"ყველა ცდილობს პაციენტის ხარჯზე, და თუ მას ფული არ აქვს, მაშინ სახელმწიფოს ხარჯზე, რაღაც სარგებელი მიიღოს"
გვანცა წულაია
(28.02.2023)

თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები სააფთიაქო ქსელებმა 2-3-ჯერ გააძვირეს. მიზეზად კი მეზობელ ქვეყანაში წალმებზე ღირებულების ზრდა დაასახელეს. თურქეთში მეტიკამენტები მართლაც გაძვირდა, თუმცა მხოლოდ 33%-ით, საქართველოში კი ზრდამ 100-დან 300%-მდე შეადგინა. სააფთიაქო ქსელებმა ღირებულება ერთბაშად დაახლოებით 2 კვირის წინ მოამატეს. ამის გამო კი, კარტელური გარიგების ეჭვი გაჩნდა.

მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს ვითარების შესწავლა დაავალა და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ფაქტი, რომ სწორედ ერთობლივ და თვითნებურ გადაწყვეტილებებს აქვს ადგილი, კანონდამრღვევ კომპანიებს საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაეკისრებათ. იქამდე კი სანამ მოკვლევა მიმდინარეობს, სააფთიაქო ქსელები თავს იმართლებენ. ზოგიერთი კომპანია ამბობს, რომ მათთან თურქული მედიკამენები არ გაძვირებულა.

"ჩვენთან თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები არ გაძვირებულა”, - განუცხადეს "რეზონანსს” "ავერსში”.

ზოგიც ფასის ზრდას ადასტურებს და აცხადებს, რომ ღირებულება თურქეთში არსებულმა სიძვირემ განაპირობა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ითქვას ის, რომ მეზობელ ქვეყანაში ფასის ზრდა 33.6%-ით მოხდა, საქართველოში კი 100, 200 და 300 პროცენტითაც კი. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი გარემოებაც, მაშინ, როდესაც მეზობელი ქვეყნის ბაზარი გაიხსნა, თურქული ლირა ქართულ ლართან მიმართებით 16 თეთრი ღირდა, დღეისთვის კი 13 თეთრი ღირს. ანუ ადგილობრივ ვალუტაში პროდუქცია უფრო გაგვიიაფდა.

ამ ყველფრიდან დასკვნა მხოლოდ ერთია: სააფთიაქო ქსელებმა ფასი თვითნებურად გაზარდეს და გადაბრალება მეზობელ ქვეყანაზე დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ ვითარებას მორგებოდნენ და ფასის ზრდა მათთანაც 33%-ით მომხდარიყო და თანაც არც ლარის კურსი გაითვალისწინეს.

იმისთვის, რომ უფრო ნათელი იყო კომპანიების მიერ გაზრდილი ფასები, მაგალითისთვის დაგისახელებთ ერთ-ერთ მედიკამენტს. თურქული "თემოდალი” 143 ლარის და 50 თეთრის ნაცვლად, დღეისთვის 280 ლარი ღირს. იგივე ვითარებაა სხვა წამლებთან დაკავშირებითაც, ფასები მკვეთრად გაზრდილია თითოეულ მათგანზე და თითქმის ყველა აფთიაქში.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, სადაც ნათქვამია, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირების უწყებათაშორის კომისიას უფლებამოსილება გაეზარდა. თულო დადასტურდა, რომ კონკრეტულ პრეპარატზე ღირებულებამ მოიმატა, კომისია მოკლე ვადებში წამლის ფასის ზედა ზღვარს დააწესებს და ფარმაცევტული კომპანიებიც ამ რეგულაციას დაექვემდებარებიან.

პარალელურად კონკურენციის სააგენტომ საკითხის შესწავლა დაიწყო. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ თურქეთში მედიკამენტების ღირებულება კი გაიზარდა, მაგრამ არა იმ პროცენტულობით, როგორც საქართველოში. სხვადასხვა მედიკამენტზე ფასის ზრდა განსხვავებული იყო, თუმცა მატება, საშუალოდ, 100-300%-ის ფარგლებშია.

"გასაგებია, რომ თურქეთში შეცვლილია პირობები, ოღონდ ეს არ შეცვლილა წინა კვირაში. ბოლო სამი თვეა თურქეთში გარკვეულ მედიკამენტების გაძვირება შეინიშნება. არის გარკვეული რეგულაციებიც, რაც საწყის ფასებზე გარკვეულ გავლენას ახდენს, თუმცა არა იმდენად მკვეთრად, როგორც წინა კვირას მოხდა.

მოვუწოდებთ კომპანიებს, რომ მომავალში მსგავსი ტიპის ფაქტები იქნება შესწავლილი და რა თქმა უნდა, სათანადო დასკვნის დადგენის შემთხვევაში, რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი პირობებით მოხდება. მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის ფაქტები აღარ გვქონდეს და ფასები იყოს კონკურენტული", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ სექტორის პოზიციას, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ წამლები თირქეთში 33,6%-ით გაძვირდა, რაც ფასზე აუცილებლად აისახებოდა.

მისი მეორე არგუმენტი კი ასეთია: თურქეთიდან მედიკამენტების ექსპორტი ოფიციალურად შეიზღუდა, რამაც აღნიშნული ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქცია გააძვირა. თანაც მარგველაშვილი ხაზს უსვამს, რომ იმ მედიკამენტების ღირებულება, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ მოქმედებს, არ არის რეგულირებადი.

„თურქეთიდან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასი რეგულირებადი არ არის. დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, თუ რამდენიმე კომპანია შეთანხმებულად, გარიგების ხასიათის ქმედებით აძვირებს წამალს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ისინი შეთანხმდნენ ფასის ერთდროულ მომატებაზე, რადგან ერთმანეთთან აქვთ აქტიური და ხანდახან აგრესიული კონკურენციაც კი”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მართალია, ასოციაციაში კარტელური გარიგება "ძნელად წარმოუდგენიათ” და ასეთ შესაძლო ფაქტსაც უარყოფენ, თუმცა დარგის სპეციალისტებს დიდი ეჭვი აქვთ, რომ სწორედ ასეთ ქმედებას აქვს ადგილი. საქართველოს პარლამეტის უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც კარტელურ გარიგებას არ გამორიცხავს.

"როდესაც სამინისტრო, პრემიერის დავალებით, ამ რეფორმას იწყებდა, ვთქვი, რომ წამალმა მოგება პოტენციურ პაციენტს უნდა მოუტანოს და არა აფთიაქს, დისტრიბუტორს და ა.შ. ეს ეწინააღმდეგება მორალის კანონს, მაგრამ დღეს ჩვენი და მსოფლიოს ჯანმრთელობის სისტემებს სამედიცინო მომსახურება ჰქვია და არა სამედიცინო დახმარება. ეს უკანასკნელი თავშივე გამორიცხავს ყველანაირ ამორლურ ქვედემას. სამედიცინო მომსახურება კი კარნახობს ასეთ რამეს, თუ ფული გაქვს, იყიდე წამალი, თუ არ გაქვს – მოკვდი.

როდესაც ხელისუფლება თავისი რესურსით ფიქრობს იმას, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მოსახლეობას ხელი შეუწყოს და ვითარება მოაგვაროს, ამ დროს სააფთიაქო ქსელებში რა ხდება? ყველაფრის თავში დგას კლინიკური აზროვნება, რომელიც ჩვენთან ნულია. ყველა ცდილობს პაციენტის ხარჯზე, და თუ მას ფული არ აქვს, მაშინ სახელმწიფოს ხარჯზე, რაღაც ბენეფიტები მიიღოს.

რასაკვირველია, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებას. როგორ შეიძლება, რომ ყველგან ერთდროულად მოხდეს ფასის ნახტომისებური ზრდა?

სახელმწიფო მოწოდებულია ბიზნესთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ თუ წინააღმდეგობას წააწყდება, რომელიც საზიანო იქნება მისი პროტექტორატის ქვეშ მყოფი მოსახლისათვის, მაშინ, სანქციები უნდა ამოქმედდეს. ძალიან მომწონს ჯანდაცვის სამინიტროს პოზიცია. წინა ხელისუფებისგან განსხვავებით მათრახი არ არსებობს, აქ თანამშრომლობის ფორმაა მისაღები”, - განუცხადა "რეზონანსს” ლადო კახაძემ.

პარლამენტარი მოსახლეობას მოუწოდეს, რომ სადაც რაიმე დარღვევას აღმოაჩენენ, აუცილებლად მიმართონ სამინისტროს, რათა შესაბამისი რეაგირება დაიწყოს.

"ყველამ უნდა იცოდეს იმ შეღავათების შესახებ, რასაც სახელმწიფო აკეთებს მოსახლეობისათვის. ადამიანი სადაც წააწყდება წინააღმდეგობას და რაიმე დარღვევას, მიმართოს სამინიტროს”, - დასძინა კახაძემ.

"გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე კი აცხადებს, რომ კომპანიების ხელაღებით დადანაშაულება არ არის სწორი და საჭიროა შესაბამისი კვლევა.

"პირველ რიგში, მთავრობას აქვს იმის საშუალება, რომ ყველაფერი შეისწავლოს. გაძვირების მიზეზი შეიძლება რამდენიმე ფაქტორი იყოს, მათ შორის კარტელური გარიგებებიც და კომპანიების შეთანხმებაც, ამიტომ მოკვლევა უნდა ჩატარდეს და ზუსტად დადგინდეს, თუ რა მოხდა.

ძალიან ბევრი ცვლილებაა თურქეთში, ამხელა უბედურება დაატყდათ თავს და იქ ალბათ რაღაც ღონისძიებები გატარდა, ამიტომ ამის გარკვევაა საჭირო. რაც ყველაზე მთავარია, ასეთი ცვლილებებისგან დაზღვეული რომ ვიყოთ, საჭიროა, სრულყოფილი და ძლიერი საკანონმდებლო სისტემა. კანონმდებლობაში 1-2 შესწორება არ ცვლის არსებითად ყველაფერს. დინამიკაში ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი, რისკებიც უნდა იყოს დაზღვეული, ლარის კურსიც და ა.შ.

არც ერთი მხარის პირდაპირ დადანაშაულება არ შეიძლება. როდესაც კარტელურ გარიგებებზე ვსაუბრობთ, ასეთი შემთხვევები აღმოფხვრილი უნდა იყოს კანონის მეშვეობით. თუ კანონი ბიზნესს ასეთ შესაძლებლობას მისცემს, ამას ყველა გააკეთებს. თუ რაღაც არ არის აკრძალული, მას აუცილებლად გამოიყენებენ.

ჩვენ ადგილობრივ ბაზარს შევუწყოთ ხელი და ჩვენი ვაწარმოოთ. ოღონდ ისე კი არა, რომ მხოლოდ შეფუთვა არსებობდეს, არამედ ქართული წარმოება უნდა განვითარდეს სწორად”, - განუცხადა "რეზონანსს” მარინა ბერაძემ.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით საქართველომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი გასული წლის მარტში დაიწყო, რამაც პრეპარატების ღირებულება 60%-80%-ით გააიაფა.

იმისთვის, რომ ქვეყანაში სიიაფე უფრო მიდიკამენტს შეხებოდა, უკვე წელს, მთავრობამ წამლებზე ზედა ზღვარი - რეფერენტული ფასებიც დააწესა. ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასების მიხედვით დაადგინოს. როგორც კი ეს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში, სააფთიაქო ქსელებმა იაფი თურქული მედიკამენტები გააძვირეს და დანაკლისის ანაზღაურებას ამით შეეცადნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე