დღევანდელი ვითარება რეალობას აცდენილია, ამიტომ მინიმუმ 10%-იანი სხვაობა იქნება
ქეთო გოგოხია
(24.10.2022)

უძრავი ქონების ღირებულება  წლის ბოლოს მცირედით შეიძლება შემცირდეს, თუმცა ეს გამოწვეული იქნება სეზონური ცვლილებით და ეკონომიკურ ფაქტორებს ან თუნდაც მიგრანტების გადინების პროცესთან საერთო არ ექნება. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეინიშნება რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან გასვლა, ეს გარკვეულ გავლენას საფასო პლიტიაკზეც უფრო სამომავლოდ მოახდენს. ტენდენცია 2023 წლის ზაფხულში გამოიკვეთება.

ცნობილია, რომ სწორედ რუსების აქტიური შემოდინების გამო მოხდა ფასების მკვეთრი ზრდა უძრავი ქონების ბაზარზე.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 3.2 %-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 17.5%-ით არის გაზრდილი. ოფიცილური მონახცემები მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასის ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში (8.8%). 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ფასის გაიზარდა ორივე სეგმენტში: ბინებზე - 10.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე - 10%-ით.

სპეციალისტების აზრით, დღესდღეობით რა ფასიც არის ბაზარზე რეალობას აცდენილია და ამის გამო  ადგილობრივი მომხმარებლისთვის უძრავი ქონება ძნელად ხელმისაწვდომია.

,,აიჯიეს ჯგუფის" ხელმძღვანელის შოთა გუჯაბიძის ვარაუდით, უძრავი ქონება გაიაფებას დაიწყებს მიგრანტების გადინების პროცესის პარალელურად, თუმცა როდიდან იქნება ცვლილება მოსალოდნელი, ძნელად საპროგნოზოა. 10% ის მიახლოებითი ნიშნულია, რომლის ფარგლებშიც შოთა გუჯაბიძე უძრავ ქონებაზე ფასის შემცირებას ვარაუდობს. გარკვეული ცვლილება მოსალოდნელია ზამთარშიც, მაგრამ ეს იქნება სეზონური ფაქტორით გამოწვეული.

,,უძრავი ქონების ფასი მოკლე მონაკვეთში გაიზარდა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს არ ესადაგება. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. როდიდან შეიძლება გაიაფება დაიწყოს, ძნელად საპროგნოზოა, რადგან არავინ იცის რა მოხდება მომავალში. მაინც ვვარაუდობ, რომ შემდეგი ზაფხულიდან დაიწყება ბაზრის ადაპტირება, ჩამოყალიბება. თუმცა, ამ ზამთარში სეზონურ ფასთა სხვაობას ისედაც უნდა ველოდოთ. წინასაახალწლო პერიოდში შედარებით შენელებული ტემპი იქნება და კომპანიებს გარკვეული აქციების დაწყება მოუწევთ", - განაცხადა გუჯაბიძემ.

მისი თქმით, რუსების ნაკადების შემცირებასთან ერთად, ალბათ, დაიწყება უკვე უძრავი ქონების ფასის რეალურ ფასთან დაახლოება, ანუ გარკვეულწილად გაიაფება.

,,როგორც ცნობილია, 400 ათასი რუსი ვიზიტორი შემოსული და უკან გასულია დაახლოებით 360 ათასამდე, ანუ სხვაობა არის დაახლოებით 40 000, ვინც დარჩა ქვეყანაში და არ გავიდა. ეს დამატებითი მოცულობა ქმნის იმ ეფექტს, რა სიტუაციაც ამ ეტაპზე  ფასების მხრივ არის ადგილობრივ ბაზარზე.

ქართველი მომხმარებლისთვის ამჟამინდელი ვითარება არის არაადეკვატური და უძრავი ქონება ძნელად ხელმისაწვდომი. ამიტომ ბაზარს მოაკლდება თუ არა  დამატებითი მომხმარებელი (რუსი მოქალაქეების სახით), დაიწყება ფასების გარკვეულ დიაპაზონში ვარდნა. ასეთი რამ მოსალოდნელია. ჩემი კომპანიის მაგალითით, დაახლოებით 20%-ით არის ფასები ზოგ ლოკაციაზე გაზრდილი, განსაკუთრებუით ცენტრალურ უბნებში. ბაზარი ადეკვატურობას რომ დაუბრუნდეს, ფასის კლება პლუს-მინუს 10%-ის ფარგლებში  უნდა ვივარაუდოთ", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" შოთა გუჯაბიძემ.

სამომავლოდ გაიაფებას ელოდებიან ექსპერტებიც, რომელთა ინფორმაციითაც,  ფასების კლება განსაკუთრებით 2023 წლიდან იქნება შესამჩნევი, თუმცა მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ექსპერტ მზია თოლორდავას განცხადებით, მოთხოვნის კლება ფასებზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს და ამ მხრივ პროცესები განსაკუთრებით მომავალი წლიდან იჩენს თავს.

,,რუსების შემოსვლამ მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი გამოიწვია. ერთბაშად გაიზარდა ფასი, ,,საპნის ბუშტის" ეფექტია. ტენდენცია ხანგრძლივი ვერ იქნება. ახლა, როცა ქვეყნიდან რუსების გადინების პროცესი დაიწყო, ეს მალე გარკვეულ გავლენას მოახდენს ფასებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, უძრავი ქონების ბაზარზეც. 

ვფიქრობ, 2023 წლის გაზაფხულიდან ტენდენცია უფრო გამოიკვეთება და მკაფიო სურათი გვექნება. ნებისმიერ სიტუაციაში, კლება გარდაუვალია, თუმცა რა მაჩვენებლით, ვერ გეტყვით. საერთოდ, როცა რამე ძვირდება, მერე ყოველთვის ჭირს ხოლმე ფასის შემცირება, შეიძლება ასეც მოხდეს, თუმცა მინიმუმ, 10%-იანი კლება სავსებით მოსალოდნელია. ამ დროისთვის უძრავი ქონების ღირებულება 20-25%-ით უკვე მომატებულია. ასე რომ, სამომავლოდ 10%-იანი შემცირება დიდ ეფექტს ვერ მოგვცემს", - განაცხადა თოლორდავამ.

როგორც სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, გაიაფება უფრო მეტად გარეუბნებშია მოსალოდნელი, ვინაიდან ამ სეგმენტს ცვლილება ყველაზე მეტად დაეტყო. მართალია გაძვირდა, თუმცა ყველაზე ნაკლებად პრობლემა პრემიუმ სეგმენტის ბინებს შეეხო, რომლის ღირებულება ისედაც მაღალი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე