევა აკეთებინოს სტუდენტს, მაგრამ ჩვენთან ძირითადად ხდება სწავლება, რაც დაახლოებით იგივეა, როგორც პროფესიულ სასწავლებლეში. დავალიანების ჩამოწერის მიუხედავად, უმეტესობამ ალბათ, ვერ დაინახა პერსპექტივა, რომ მიიღოს განათლება და შემდეგ კარიერულად წინ წავიდეს”, - განუცხადა მუხრან გულიაშვილმა "რეზონანსს”.

დაახლოებით იგივე მოსაზრება აქვთ სოციოლოგებს. მათი მოლოდინითაც, 50%-იც კი არ ისარგებლებს მთავრობის შეთავაზებით. ეკონომიკური და სოციალური საკითხების ექსპერტის პაატა აროშიძის აზრით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერა მომხიბვლელი არ არის, რადგან უმეტესობას სწავლის გაგრძელება აღარ სურს.

"ვიცით, რომ ვისაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფინანსური დავალიანების გამო არ ჰქონდა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, ახლა ამის საშუალება აქვს. მე, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, გარკვეულწილად, ვიცნობ ამ პროცესს და როდესაც უნივერსიტეტების ადმინისტრაციდან ასეთ სტუდენტებს უკავშირდებიან, მათგან უარს იღებენ სწავლის გაგრძელებაზე. მაგალითად, ბათუმის უნივერსიტეტში, ამ დროისათვის, 200-მდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შეთავაზებით.

სტატუსის შეჩერებიდან სიტყვაზე თუ 5 წელია გასული, სტუდენტი აღარც ფიქრობს აღდგენაზე. უმეტესობა უცხოეთშია წასული. ზოგიერთ მათგანს მუშაობა აქვს უკვე დაწყებული და არ სურს ადგილის დაკარგვა. სტუდენტების მზადყოფნა აღმოჩნდა ძალიან დაბალი და დავალიანების ჩამოწერა მათთვის მომხიბვლელი არაა, რადგან უმეტესობას სწავლის გაგრძელება აღარც უნდა. 

30 ათასი სტუდენტიდან ამ შეთავაზებით 20 ათასმა რომ ისარგებლოს, უნივესრიტეტებს შესაძლოა, გარკველი პრობლემები შეექმნათ. ამიტომ მათთვის კარგია, რომ ყველა სტუდენტმა ერთბაშად არ ისარგებლა, რადგან ექნებათ საშუალება გადაანაწილონ ჯგუფები, ხარჯები და გარკვეული პროგნოზიც გააკეთონ.

მომდევნო სემესტრის განმავლობაში, შესაძლოა, რაოდენობა გაიზარდოს, თუმცა პროცესი ისე ნელა მიდის, ვფქირობ, ვინც უკვე ისარგებლა, იმის მეტი აღარც იქნება. გააჩნია იმასაც, რომელ სემესტრში შეუწყდა სტუდენტს სტატუსი. შეიძლება მეორე სემესტრში შეუწყდათ და ამ დროშივე უნდა მოხდეს აღდგენა. მე პირადად არ ველოდები იმას, რომ თუნდაც 50%-მა ისარებლოს ამ შეთავაზებით, რადგან დღევანდელი ახალგაზრდობა არის პრაგმატული. თუ ადრე იყო დიპლომს გამოდევნებული ახალგაზრდობა, დღეს მათთვის მთავარია დასაქმება და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და ამას უმაღლესი საბაკალავრო განათლებით მიიღებს, თუ პროფესიულით, სულ ერთია”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა აროშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე