დევი ხეჩინაშვილი: „ავტოდაზღვევა საერთაშორისოდ აღაირებული ნორმაა, ჩვენ ეს ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული, მაგრამ წლების განმავლობაში ვითარება არ იცვლება".
ქეთო გოგოხია
(01.09.2022)

ავტოდაზღვევის სექტორი კორპორატიული მანქანების იმედადაა. სულ ქვეყანაში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 7%-ია და აქედან დიდ უმეტესობას კორპორატიული სეგმენტი წარმოადგენს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხი თითქმის 15-20 წელია განხილვის საგანია და გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არაა. მომზადებული კანონპროექტი კი პარლამენტში 2018 წლის ბოლოს შევიდა, თუმცა კანონდებლებს ის ამ დრომდე არ განუხილავთ.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 54 617 299 ლარი აუნაზღაურა.

ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით „თიბისი დაზღვევა" ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „სადაზღვევო კომპანია ალდაგია". სადაზღვევო კომპანიების ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: „თიბისი დაზღვევა" - 14,909,739 ლარი, „სადაზღვევო კომპანია ალდაგი" - 10,503,384 ლარი, „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" - 8,781,530 ლარი.

2022 წლის 6 თვის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 71 700 ერთეული შეადგინა.

როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარება.

„სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებამდე მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია. ახალი პროდუქტების შეთავაზება ბაზრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველ წელს ველოდებით, რომ ავტომობილების მფლობელთათვის სავალდებულო ავტოდაზღვევა ამოქმედდება, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია. კანონპროექტი პარლამენტში შეტანილია და იმედია, განიხილავს. ჩვენი ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივა ამაზეა დამოკიდებული. არსებული მონაცემით, საქართველოში თითქმის 1,5 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული და აქედან მხოლოდ 7% არის დაზღვეული. ამ დროს ავტოდაზღვევა საერთაშორისოდ აღაირებული ნორმაა, ჩვენ ეს ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული, მაგრამ წლების განმავლობაში ვითარება არ იცვლება. საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს დაზღვევის ვალდებულება, მანამდე სიტუაციის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ. ეს გზა ყველა თანამედროვე სახელმწიფომ გაიარა. ჯერჯერობით დაზღვევის დიდი წილი სწორედ კორპორატიული მანქანებია, სახელმწიფომ ისწავლა ამის გამოყენება, ბიუჯეტს ასტიმულირებს და კორპორაციული კლიენტებისთვისაც მისაღებია", - განაცხადა ხეჩინაშვილმა „რეზონანსთან".

გარდა ამისა, როგორც ხეჩინაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ავტომობილების მფლობელებს არავინ ავალებს მანქანის დაზღვევას, არადა რამდენიმე ათეული ათასი ავტოსაგზაო შემთხვევაა წელიწადში.

„სავალდებულო დაზღვევის სახეობები, რომელიც მსოფლიოშია დანერგილი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ გავალებს, რომ თქვენი ქონება დააზღვიოთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ თქვენი ქმედებით სხვა რომ აზარალოთ, იმის ანაზღაურება და კომპენსაცია არ უნდა იყოს თქვენს შეძლებაზე და შემოსავალზე დამოკიდებული. საქართველოს გარდა უკლებლივ ყველა ქვეყანაში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანას თუ არ ჩავთვლით, სავალდებულოა მესამე პირის წინაშე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, ბრალეულობის მიუხედავად, გამონაკლისის გარეშე ხდება ანაზღაურება. სავალდებულო დაზღვევა სოციალური პროდუქტია და ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა პროდუქტი კომპენსირდება", - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობენ სექტორის წარმომადგენლებიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება აუცილებელია და ეს პრაქტიკა დანერგილია ყველა ნორმალურ ქვეყანაში.

„უაღრესად აუცილებელი საქმეა, სასწრაფოდ გასაკეთებელი, ძალიან დიდი დრო დავკარგეთ. იმ ქვეყნებში, სადაც ეს პრაქტიკა არის, კარგად მუშაობს. მით უმეტეს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ჩვენთან უამრავი კონფლიქტური სიტუაციაა ხოლმე. ხანდახან, ვერ დგინდება, ვინ ვის უნდა გადაუხადოს, რა ოდენობით უნდა გადაუხადოს და ა.შ. ეს პრობლემები მუდმივად არის და სხვა სახის კრიმინალში, გარჩევებში და ა.შ გადადის ხოლმე. ძალიან ბევრი ამბავი ცუდადაც დამთავრებულა. ჩვენი დიდი პრობლემაა ისიც, რომ დღემდე ვერ დადგინდა ტრავმატიზმის ხარისხის ზუსტი რაოდენობა, იმის მიუხედავად, რომ შესაბამისი პროგრამა არის, რომელიც ვერ ჩაირთო და ესეც მიბმულია ამ პრობლემებთან", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, პრობლემაა ისიც, რომ ერთი და იგივე კომპანია ტექინსპექტირების ცენტრებსაც ფლობს და ასევე, სადაზღვევო ბიზნესში ძალიან მსხვილი მოთამაშეა, რაც ინტერესთა კონფლიქტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე