"ამ სტატუსით დაფინასება არასამთვრობოებს ნამდვილად უორმაგდებათ, მაგრამ სხვა ისეთი ხელშესახები ფინანსური პრივილეგიები არ ჩანს“
გვანცა წულაია
(18.12.2023)

ევროინტეგრაციის გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგმულია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უკვე მიანიჭა. გარდა პოლიტიკურად მნიშველოვანი ნაბიჯისა, საინტერესოა, რა პრივილეგიებით ისარგებლებს ქვეყანა და საერთოდ, რას ნიშნავს კანდიდატობა და მოსახლეობამდე რამდენად მივა ფინანსური შესაძლებლობები? სტატუსი საქართველოს გზას უხსნის იმ ფინანსურ ინსტრუმენტზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს, თუმცა აქედან საქართველოსთვის განკუთვნილი წილი უმნიშვნელო იქნება. და ზოგადადაც, კანდიდატის სტატუსი რაიმე განსაკუთრებულ ფინანსურ ბენეფიტს არ ითვალისწინებს.

სწორედ ამ 14 მილიარდ ევროზე ისაუბრა პოლიტილოგმა ირაკლი გოგავამ და განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში თანხა მხოლოდ 120-150 მილიონი იქნება.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იძლევა მხოლოდ ერთ სერიოზულ განსხვავებას და ეს არის ის 14 მილიარდიანი დახმარების პაკეტი, რომელიც გამოყოფილია 2021-დან 2027 წლის ჩათვლით 9 ქვეყანაზე. ამ თანხის გარკვეული ნაწილი უკვე დახარჯულია, რადგან პროგრამა 2021 წელს დაიწყო. საშუალოდ რომ დავთვალოთ, საქართველოს ალბათ მოუწევს 120-150 მილიონი დამატებით, მაგრამ როდესაც ჩავიხედე, თუ რაზე უნდა განაწილდეს თანხა, ეს, ძირითადად, მიიმართება ენჯეოების, ჟურნალისტების, უმცირესეობების დაფინანსებაზე, ანუ იმისლენ, რასაც ნეოლიბერალური დღის წესრიგის დაფინანსება ჰქვია. იმიტომაა, რომ ენჯეოები ასე იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ. მათ ამ კანდიდატის სტატუსით დაფინასება უორმაგდებათ და სხვა ისეთი ხელშესახები ფინანსური პრივილეგიები არ ჩანს“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

დღეისათვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს გარდა 8 სახელმწიფოს აქვს მინიჭებული, რომლეთა შორის არის თურქეთიც. მეზობელმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო. მას შემდეგ, 2005 წელს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მაკედონიას, 2010 წელს ჩერნიგორიას, 2012 წელს სერბეთსა და ალბანეთს, ხოლო 2022 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინას, უკრაინას და მოლდოვას.

თუკი კანდიდატი ქვეყნების მშპ-ს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სამეულში თურქეთი, უკრაინა და სერბეთი ლიდერობენ, თუმცა საქართველოს ეკონომიკა კანდიდატის სტატუსის მქონე 5 სახელმწიფოს უსწრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ამ კუთხით, არც ისე ცუდი მოცემულობა აქვს ქვეყანას, მაგრამ საინტერესოა, რა იქნება ამის შემდეგ.

როგორც ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა, „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოლოდინი გადაჭარბებულია, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ აქედან მოსახლეობა რაიმეს მიიღებს“.

„სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განცხადების გაკეთება შეგვიძლია ევროკავშირის წევრობისთვის. უკრაინა და მოლდოვა რომ შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ, ისინი უფრო მეტ ფინანსურ დახმარებებს მიიღებენ. ჩვენზეც იქნება ფინანსური რესურსი გამოყოფილი, ზუსტად ვერ ვიტყვით რა გრანტები წამოვა, მაგრამ უმეტესად შეეხება რეფორმალურ ცვლილებებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება მოხდეს ევროკავშირთან. მაგალითად, ტენდერის ჩატარების წესებში ცვლილება, სურსათის უნვებლობის მიმართულებით არსებული კანონმდებლობის დახვეწა და ა.შ. შესაბამისად, ამ ცვლილებებმა, პირიქით, რაღაც პროდუქტები (მომსახურება) შეიძლება გააძვიროს კიდეც. უმეტესად ასეთი ცვლილებები იქნება და თუ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტი დაგვიწესეს, ახლა მათი რაოდენობა ბევრად გაიზრდება.

ერთია, რამდენად მიიღებ კანონმდებლობას და მეორეა, რამდენად ამუშავდება პრაქტიკაში. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ევროკავშირის მოთხოვნით ადგილობრივ კანონმდებლობაში რაღაც ცვლილებები მივიღეთ, რაც პრაქტიკაში არ მუშაობს.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოლოდინი, რასაც ოპოზიცია ამბობდა, რომ თუ არ მოგვცემენ დავიღუპებით, გადაჭარბებულია და როგორც ხელისუფლება აფასებდა, როცა არ გვაძლევდნენ სტატუსს, რომ არაფერში გვჭირდებოდა, ესეც გადაჭარბებულია. ახლა, როგორც მისი აღნიშნვა მოხდა, ჩემი აზრით, ესეც გადაჭარბებულია. სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც თავის დროზე კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ჩვენსავით დიდი კონცერტები არ ჩაუტარებით“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ მერაბ ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ სამომავლოდ კორუფციაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მედიის ხელშეუხებლობაზე და სხვა მიმართულებებზე იქნება საუბარი, რომელსაც თუკი მიიღებს ხელისუფლება, მაშინ, შეიძლება პროცესები უფრო სწრაფად განვითარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის წვერობა წლობით შეიძლება გაიწელოს.

საქართველოს ახლა ევროკავშირის თარგზე მორგება მოუწევს. ქვეყანაში ისეთი ცვლილებები უნდა გატარდეს, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უფრო მეტად დააჩქარებს. ფინანსურ შესაძლებლობებზე წვდომა სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. როგორც ეკონომისტ პაატა შეშელიძეს მიაჩნია, ჯერჯერობით მოქალაქეებამდე თანხა ისე არ მივა, როგორც საჭირო იქნება.

„ახლა მთავრობას მოუწევს გარკვეული საკითხები ევროკავშირისას მიუსადაგოს. შესაძლოა, სასამართლო რეფორმის მიმართულებით მოხდეს რაიმე ცვლილება. ასევე, რაღაც მოხდეს ბიზნესის ზეწოლიდან გათავისუფლების კუთხით, თუმცა ამის გარანტია არ გვაქვს. ამას მხოლოდ სტატუსი არ უშველის, პოლიტიკური ძალისხმევა სჭირდება. ალბათ, არჩევნები დაეხმარება ამ მიმართულებას.

თუ ახლა ვინმე ელოდება, რომ გინდა თუ არა საქართველო მიიღებს ევროკავშირის დახმარებებს და ფინანსურ მხარდაჭერას, მგონი, ეს ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი უნდა იყოს. არა იმიტომ, რომ არ მოგცემენ, არამედ იმიტომ, რომ არც უნდა გვინდოდეს, რადგან ყველა ეს თანხა პოლიტიკურ ხელმძღვანელობის ხელში ჩავარდება, რაც ცვლილებებს კი არ წაახალისებს, არამედ სისტემის შენარჩუნებას და გაძლიერებას მოემსახურება. მოქალაქეებამდე თანხა ისე არ მივა, როგორც საჭიროა. 

ბევრად გონივრული იქნება, თუ სტატუსი გამოყებული იქნება ქართველი მეწარმეების მიმართ, იმისათვის, რომ პოლიტიკისაგან და ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ინვესტიციები მოიზიდონ, ისეთი, რომელსაც არ სჭირდება მთავრობასთან შეთანხმება. იგივე ეხება საბანკო სისტემას, რომელიც ფაქტობრივად, მთავრობაზეა მიბმული“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ პაატა შეშელიძემ.

სხვათა შორის, სტატუსიდან გამომდინარე ფინანსური სარგებლის თაობაზე მცირე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც ირიბად მიანიშნა, რომ ამ თემის ირგვლივ ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი.

„რაც შეეხება იმ ტყუილებს, რომელსაც ავრცელებდა ოპოზიცია, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური სარგებელი და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ტყუილი. კანდიდატის სტატუსი, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და გარშემო სახელმწიფოების მიმართ. ეს არის ის რეალური შეფასება, რაც არის სინამდვილესთან თანხვედრაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე