"მშპ-ს 15%-იანი ვარდნის პროგნოზირება ძალიან პესიმისტურია. გამჭვირვალობა თუ იქნება, მეტი სიცხადე გვექნება მონაცემებშიც"
ქეთო გოგოხია
(08.03.2023)

დასავლელი პარტნიორებისგან გრანტების შესაძლო შეჩერება ეკონომიკურ ზრდაზეც გარკვეულ უარყოფით გავლენა მოახდენს, მაგრამ მკვეთრ ვარდნას არ გამოიწვევს. აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტები ღიად საუბრობენ, თუმცა  გავლენის მასშტაბებზე მათი მოსაზრებები განსხვავებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდება, ქვეყნის ეკონომიკაც მეტ-ნაკლებად იზარალებს.

ექსპერტების ერთი ნაწილის თქმით, ყველა გრანტი და სესხი, რასაც სახელმწიფო იღებს, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა რომ გააჩერონ, პირველივე წელს, მშპ-ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება. ნაწილს კი მიაჩნია, რომ სინამდვილეში ამ თანხების წილი მშპ-ში 2 მილიარდს არ აღემატება, შესაბამისად, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრ ვარდნას ვერ გამოიწვევს.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, რთულია თქმა, კონკრეტულად რა გავლენა აქვს გრანტებს მშპ-ზე ან თუნდაც არასამთავრობო სექტორში ფულადი სახსრების მოძრაობას, რაც გაუმჭვირვალეა. სწორედ ამიტომ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ე.წ. აგენტებთან დაკავშირებული კანონის მიღება, რაც მეტ სიცხადეს შეიტანს ციფრებში და ეჭვებსა და კითხვის ნიშნებს მოხსნის.

,,ვფიქრობ, სწორედ ომის გამოა საჭირო გამჭვირვალობა, რომ საიდუმლო ინფორმაცია ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს. რაც შეეხება გავლენას მშპ-ზე, 15%-იანი ვარდნის პროგნოზირება ძალიან პესიმისტურია. გამჭვირვალობა თუ იქნება, მეტი სიცხადე გვექნება მონაცემებშიც.

ჩემი ზრით, უცხოური გრანტებისა და დახმარების მოცულობა ბიუჯეტში 2 მილიარდს შეიძლება ცოტათი აჭარბებდეს. ამაზე მეტი რეალურად წარმოუდგენელია. მაშინ გამოდის, რომ გრანტები ინვესტიციებს აღემატება და რეალურად არ გვაქვს ასე საქმე. არის გრანტები, რომელიც ბიუჯეტში შედის, მაგრამ კანონმდებლობა მას არ ეხება, ეს სფერო ისედაც ლეგალიზებულია. კანონპროექტი  ითვალისწინებს არამომგებიანი საწარმოებისთვის, იურიდიულ პირებზე გაცემულ სახსრების გამჭვირვალობას, ასეულ მილიონებზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს მაჩვენებელი მილიარდი ვერ იქნება", - აღნიშნა აკადემიკოსმა და დასძინა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიტუაცია გავლენას ახდენს მშპ-ზე და არ არ არის გასაკვირი, რომ დასავლელი პარტნიორებისგან ჩარიცხვებზე ნეგატიურად აისახოს. სილაგაძე იქვე დასძენს, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას არ ვარაუდობს.

,,ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაცია ეკონომიკურ ზრდაზე  ყოველთვის ახდენს  გავლენას. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, გამჭვირვალობის საწინააღმდეგო რატომ უნდა ვიყოთ, თუკი მეტი ინფორმაცია გვექნება, ამაში ცუდი რა არის? ფიზიკური პირი რომ ავიღოთ, თუ მისი შემოსავალი 40 000 ლარს აჭარბებს, დეკლარაციას ავსებს და მისი მონაცემები გამჭვირვალეა. სსიპ-ებსა და აიპებ-ში ასეულ მილიონებზეა საუბარი. ასეთი წინააღმდეგობა არ უნდა იყოს.

მთავარია, რომ ეს საქმიანობა არ შეიზღუდოს და უარი არ თქვან გრანტების გამცემებმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში შემოსვლაზე, თუკი ვინმე გვეხმარება, საამაყოც უნდა იყოს და ყველამ იცოდეს, რა დასამალია! მეტიც, შეიძლება წავახალისოთ მიზნობრივი გრანტები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც სოციალური კუთხით შემოდის საქართველოში. ქვეყანაც უფრო მადლიერი იქნება იმათ მიმართ, რომლებიც დახმარებებისა და გრანტების უკან დგანან" - განაცხადა ავთო სილაგაძემ ,,რეზონანსთან".

განსხვავებული მოსაზრებისაა ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, რომლის შეფასებითაც, კანონში სამომავლოდ რამდენიმე  შესწორება შევა, ბევრი რამ საბოლოოდ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაზეც იქნება დამოკიდებული. 

,,ყველანაირი გრანტი, რომელსაც  მთავრობა, ორგანიზიაცია თუ კერძო პირი იღებს, ასახვას პოულობს  მშპ-ში, მათ შორის გრანტ-სესხებიც. მოსაზრება, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან გრანტების შეჩერებამ მშპ-ს 15%-იან ვარდნას გამოიწვევს, მთლად გადაჭარბებული არ არის.

ვარაუდი  ყოველთვის შეიძლება გამოითქვას, თუმცა მალე იქნება ვენეციის  კომისიის სხდომა, ბევრი რამ შეიცვლება კანონში და ეს საკითხი დარეგულირდება. არ მივა საქმე იქამდე როგორც აპირებენ. ეკონომიკაში კარგი შედეგი გვაქვს, საკმაოდ სწორ გზაზე ვდგავართ. ეს არის, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა  თანაზომიერად არ აისახება საქართველოში მცხოვრები ოჯახების ბიუჯეტებზე და ამ მხრივ ვითარება გამოსასწორებელია.

ვერ გავიგე, მთავრობას რატომ დასჭირდა ამ საკითხის ასე მკვეთრად წინ წამოწევა. არც მეორე მხარის მესმის, რა აქვთ დასამალი, ბევრ კეთილ საქმეს აკეთებენ და იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი, ამაში არაფერია ცუდი", - აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი „ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“. იგი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე