ზურაბ ვახანია: "ბევრი საჭირო პროფესიის სპეციალისტები გვაკლია ქვეყანაში და ამ დროს უამრავი ამთავრებს, მაგალითად, იურიდიულს"
გვანცა წულაია
(14.12.2023)

საქართველოში უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 48% მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეორე უმაღლესდამთავრებული, უბრალოდ, დაუსაქმებელია. ეს ხდება მაშინ, როდესაც პროფესიულ კოლეჯს ბევრად ნაკლები სტუდენტი ჰყავს, არადა ქვეყანაში მოთხოვნა სწორედ ისეთ პროფესიებზე, რომლებიც უმეტესად კოლეჯებში ისწავლება. განათლების სფეროს ექსპერტებიც ამბობენ, რომ დასაქმება იმ ახალგაზრდისთვის ბევრად უფრო მარტივია, ვინც პროფესიული განხრით შეისწავლის საქმიანობას. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმაღლესი განათლების მქონეთა ჯგუფში დასაქმების დონე გამოიკვლია, რა დროსაც დაადგინა, რომ 20-34 წლის მოქალაქეთა ჯგუფში, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დასრულებული აქვთ (გამოკითხვამდე 3-წლიან პერიოდში) დასაქმების დონე მხოლოდ 48%-ს შეადგენს.

საქმიანობის დონე უფრო დაბალია ქალების შემთხვევაში და ის 44.7%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისთვის ის 52.4%-ია.

"ახალ კურსდამთავრებულთა დასაქმების დონე გაიანგარიშება 20-34 წლის პირებზე, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: 1. არიან დასაქმებულები; 2. განათლების უმაღლესი მიღწეული დონე შეესაბამება განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციის 3-8 დონეს (ზოგადი საშუალო განათლება და მეტი); 3. არ სწავლობდნენ და არ გადიოდნენ ტრენინგებს გასული ოთხი კვირის განმავლობაში; 4. განათლების უმაღლესი მიღწეული დონე დამთავრებული აქვთ გამოკითხვამდე 3 წლის განმავლობაში”, - ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში, უმაღლესი განათლების ახალ კურსდამთავრებულთა შორის დასაქმების დონე მუდმივად მცირდება: 2020 წელს - 49.2%; 2021 წელს - 49.1%; 2022 წელს - 48.2%.

განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია. სწორედ ეს გარემოებები ჩამოთვალა აკადემიკოსმა ზურაბ ვახანიამ და თან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამდენ აკრედიტაციას არ უნდა აძლევდეს ფაკულტეტებს, მით უმეტეს არასაჭირო სპეციალობებს.

"ასეთი სტატისტიკური მონაცემები, პირველ რიგში, მეტყველებს იმაზე, რომ არაპროპორციულად ბევრი სტუდენტი ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს. იმასთან შედარებით, რაც არის ჩვენი მოსახლეობა და სამუშაო ადგილები, საერთო რაოდენობა არის გაცილებით მეტი. ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცუდი განაწილებაა პროფესიების მიხედვით. ძალიან ბევრი საჭირო პროფესიის სპეციალისტები გვაკლია ქვეყანაში და ამ დროს უამრავი ამთავრებს, მაგალითად, იურიდიულს. ამდენი იურისტი არავის სჭირდება და არც არასოდეს დასჭირდება. საქართველოს კი არა მთელ ევროპას ეყოფოდა ამდენი იურისტი.

კიდევ ერთი საკითხი არის ხარისხი. ადამიანი დიპლომიანი რომ არის, ეს არაფერს ნიშნავს, იმდენად უცოდინრები ამთავრებენ უნივერსიტეტებს. ვინც კი ფულს გადაიხდის ყველა მიიღებს არა მხოლოდ ბაკალავრის, არამედ მაგისტრისა და აკადემიური დოქტორის დიპლომსაც. კომერციალიზებულია, საბანკო ეკონომიკის პრინციპით მოქმედებს და შესაბამისი შედეგიც გვაქვს სახეზე. სახელმწიფო ამდენ აკრედიტაციას არ უნდა აძლევდეს, მით უმეტეს არასაჭირო სპეციალობებს”, - განუცხადა "რეზონანსს” ზურაბ ვახანიამ და დასძინა, რომ სამუშაო ადგილის მოძიება პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულისთვის უფრო მარტივია.

"დღევანდელ სიტუაციაში სამსახურის პოვნა მათთვის უფრო მარტივია, ვინც პროფესიული კოლეჯი დაამთავრა. პროფესიული კოლეჯები უფრო არიან რეალობას მორგებულები, თუმცა აქაც სპეციალისტი უნდა იყოს ადამიანი და მარტო დიპლომის ქონა არაფერს ნიშნავს”, - აღნიშნა განათლების ექსპერტმა.

2022 წელს უმაღლესი სასწავლებელი 25,8 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 2,4-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხვს. წელს კი, ეროვნული გამოცდების შედეგად, სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა.

გასული წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 94 ერთეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა, აქედან 52 არის კერძო, 42 კი - საჯარო. 94 დაწესებულებიდან, 67 არის პროფესიული კოლეჯი, 19 - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 8 კი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

უფრო კონკრეტულად, 2022 წელს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 14 103 სტუდენტი, 2021 წელს კი 11 204. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, შარშან პროფსასწავლებლები 7 605-მა სტუდენტმა დაამთავრა, 2021 წელს კი 6 775-მა.

ასეთი არათანაბარი გადანაწილებაა უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის. პროფესორი პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ ამიტომაც კოლეჯდამთავრებულებლში სფეციალობით დასაქმება უფრო მაღალია, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონეთათვის.

"ადამიანი როდესაც ირჩევს პროფესიას, მას არასწორად აქვს პრიორიტეტები დალაგებული, ანუ არასწორად ირჩევს მიმართულებას, რადგან ხშირ შემთხვევაში პროფესიის არჩევა არ არის დაკავშირებული იმ ინტერესებთან, რაც ახალგზარდას აქვს. ამიტომ, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ისინი არ მიიწევენ იმისაკენ, რომ თავისი სპეციალობით დასაქმდნენ.

მეორეც, ახალგაზრდა, ხშირ შემთხვევაში, სტუდენტობის პერიოდშივე იწყებს მუშაობას და მიჩვევა იმდენად დიდია, რომ მას ვერ წარმოუდგენია სამუშაო ადგილის შეცვლა.

მესამეც, სწავლის დასრულების შემდეგ საქმდებიან საკუთარი პროფესიის მიღმა, შემდეგ სხვა უკეთესი გამოუჩნდებათ ან უცხოეთში მიდიან. ასე რომ, უმაღლესდამთავრებულთა რიგებში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი. საყურადღებოა ანაზღაურების საკითხიც, ბევრი ახალგაზრდისთვის არ არის მისაღები ის ხელფასი, რომელსაც დამსაქმებელი სთავაზობს.

დღევანდელ სიტუაციაში სამუშაო ადგილის მოძებნა ალბათ მაინც უფრო პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულისთვის მარტივია, რადგან სახელობო სპეციალობები მეტად მოთხოვნადია. თუ გადავხედავთ განცხადებებს, ვნახავთ, რომ პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდების საჭიროებაა. პლუს ამას, კოლეჯდამთავრებულები საკუთარი პროფესიით სწავლის პროცესშივე საქმდებიან და შემდეგში აღარ იცვლიან სპეციალობას, ეს მაშინ, როდესაც უმაღლესდამთავრებულმა ბაკალავრიატის პერიოდშივე დასაქმების ადგილი შესაძლოა, მრავალჯერ გამოიცვალოს. ამიტომაც კოლეჯდამთავრებულებში სფეციალობით დასაქმება უფრო მაღალია, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონეთათვის.

ქვეყანაში თანდათანობით ამაღლებულია პროფესიული სასწავლებლების სანდოობის მაჩვენებელი. თუ ადრე კოლეჯი ითვლებოდა ე.წ. დაბალი მოსწრების მოსწავლეთა სასწავლო ადგილად, დღეს ასე არ არის. ბევრი უმაღლეს დამთავრებული მიდის კოლეჯში და ეუფლება კონკრეტულ პროფესიას”, - განუცხადა პაატა აროშიძემ "რეზონანსს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე