ირაკლი ღარიბაშვილი: "საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის"
ქეთო გოგოხია
(18.12.2023)

2023 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელია, როცა გარე შოკებისგან ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლდა და ეკონომიკა სტაბილურ განვითარებას აგრძელებს. ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის გამოსარჩევია ეკონომიკის ზრდა, ინფლაციის შემცირება და ქვეყნის სატრანზიტო როლი, რამაც ლოგისტიკაში, ენერგეტიკასა და კომუნიკაციებში მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაწყება უნდა განაპირობოს. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობის შედეგია ის, რომ ეკონომიკა ბოლო 11 წელიწადში სამჯერ გაიზარდა, რაზეც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, როგორი ეკონომიკა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს. მაშინ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, თითქმის 30%-ზე მეტი იყო სიღარიბე, უმუშევრობაც ამდენივე, ბიზნესს მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინი ჰქონდა. ქვეყანაში დამყარებული იყო ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო, რომელიც მოქალაქეებს ჩაგრავდა.

მაშინ, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იყო, წელს 80 მილიარდ ლარს მიაღწია, 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი. ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი, აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი. ბოლო 11 წელიწადში 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტი“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის. კიდევ ერთი აღიარება, რასაც მიაღწია ქვეყანამ და საქართველოს პროგრესზე მეტყველებს, ბოლოდროინდელი კვლევა და გამოქვეყნებული ანგარიშია, რომელიც შეეხება  „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსს“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქ კვლავაც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად, განახევრდა.  უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა. 2012 წელთან შედარებით, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.

2023 წელს წარმატებულ წლად მიიჩნევენ ეკონომისტებიც, რომელთა შფასებითაც ეს იყო ყველაზე წარმატებული წელიწადი ,,ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ეკონომიკამ ძალიან სწრაფად გაიარა ნეგატიური დერეფანი, რაც პანდემიური შოკიდან მიიღო.

,,მიმდინარე წელმა მთლიანად გადაფარა რეცესიის ეფექტი, რომელიც ქვეყანამ 2020 წელს განიცადა. რეცესიული შოკიდან საქართველო საკმაოდ კარგად გამოვიდა. ეკონომიკამ სწრაფი ვარდნიდან სწრაფი აღდგენა განიცადა. პარამეტრები რომ ავიღოთ და 2019 წელს შევადაროთ, დიდი გაუმჯობესებაა ყველა კუთხით. მაგალითად, საგარეო ვალი  61%-მდე იყო ასული და ეს მაჩვენებელი წელიწადნახევარში უკან დავწიეთ და 38,5%-მდე დავიყვანეთ. ეს აჩვენებს, რომ ეკონომიკამ ძალიან სწრაფად გადალახა ნეგატიური ფონი, რაც პანდემიური შოკიდან მიიღო.

გარდა ამისა, ბიუჯეტის დეფიციტი ძალიან მაღალი იყო, 9%-მდე და ნორმას დაუბრუნდა, დაახლოებით 3%-ის ფარგლებში, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია. ზრდა აჩვენებს, რომ ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცდა, სარეკორდოა, 25 მილიარდის დონეზე (ნაერთი ბიუჯეტი 28 მლრდ-ზე მეტი), რის შესაძლებლობაც სწორედ ეკონომიკურმა ზრდამ შექმნა. ამან ბევრი პროგრამის განხორციელების საშუალება მოგვცა, იგულისხმება სოციალური პროგრამები, რომელიც მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

მისი შეფასებით, პანდემიურ პერიოდში დაზარალებულმა ბიზნესმა მალე შეძლო პოზიციების აღდგენა და ეს განსაკუთრებით ტურიზმმა აჩვენა, რომელიც 100%-ით აღდგენილია.

,,ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიამ მიაყენა ტურიზმს და მომსახურების სხვა დარგებს, აქაც პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. დღეს ტურისტული ნაკადები გააქტიურებულია, მომსახურების სექტორშიც ველოდებით მაღალ მაჩვენებელს, რაც ძალიან კარგი ფაქტორია და ეკონომიკური სტაბილურობის მაჩვენებელია. შესაბამისად, მომავალ წელს გვექნება  ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ევროკავშირსა და რეგიონშიც.

რაც მთავარია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რაც რეალური საფუძველია, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის წევრობის სტატუსიც მივიღოთ.  ამ პერიოდში შეგვეძლება ჩვენი ეკონომიკა გავაორმაგოთ, შუა დერეფნის გაზრდილი ფუნქცია ამაში ძალიან დაგვეხმარება. საშუალება გვექნება გაიზარდოს შემოსავლები - ხელფასები, პენსიები.

სწორედ ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე  დიდი ინვესტიციების შემოდინების პერიოდი. რაც მეტი ინვესტიცია შემოვა, მით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სამომავლოდ დიდი შანსი გვექნება იმისთვისაც, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ ენერგეტიკულ სექტორში და ენერგომატარებლების ექსპორტიორი გახდეს საქართველო", - დასძინა გიორგი ცუცქირიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ის, რომ საქართველომ 100%-ით შეძლო ეკონომიკური რეცესიისთვის თავის დაღწევა, წლის დიდ წარმატებად მიიჩნევენ სპეციალისტები, რომელთა შეფასებითაც, საქართველოს ეკონომიკამ შეძლო ყველა სეგმენტში ღირსეულად წარმოჩენილიყო და გლობალური გამოწვევებისთვის მაქსიმალურად გაერთმია თავი, რაც ეკონომიკური ზრდის საწინდარი გახდა.

ეკონომისტ გივი მომცელიძის შეფასებით, ყველაფერი მყარი საფუძველია, რომ რეალური კეთილდღეობა იქნას მიღწეული ქვეყანაში, რისთვისაც სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა.

,,2023 ნამდვილად ,,ქართული ოცნების" საუკეთესო წელი იყო ეკონომიკურად, თუ მისი საქმიაონობის სხვა წლებს შევადარებთ. ეკონომიკური ზრდა სტაბილურია, ინფლაციაც დაბალია და სიღარიბეც მეტ-ნაკლებად დაძლეული. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდიალურიდაა, სიღარიბე დამარცხდა საბოლოოდ, მაგრამ სხვა წლებთან შედარებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ზრდაა ჩვენთვის. ინფლაცია გადამწყვეტია, რომ მოქალაქეების კეთილდღეობა ცოტათი გაუმჯობესდეს, არ იგრძნობოდეს ფასების ზრდა, ამ მხრივ გარკვეული მიღწევა გვაქვს. თუკი ადრე ყველაზე ხშირად სიძვირის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, წელს ვითარეაბ შეცვლილია.

გარდა ამისა, ქვეყნის სატრანზიტო როლი გაიზარდა, სამშენებლო სექტორში გარკვეული აქტივობებია, ტურიზმმაც აღიდგინა პოზიციები, ეს ყველაფერი ეკონომიკაზე დადებითად აისახა. უკრაინაში ომი რომც დასრულდეს, ჩვენ დერეფნის გაფართოებულ ფუნქციას შვინარჩუნებთ. მით უმეტეს, წელს ევროკავშირის კანდიდატობის წევრი გავხდით და ეს მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეკონომიკა უფრო განვავითაროთ და ინვესტიციები მოვიზიდოთ.

ბევრი შესაძლებლობაა, უფრო მეტად განვითარდეს ქვეყანა. მართალია, ვერ გავხდით მდიდარი ქვეყანა, რამდენიმე წელიწადში ეს არ ხდება, მაგრამ დაბალი ინფლაცია და სტაბილური ეკონომიკური ზრდა ძალიან დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაშიც.

გამოწვევად რჩება მაღალი მიგრაცია. ვისურვებ, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეძლოს ქვეყანამ სამუშაო ადგილების შექმნით და ეკონომიკური მიღწევებით, რაც ხალხის კეთილდღეობის წინაპირობას შექმნის", - განაცხადა გივი მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ამდენად, ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას საშუალება მისცა აენაზღაურებინა  პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო. შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონით, მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, წლიდან წლამდე მცირდება ევროკავშირის საშუალო დონესთან ჩამორჩენა. ესეც ძალიან საინტერესო მაჩვენებელია.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გაისად უკვე ჩვენი შემოსავლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%-ს მიაღწევს, ხოლო 2027 წლისათვის, 45%-მდე გაიზრდება.

,,საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით  პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის; ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით – საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის; მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით – საქართველო მე-10 ადგილზეა და უსწრებს 26 ქვეყანას; ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით – ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 17 ქვეყანას“, - აღნიშნა წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე