"არსებული მაჩვენებელები შენარჩუნდება, ორნიშნა თუ არა, მიახლოებული ზღვარი გვექნება მთელი წლის განმავლობაში"
ქეთო გოგოხია
(28.02.2023)

საქართველოს ეკონომიკამ წლევანდელი ეკონომიკური ზრდისთვის კარგი სტარტი აიღო. ყოველ შემთხვევაში, იანვარშივე  ზრდის მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, რაც უფრო მეტად ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების გააქტიურებას და ფულადი გზავნილების მოჭარბებას უკავშირდება. მართალია, მშპ-ს იანვრის ნიშნული ნავარაუდევ ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ შედეგი ძალიან კარგია. თანაც შედარება ხდება წინა წლის იანვართან, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეალურად ნახტომისებრ ზრდას ჰქონდა ადგილი.

,,საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, პირველივე თვის შედეგით გაქარწყლდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ 2023 წელს ეკონომიკური წინსვლა მკვეთრად შენელდებოდა და 3-4%-ის არ გასცდებოდა.

საინტერსოდ გამოიყურება საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ  კვლევები, რომლებსა ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები გვთვაზობენ. კერძოდ, "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი კვირის განახლებაში წერს, რომ 20–24 თებერვლის კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერი ზრდის შენარჩუნებაზე მიუთითებს. შესაბამისად, "თიბისი კაპიტალმა" 2023 წლის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 5%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა.

,,სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, ინფლაციის ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარია წლის ბოლოს დაახლოებით 3.8%-იანი პროგნოზით, რაც ძირითადად იმპორტული პროდუქციის ფასებით არის განპირობებული. ეს კი, მომდევნო 1 წლის განმავლობაში ლარის კურსისათვის პოზიტიურია და ამდენად, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტის გათვალისწინებით, ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არაა “, - აღნიშნული "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში.

"გალტ ენდ თაგარტის" შეფასებით კი, იანვარში 8,4%-იანი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ წელი კარგად დაიწყო. თებერვლის ინდიკატორებზე დაყრდნობით ორგანიზაციის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ გაზრდილია ალბათობა პროცესები მათ მიერ პროგნოზირებული სცენარის მიხედვით წარიმართოს. 2023 წელს "გალტ ენდ თაგარტის" ქვეყანაში საბაზო სცენარით 4,8%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის. საინვესტიციო ბანკის ოპტიმისტური გათვლებით კი შესაძლოა, წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით გაიზარდოს.

იმ ფაქტს, რომ კარგი სტარტია და ახლა მთავარია ამ მაჩვენებლების შენარჩუნება, ,,რეზონანსთან" ეკონომიკის ექსპერტებიც ადასტურებენ, ანალიტიკოს აკაკი ცომაიას აზრით, წინსვლის მაღალი ტემპი რუსეთიდან მიგრანტების მზარდ რაოდენობას და მათ მიერ განხორციელებულ ფინანსურ აქტივობას უკავშირდება, რისი მაგალითიც სამშენებლო სფეროა - ეკონომიკაში ზრდის ყველა მაღალი შედეგით.

,,ვერ გეტყვით, რომ ეკონომიკური ზრდა მოულოდნელი იყო, ასე ნამდვილად არ არის, ფაქტობრივად ყველა ფაქტორი, რაც ეკონომიკურ ზრდაზე სასიკეთოდ მოქმედებს, დადებითია და ამან ციფრებშიც ადეკვატური ასახვა ჰპოვა. ყოველ შემთხვევაში, იანვარში 8,4% კარგი დასაწყისია. დანარჩენს შედგომი სტატისტიკა გავჩვენებს.

რაც შეეხება გამომწვევ ფაქტორებს, პირველ რიგში, უნდა ითქვას რუსული აქტტივების გააქტიურება საქართველოში, რაც მეზობელი მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული. ომის გამო რუსეთის ბევრი მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში და აქ აგრძელებს საქმიანობას. გააქტიურდნენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზე. შემთხვევითი არ არის, რომ ეს სფერო ეკონომიკურ ზრდაზე შეტანილი წვლილით მოწინავე პოზიციაზეა. 

გარდა ამისა, იზრდება საგარეო მოთხოვნა, მათ შორის ფულადი გზავნილები დიდი სისწრაფით მატულობს, რაც უკვე საქართველოდან ჩვენი მოქალაქეების გადინების ფაქტით არის გამოწვეული. ადამიანები სამუშაოს ქვეყნის გარეთ პოულობენ და აქ აგზავნიან თანხას, ეხმარებიან სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს, რაც ეკონომიკურ ზრდაზეც დადებითად მოქმედებს", - განაცხადა ცომაიამ.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეაფასა ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმაც. როგორც მან აღნიშნა, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის  ოპტიმისტურ ნიშნულზე, რამაც იანვარში კარგი შედეგი განაპირობა.

,,აშკარაა, რომ რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე საქართველომ თავისი პოზიციები გაიუმჯობესა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც რუსეთსა და ბელარუსში შექმნილ ვითარებას თავი აარიდეს  და სხვა ქვეყნებში გააგრძელეს საქმიანობა, მათი დიდი ნაწილი დღეს საქართველოშია, რაც ძალიან დაგვეხმარა ეკონომიკურ ზრდაში. ანგარიშგასაწევია ასევე ტურისტული სფერო, რომელმაც კრიზისს თავი დააღწია და საგრძნობლად გაიუმჯიობესა პოზოციები. ექსპორტიც მუდმივად მატულობს და ინვესტიციების მხრივაც სტაბილურობაა, ფაქტობრივად ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მწყობრშია.

ვფიქრობ, ტენდენცია გაგრძელდება და ეკონომიკური მაჩვენებელები შენარჩუნდება, ორნიშნა თუ არა, მიახლოებული ზღვარი გვექნება შემდგომ პერიოდში და ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ამ მხრივ საფრთხე ჯერჯერობით ნამდვილად იკვეთება“, -  განუცხადა,,რეზონანსს“ ბაირახტარმა.

2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ს ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიეროტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე