ნიკა შენგელია: "ველოდით, რომ ოქტომბრიდან 3-იან ნიშნულს გადაცდებოდა ლარი, მაგრამ ეს პროცესი გაცილებით მალე დაიწყო".
ქეთო გოგოხია
(25.08.2022)

ლარის კურსი გაუფასურების ტრენდს აგრძელებს. სპეციალისტები ამ პროცესის ორ მთავარ მიზეზზე საუბრობენ, როგორიცაა ეროვნული ბანკის ინტერვენციები და მაღალი შესყიდვები "ბლუმბერგის" პლატფორმაზე. საბოლოო ჯამში, როგორც სპეციალისტები პროგნოზირებენ, ლარი უახლოეს დღეებში 2,90-იან ნიშნულს გადააბიჯებს, ხოლო წლის ბოლომდე, მინიმუმ, 3,10 -ს მიაღწევს. ტენდენცია დაწყებულია, რაც განსაკუთრებით სამომხმარებლო ბაზარზე აისახება. ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების კლების იმედი საბოლოოდ გადაიწურა, მალე ალბათ საწვავის გაიაფების პროცესიც შეჩერდება.

ცნობილია, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ ჯამში 70 მილიონი დოლარია ბრუნვიდან ამოღებული. საბანკო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინტერვენცია აუცილებელი იყო, თუმცა სებ-მა ყველა დასაშვებ ნორმას გადააჭარბა. ლარი არ გაუფასურდებოდა სებ-ს ერთბაშად 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, პერიოდულად 10-10 მილიონი დოლარი რომ ამოეღო ბრუნვიდან.

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ლარის გაუფასურება გაგრძელდება და მალე 2,90-იან მაჩვენებელს გადაცდება.

მისი თქმით, ლარის კურსი განსაკუთრებით მძიმედ აისახება ფასებზე, ვინაიდან რიგ პროდუქტებზე დაანონსებული გაიაფება ვერ განხორციელდება და იმპორტიორებს კიდევ ერთი მიზეზი მიეცემათ, რომ მაღალი ფასები შეინარჩუნონ, სამომავლოდ კი, ლარის გაუფასურების პარალელურად, პროდუქტები გაძვირდება.

,,ლარის გაუფასურება დაიწყო მაშინ, რაც ეროვნულმა ბანკმა დიდი მოცულობით მოახდინა ინტერვენცია და 40 მილიონი დოლარი შეისყიდა. სამწუხაროდ, ამას მოყვა ის, რომ ფასების კლების იმედი საბოლოოდ გაქარწყლდა, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონელზე, ასევე მომსახურების სფეროში. დიდი ალბათობით, ლარის კურსი უახლოეს პერიოდში 2,90-იან ნიშნულს გადაცდება და მაშინ საწვავის ფასების დაწყებული გაიაფებაც შეჩერდება. ეს პროცესი სავსებით მოსალოდნელია. ველოდით, რომ ოქტომბრიდან 3-იან ნიშნულს გადაცდებოდა ლარი, მაგრამ ეს პროცესი გაცილებით მალე დაიწყო. უკვე ვხედავთ, რომ ლარის შენარჩუნება 2,80-იან ნიშნულზე ვერ მოხერხდება. გადარიცხვები და ჩამორიცხვები, ტრანზაქციები ტურისტების მხრიდან შემცირდება და შესაბამისად ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება. წლის ბოლოს დაახლოებით 3-3,10-იან ნიშნულს უნდა ველოდოთ", - განაცხადა ნიკა შენგელიამ "რეზონანსთან".

ეროვნული ბანკის ინტერვენციებს ნეგატიურად აფასებს ეკონომისტი რამაზ გერლიანიც, რომლის შეფასებითაც, ეროვნული ბანკი ამ ზომებს ხშირად არაადეკვატურად მიმართავს და მხოლოდ მაშინ, როცა გამყარებას აქვს ადგილი.

გერლიანის აზრით, მკვეთრი სავალუტო რყევების გამო ყველაზე მძიმედ ფასებზე აისახება და არ გაიაფდება ფაქტობრივად არც ერთი პროდუქტი, რისი მოლოდინიც ბოლო დროს გაჩნდა.

"ლარი რა დონეზეც არ უნდა უფასურდებოდეს, ერთნაირად მძიმედ აისახება როგორც ეკონომიკაზე, ასევე მოსახლეობაზე და მრავალი ნეგატიური პროცესის გამომწვევი ხდება. ასეა ახლაც, პირველ რიგში, იმპორტიორებს ფასების ზრდის მოტივი და მიზეზი მიეცემათ. როგორც წესი, ლარის გამყარების შემთხვევაში არავინ ფიქრობს ფასების შემცირებაზე, მაგრამ მცირე გაუფასურებაც საკმარისია, რომ გაძვირების ტენდენცია იწყება. რაც შეეხება ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზს, ერთ-ერთია ეროვნული ბანკის ინტერვენციები, რომლის ფარგლებშიც მან აგვისტოდან დღემდე 70 მილიონი დოლარი ამოიღო ბრუნვიდან. ამასთან მოხდა დიდი შეძენა "ბლუმბერგის" პლატფორმაზე, რამაც კურსზე იმოქმედა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბური გაუფასურება არ გვაქვს, ბოლო 1-1,5 თვის განმავლობაში მკვეთრი რყევები როგორც გამყარების, ასევე გაუფასურების კუთხით, რასაც უაღრესად უარყოფითი შედეგი მოაქვს და ლარის მიმართ ნდობას ასუსტებს. ნეგატიურ მოლოდინებს იწვევს. საფასო პოლიტიკაშიც ამის ანარეკლს ვხედავთ, ეს ეხება როგორც იმპორტული, ასევე ადგილობრივი პროდუქტების ფასს. გაიაფება ნამდვილად იყო შესაძლებელი, განსაკუთრებით ადგილობრივი სასურსათო პროდუქტების შემთხვევაში. თუმცა სებ-ის ცუდმა პოლიტიკამ ეს პერსპექტივა მოსპო", - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ გერლიანმა.

ეკონომისტის შეფასებით, მოლოდინი ჯერჯერობით არასაიმედოა და მოსალოდნელია, რომ ლარი კიდევ გაუფასურდეს, განსაკუთრებით გვიანი შემოდგომიდან.

"სებ-ის ინტერვენციების სახით დიდი შეცდომაა დაშვებული. ვხედავთ, რომ კურსი 2,87-ის ფარგლებში მოძრაობს. ტრენდი გაგრძელდება თუ არა, დამოკიდებულია ეროვნული ბანკის პოლიტიკასა და იმაზეც, რა პროცესები განვითარდება ქართულ ეკონომიკაში. განსაკუთრებით გვიან შემოდგომაზე გვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურება, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს კონვენტირებადი ვალუტით, შესაბამისად, ეს უფრო გაუფასურებას შეუწყობს ხელს, ვიდრე გამყარებას, მოლოდინი ჯერჯერობით არასაიმედოა", - განაცხადა რამაზ გერლიანმა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8705 ლარი გახდა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.8192 ლარი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე