საწვავის, წამლების და სურსათის ღირებულების შემცირება ინფლაციის ტემპს მაქსიმალურად შეამცირებს
ქეთო გოგოხია
(02.03.2023)

ქვეყანაში ფასების კლების ტენდენცია გრძელდება. მართალია, მკვეთრი სხვაობა არ შეინიშნება, მაგრამ ყველა პირობაა, რომ ქვეყანაში დეფლაციური პროცესი განვითარდეს. ყოველ შემთხვევაში, თებერვლის სტატისტიკით უკვე გამოჩნდა, რომ ინფლაციის წნეხი შემსუბუქდა და ეს მოცემულობა მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

ცნობილია, რომ 2023 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.3 პროცენტით შემცირდა. ის, რომ დეფლაციას ექნებოდა ადგილი, ,,თიბისი კაპიტალმა"  ჯერ კიდევ რამდენიმე თვის ივარაუდა. ორგანიზაციის ეკონომიკური მიმომხილველი ოთარ ნადარაია აცხადებდა, რომ დეფლაციურ პროცესები 2023 წლიდან დაიწყებოდა, რაც გამართლდა კიდეც.

,,ჩემი აზრით, უფრო შესაძლებელია, რომ 2023 წელს ჩვენ დეფლაციური სცენარი მივიღოთ, ანუ ფასები შემცირდეს. როგორ გადმოეცემა ეს საქართველოს, რა თქმა უნდა, ისევ ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული და, ამ მხრივ, იმედი გვაქვს, რომ გაუფასურებას არ მივიღებთ, პირიქით - შეიძლება მცირედი გამყარებაც ვნახოთ. იმედია, ეს სამწუხარო ტრაგედია, რაც უკრაინაში ხდება, რაღაც დონეზე მაინც მოგვარდება და ფასები მინიმუმ კიდევ უფრო მეტად არ გაიზრდება”, - განაცხადა ნადარაიამ.

ახლა რეალობა ქვეყანაში ასეთია: შარშანდელთან შედარებით მკვეთრად არის გაიაფებული საწვავი, ასევე საგრძნობლად გაიაფდა მედიკამენტები, რომელიც რეფერენტული ფასის დაწესების შედეგად კიდევ მეტად გაიაფდება. პრემიერის უშუალო მითითებით დაიწყო მუშაობა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასის შესამცირებლად. ეს ყველაფერი კი დეფლაციურ შედეგს მოიტანს, რადგან შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის პროდუქტები ძალიან ძვირი ღირდა.

მიუხედავად ამისა, ცოტა სხვაგვარად ფიქრობენ ეკონომისტები. ინფლაციის კლების არსებული ტემპი ეკონომისტების ნაწილს მაინც არ აძლევს საშუალებას, ივარაუდონ, რომ დეფლაციური პროცესები განვითარდება. როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე ვარაუდობს, რიგი მიმართულებით მიმდინარე ფასების კლების ტენდენცია არასაკმარისია იმისთვის, რომ დეფლაცია დაფიქსირდეს.

,,საწვავზე და წამლებზე ფასი მართლაც შემცირდა. მედიკამენტების შემთხვევაში ცვლილება თურქეთის ბაზრიდან იაფი წამლების იმპორტმა  გამოიწვია, შემდეგ უკვე  რეფერენტული ფასებიც ამოქმედდა.  მიუხედავად ამისა, წლიური ინფლაცია მაღალია. სურსათზე განსაკუთრებით გაზრდილია ფასი და ინფლაციურ წნეხს ეკონომიკა ასე მარტივად ვერ დააღწევს თავს. არ მგონია, რომ სასურსათო პროდუქტებზე ასე მკვეთრად წამოვიდეს ფასი დაბლა. შეიძლება, მცირე ხანს გასტანოს პროცესმა, არანაირი სათანადო კონტროლი არ იქნება", - განაცხადა გივი მომცელიძემ და დასძინა, რომ ინფლაცია განსაკუთრებით მძიმედ აწვება დაბალსემოსავლიან მოსახლეობას, რომელთა კეთილდღეობა ოდნავადაც არ არის გაუმჯობესებული.

ანალოგიური მოსაზრებისაა ეკონომისტი  მერაბ ჯანიაშვილი, რომლის შეფასებითაც, ინფლაციის კლების სუსტი ტემპი დეფლაციას ჯერ კიდევ გვაშორებს.

,,დეფლაციაა, როდესაც ფასების დონე იკლებს. ვფიქრობ, ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ინფლაცია თუ იყო 10% და 8%-მდე ჩამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ფასები ახლაც იზრდება, მაგრამ უფრო ნაკლები ტემპით! რეალურად ბევრი დასახელების პროდუქციაა, რომელიც ვერ გაიაფდა. ის, რომ რაღაცაზე ფასი იკლებს, საერთო დონე მაინც მაღალი რჩება.

არ უნდა გვქონდეს არასწორი მოლოდინი, რომ დეფლაციას ექნება ადგილი. მით უმეტეს, კომუნალური გადასახადები და რიგი პროდუქტების ფასები, მათ შორის მომსახურების სეგმენტი, ფასების თვალსაზრისით, კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ყოველ წელს პროგნოზირებს მსოფლიო ბანკი, რომ ინფლაცია იკლებს, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის პროცესშია.

ეროვნულ ბანკს უნდა მოვთხოვოთ პროგნოზების გაკეთება, ფაქტობრივად, ყოველის წლის დასაწყისში ამბობენ, რომ გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას ფასი, მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ ეს ვარაუდი გამართლდება. ამ მხრივ ვერც მთავრობის გადაწყვეტილება მოახდენს გავლენას", - უთხრა მერაბ ჯანიაშვილმა ,,რეზონანსს".

ექსპერტების ასეთი პოზიციის მიუხედავად, აშკარაა, რომ საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა. როგორც ,,საქსტატის" კვლევიდან ჩანს, 2022 წლის მაისის შემდგომ ინფლაციის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. წინა თვესთან შედარებით, ფასების დონის კლება მიანიშნებს, რომ ინფლაციური ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს 2023 წლის იანვარში თურქეთში ინფლაცია 57.7% იყო, ლატვიაში - 21.5%, მოლდოვაში - 27.3%, ესტონეთში - 18.6%, ლიეტუვაში - 20.0%, რუმინეთში - 15.1%, ყაზახეთში - 20.7%, აზერბაიჯანში - 12%" - ნათქვამია "საქსტატის" მონაცემებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე