"სადაც ხელსაყრელია ჩვენ ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს“
თიკა სიბოშვილი
(12.12.2023)

შარშანდელი რეკორდული წლის შემდეგ, ინვესტიციების მაჩვენებელი წელსაც მზარდია. საქართველოსადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთების მსურველთა რაოდენობა კი, მატულობს. არსებული სიტუაციის გარდა, მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსი, რომელსაც საქართველო ელოდება, რაც ინვესტორებისთვის მთავარი სიგნალი იქნება. ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება და წესით უცხოური კაპიტალიც მეტად გააქტიურებს.

ევროკავშირთან დაახლოება არა მხოლოდ საზოგადოების ინტერესია, არამედ ეს პოზიტიური პროცესები ბიზნესისთვისაც კარგია. ინვესტორთათვის მთავარი სიგნალი კანდიდატის სტატუსი იქნება. იგი გაზრდის ნდობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციების რაოდენობაზე.

„დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მიღება ბევრი უცხოელი ინვესტორისათვის, შესაძლოა, სწორედ ის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, რაც მას საქართველოში ინვესტირების სურვილს გაუჩენს.

„ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი ნებისმიერი ინვესტორისთვის, რაც არ უნდა გვიხაროდეს სტატისტიკა და დადებითი რიცხვები, ყველაზე მთავარი სიგნალი ინვესტორებისთვის კანდიდატის სტატუსი იქნება. ევროკავშირთან დაახლოება ძალიან ბევრ საკითხში გარკვეულობას ნიშნავს, როდესაც მისი წევრი გავხდებით, უკვე წარმოუდგენელია ის კითხვები, რაც ახლა გვაქვს სასამართლოსთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სხვა.

ევროკავშირი ეს არის სამართლიანობაზე დაფუძნებული კავშირი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, ასევე სოციალურ სამართლიანობაზე და ა.შ. ასე რომ, ის ერთადერთი ადგილია, სადაც საქართველომ შეიძლება თავი დაიმკვიდროს, როგორც კულტურული, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

კანდიდატის სტატუსი ბევრ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. გააძლიერებს კავშირებს და ბიზნესს. ეს ყველაფერი არ შეეხება ერთეულებს და პოზიტიურ შედეგს ყველა დაინახავს. ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, რაც სტატუსის მიღების შემთხვევაში ნამდვილად გაიზრდება. ამას ადასტურებენ ეკონომისტებიც. როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ აღნიშნა, არსებული პოზიტიური პროცესები გზრდის ნდობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„კანდიდატის სტატუსის მიღება გააძლიერებს აქტიურობას იმ ფონდებისა, რომელთა გავლენა დიდია ევროპაში. სტატუსის მიღება მათთვის იმის აღიარებას ნიშნავს, რომ საქართველოსთან შეიძლება სერიოზული მუშაობა. თავისით არაფერი მოხდება, მნიშვნელოვანია, რომ გაქტიურდეს ამ ფონდებთან მუშაობა, სადაც შესაძლობლები და არეალი იქნება ძალიან დიდი. ზუსტად ამიტომ, უნდა ველოდოთ ინვესტიციებისა და ინვესტორების გააქტიურებასაც სტატუსის მიღების შემდეგ.

რაღაც დათმობებზე მოგვიწევს წასვლა, მაგრამ მოლოდინი ყველა შემთხვევაში პოზიტიურია, თუმცა ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობებიც. იმავდროულად არის იქ  გარკვეული მოთხოვნები, პრინციპების დანრეგვა, გამჭირვალობის, ღიაობის, ეფექტიანობის თვალსაზრისით და ა.შ.“, - აღნიშნა სილაგაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ინვესტიციების წილი უკვე გაზრდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას რომ დავაკვირდეთ, არსებული სტატისტიკის მიხედვით უკვე წინ წამოიწია ევროპული ქვეყნების კაპიტალმა, რაც საქართველოსთვის გარკვეული გამოძახილია. სადაც ხელსაყრელია ჩვენ ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს“, - აღნიშნა სილაგაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი (მშპ) კარგად ვითარდება. ბიზნესის დიდი ინტერესია, რომ მოხდეს საქართველოს ევროპულ კავშირთან დაახლოება და განვითარება. „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის აზრით, პოტენციური ინვესტორებისთვის, მიმდინარე პროცესების წარმატებით განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათთვის სანდოობის გარანტი იქნება.

„არსებული სიტუაცია ნიშნავს შემდეგ ეტაპზე გადასვლას ინტეგრაციის გზაზე, რაც უფრო მეტ გარანტიას გვაძლევს. ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრები გავხდებით ძალიან კარგია, რაც პოტენიური ინვესტორებისთვის ნიშნავს უფრო მეტ გარანტიას იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დააბანდონ კაპიტალი. ეს პროცესები ნამდვილად ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, რაც ცალსახად პოზიტიური სიგნალი იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის. აქედან გამომდინარე არსებულ პროცესებზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, 15 დეკემბერს უკვე ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მოლოდინი ცალსახად დადებითია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე