რას მოიტანს ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება და მოხერხდება თუ არა მისი ამოქმედება ზაფხულში მაინც
გვანცა წულაია
(30.03.2023)

საქართველოში კომუნალური გადასახადები აღარ გაიზრდება, თუმცა არც გაიაფებაა მოსალოდნელი, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფები ბევრად მაღალ კურსზეა დათვლილი. ქვეყანაში მალე ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი გაიხსნება და როგორც სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, ცვლილების პირობებში გადასახადების მატებას არ ელოდებიან.

ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი, რომლის გახსნას რამდენჯერმე გადაიდო, ზაფხულისთვის ამოქმედება. ესაა პერიოდი, რომელსაც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამჯერად ასახელებს. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების კვალდაკვალ კომუნალური ტარიფები არ შეიცვლება.

"ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გასახსნელად ზაფხულისთვის იქნება მზად. როცა იყო შესაბამის საკითხზე მსჯელობა ხაზი გაესვა იმას, რომ ამ გადმოსახედიდან, ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის არის კარგი დრო. სწორედ ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექების პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, საიდანაც მარეგულირებელმა სადგურებმა, განსაკუთრებით "ენგურჰესისა” და "ვარდნილჰესების” კასკადებმა უნდა შეძლონ მეტი ენერგიის გამომუშავება და ბაზრის გახსნისთვის სწორედ იაფიანი ენერგიის წყაროების მიწოდება და უხვი ენერგიის წყაროების მიწოდება. დაახლოებით, 70-80%-ით მაინც უნდა იყოს დატვირთული მათი სიმძლავრეები, რომ ახალი ბაზრის გახსნის პირობებში ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური და სწორი იყო.

მარეგულირებელმა კომისიამ ის დროებითი ტარიფები, რომელიც არსებობდა ბაზრის გახსნამდე, გავაგრძელეთ და რჩება უცვლელი. ეს ტარიფები იმოქმედებს ბაზრის გახსნამდე, თუმცა როცა ბაზრის გახსნის დროსაც, ამ მოცემულობით, ამ გადმოსახედიდან, ტარიფების ზრდა არ იქნება. გაძვირების საფრთხე ბაზრის გახსნის პირობებშიც არ იარსებებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ ცვლილება არც ბუნებრივ აირზეა მოსალოდნელი.

„ბუნებრივი აირის ტარიფები კომისიამ გასული წლის დეკემბერში დაადგინა, შემდგომი 5 წლის ვადით. თუ რაიმე პარამეტრი არსებითად არ გაუარესდა, გაზზე, ისევე როგორც ელექტროენერგიაზე გადასახადის მატება მოსალოდნელი არაა", - განაცხადა ნარმანიამ.

თუკი ეს საბოლოო გადადებაა, გამოდის, რომ ელექტროენერგიის ახალი ბაზრის ამოქმედებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ახლა ყველა დეტალის დაზუსტება მიმდინარეობს. ბაზრის გახსნა და მასთან დაკავშირებული პროცესები ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რაც გულისხმობს ევროპული ენერგეტიკული ბაზრის მოდელის ქართულ რეალობაში დამკვიდრებას, ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობას.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, რომ მოუმზადებლობის პირობებში გადავადება კარგია, რადგან ღონისძიების ჩავარდნა უკუშედეგს გამოიწვევს.

"ვფიქრობ, მოუმზადებელი და ბოლომდე გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმას, სჯობს, გადაიდოს, რადგან დღეს, სიტუაცია აშკარად იმგვარია, რომ ბაზრის გახსინათვის ჯერ მზად არ ვართ. ხელისშემშლელია ორი მიმართულება:

პირველი – ჩვენი ტექნიკური შიდა პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლიდან ტესტირების რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჯერჯერობით საწარმოები სრულყოფილად მაინც არ არიან მზად სიახლის მისაღებად.

მეორე – რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ელექტროენერგიის მომარაგების სტრუქტურა ძალიან შეიცვალა, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში. ვიცით, რუსეთს რამხელა წვლილი ჰქონდა ევროპაში ენერგიის მიწოდებაზე, ამიტომ ბევრი რამ სრულიად იცვლება. სამეზობლოში ძალიან სწრაფად მოიმატა ელექტროენერგიის ფასმა. რუსეთს ენერგომატარებლები ვეღარ გააქვს ევროპის ბაზარზე და მას გაუჩნდა გარკვეული რაოდენობის ზედმეტობა. რუსეთს თავისუფლად შეუძლია, რომ დემპინგურად ჩამოაგდოს ჩვენთან ელექტროენერგიის ღირებულება და ადგილობრივი გენერაცია ჩიხში შეიყვანოს.

ვფიქრობ, გახსნა გადაიდო, რადგან თუ ეს ღონისძება ჩავარდა და სრულად, ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, ძალიან ბევრ ინვესტორს შეაშინებს და უკან დაახევინებს. ამ ბაზრის შექმნის მთავარი არსი ხომ ისაა, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ გარე ინვესტორები.

მარტის თვე ცოტა პრობლემურია, რადგან ენგურზე წყალი არ არის, ჩამონადენზე მუშაობენ და ამიტომ ბალანსის შესავსებად აუცილებელია გარკვეული რეზერვების ქონა. ეს არ გვაქვს და შესაბამისად, ივლისამდე გადადება ძალიან სწორია”, - განუცხადა "რეზონანსს” გია არაბიძემ და დასძინა, რომ სემეკი ახალი მოდელის პირობებშიც შეეცდება მოსახლეობას ის ტარიფი დაუდგინოს, რაც დღევანდელ სიტუაციაში არის მისაღები.

"რაც შეეხება ტარიფების საკითხს, სემეკი ამ ბაზრის პირობებშიც აუცილებლად დაადგენს მოსახლეობისათვის გადასახადს. ეს იქნება ისეთი გადასახადი, რომ მოსახლეობამ შეძლოს მისი გადახდა. ჩვენ, ფაქტობრივად, სოციალური გაზის საშუალებით გვიჭირავს ეს ტარიფები. თუ სიმძლავრეები, რეზერვები გვქნება, მაშინ, უფრო თამამად იქნება შესაძლებელი მოსახლეობისთვის იმ ტარიფების დაწესება, რომელიც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე არის მისაღები”, - აღნიშნა არაბიძემ.

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრისთვის უახლესია და იმავდროულად, უმნიშვნელოვანესი საკითხი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენერგეტიკოსი ლანა შატაკიშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ სიახლის დანარგვა მალე მოხდება.

"ეს ევროკავშირის მოთხოვნაა და ჩვენი მოვალეობის შესრულებას რაც უფრო მალე შევძლებთ, მით უკეთესი იქნება. ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის სიახლე მნიშვნელოვანია და ინვესტორებისთვისაც დადებითი სიგნალი იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ლანა შატაკიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე