კობა კობალაძე: „მოსახლეობის ზრდასთან ერთად სურსათის და წყლის მოპოვება სულ უფრო გართულდება".
ქეთო გოგოხია
(22.08.2022)

დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდს გადაცდა და ამ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესირსებიც თანდათან ილევა. ყოველ წელწადში 90 მილიონიანი ზრდაა 11-12 წელიწადში 1 მილიარდს იმატებს. ამ ტემპით უფრო ადრე შესრულდება პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2030 წელს დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდს მიაღწევდა. გამოდის, რომ 2025 წლისთვის იქნება უკვე 10 მილიარდი, რაც კრიტიკულ ზღვრად მიიჩნევა, ვინაიდან მეცნიერები ფიქრობენ, რომ რესურსი რეალურად არ იქნება. შსაბამსიად, სერიოზული პრობლ;ემის წინაშე აღმოჩნდებიან როგორც დიდი ქვეყნები, ასევე პატარა სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო.

არათუ 10 მილიარდი, აღმოჩნდა, რომ 8 მილიარდისთვისაც საკმარისი მარაგები არ არის, რაშიც რუსეთ-უკრაინის ომმაც დაგვარწმუნა, როგორც კი მიწოდების ჯაჭვი დაირღვა, თითქმის მთელი მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. აღმოჩნდა, რომ გენური ინჟინერია, რომელიც მიიჩნეოდა სასურსათო კრიზისს მთავარ მეთოდად, ისიც კი უძლურია, დააკმაყოფილოს გაზრდილი მოთხოვნები.

მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის უკავშირდება როგორც დემოგრაფიულ ვი9თარებას, ასევე სურსათის დეფიციტს, რის პრევენციის ზომებიც გასაძოლიერებელია.

როგორც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე აღნიშნავს, ერთ-ერთი დიდი პრობლემა საქართველოსთვის მიწების სიმცირეა.

„სურსათის წარმოებისათვის საჭირო მიწის რესურსები სულ უფრო მცირდება. ინდოეთში 1 კვ/კმ-ზე მოდის 450 მოსახლე, ჩინეთში - 500, ხოლო რუსეთის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 7 მოსახლეს ითვლის. დედამიწის 2/3 წყლებსა და ოკეანეებს უკავია, ერთი მესამედი ხმელეთს და მხოლოდ მისი 12% არის ვარგისი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის. მთელ მსოფლიოში სურსათის დეფიციტი გახდება დიდი გამოწვევა, მათ შორის, საქართველოსთვის, რომელიც მცირემიწიანი ქვეყანაა. დედამიწაზე პირველად მილიარდი მოსახლე 1820 წელს დაფიქსირდა. ხოლო ორას წელიწადში მოსახლობა უკვე თითქმის 7 ჯერ გაიზარდა, პროგნოზებით 2050 წლისათვის 9-10 მილიარდი იქნება, მაგრამ ვხედავთ, რომ ესეც უფრო ადრე შესრულდება. ხოლო მოსახლეობის ზრდასთან ერთად სურსათის და წყლის მოპოვება სულ უფრო გართულდება. ამერიკის განსაკუთრებულ სიტუაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის ექსპერტების გამოკვლევებით, მომავალ 25-30 წლებში სურსათი სულ უფრო დეფიციტური გახდება და ფასები მათზე 300-350%-ით გაიზრდება, ეს კი სურსათზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, გლობალურ შიმშილობას გამოიწვევს, რაზეც გაეროს ანალიტიკოსები წლებია საუბრობენ", - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან" კობა კობალაძემ.

ცხადია, ზომების მიღება მოუწევს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, სადაც, კობალაძის განმარტებით, დეფიციტზე მეტად, კვების რეჟიმი და სასურსათო პროდუქტის კალორიულობის მხრივ გველის პრობლემა. მეცნიერის შეფასებით, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა და იმპორტზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული.

ასეთ პირობებში, როგორც მეცნიერმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება მიწას და წყალს უნდა მიექცეს. ამისთვის კი, აუცილებელია აგრარული სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მრავალ პრობლემას მოხსნის.

„პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მიწების დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიის და ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მიწების გასარწყავებას, სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი გაკეთდეს. ამ მიმართულებით ბოლო დროს მთავრობის მხრიდან გარკვეული ქმედითი ნაბიჯები იდგმება, რაც კარგია, მაგრამ მეტად უნდა გააქტიურდეს მუშაობა, რათა გლობალურ გამოწვევას გავუმკლავდეთ. აუცილებლად უნდა გაკეთდეს აქცენტი ძვირადღირებული პროდუქციის წარმოებაზე. სწორი აგრარული პოლიტიკის პირობებში საქართველოს შეუძლია დაახლოებით 4-5-ჯერ გაზარდოს სამხრეთული კულტურების წარმოება. გარდა ამისა, მეტი ყურადღება მიექცეს წყალსაცავების გაკეთებას, რადგან სურსათის დეფიციტამდე შეიძლება დადგეს წყლის გამოყენების პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიოლოგიურ დონეზე შიმშილობის პრობლემა არ გვემუქრება, თუმცა პრობლემაა კვების რეჟიმი, რადგან ე.წ. ძვირი კალორიები ხალხისთვის მიუწვდომელია. შესაბამისად, რაციონში პური დიდი რაოდენობით გამოიყენება", - განმარტა კობალაძემ.

აგრარული სფეროს სპეციალისტი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სტრატეგიული პროდუქტების მარაგის მხრივ ქვეყანაში პრობლემა არ გაჩნდეს.

„სასურსათო თვითუზრუნველყოფას თუ არ გავზრდით, საქართველოში შიმშილი გარდაუვალია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მსოფლიოში ვითარება გართულდეს. ერთადერთი, რაც გვიცავს, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა და ამერიკასთან პირდაპირი სტრატეგიული ურთიერთობა დაამყაროს, რომ ხორბლით მოგვამარაგოს. მძიმე მდგომარეობა გველის, რასაც თავისუფალი ბაზარი ვერ დაარეგულირებს. საქართველოში შიმშილის საფრთხე გაცილებით მაღალია იმის გამო, რომ ხორბალი და მარცვლეულის წარმოებაში ჩვენი თვითუზრუნველყოფა 20%-საც ვერ აღწევს. ხოლო რუსეთმა ექსპორტი შეზღუდა და სხვა რამდენიმე ქვეყანამაც, მომავალში უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან რუსეთი ნავთობის წარმოებაში ისეთ კრიზისს განიცდის, რომ დანაკარგის ანაზღაურებას ხორბლით შეეცდება და ,,ოქროს ფასი" დაედება. ზომებს ახლავე თუ არ მივიღებთ, მერე გვიან იქნება", - აღნიშნა რამიშვილმა.

დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის ფონზე სურსათის საფრთხესთან ერთად დიდ პრობლემას წარმოადგენს დემოგრაფიული მდგომარეობაც. უკვე არის ტენდენცია, რომ დიდ ქვეყნებში გარბის ხალხი, არ ჩერდება.

რისკია ასევე შიდა მიგრაციაც, რადგან ცარიელდება სოფლები და მათთან ერთად პატარა ქალაქებიც, სადაც დასაქმების მცირე პერსპექტივაც კი არ არის.

„შიდა მიგრაცია ხდება სერიოზულ დონეზე გააქტიურდა. ეპიდემია ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ხალხი არც ამას ეპუება და დასაქმების მიზნით კვლავ თბილისისკენ მოიწევს, იშვიათად - სხვა დიდ ქალაქებში. სახელმწიფო ამ პროცესს როგორ შეუწყობს ხელს, ვერ გეტყვით, ინფრასტრუქტურის განვითარების დონე რეგიონებში სტანდარტს მინიმალურადაც ვერ პასუხობ, ხალხს კი შემოსავალი სჭირდება. ამიტომ სხვა ალტერნატივა არც აქვთ.

„ცხადია, რომ მოსახლეობა სწორედ დასაქმების პერსპექტივით იცვლის საცხოვრებელს. ცდილობენ, დაკავდნენ ისეთ შეთავაზებულ სამუშაოზე, როგორიცაა მშენებლობები ან წვრილ ვაჭრობაში ჩაებან. დასაქმების მხრივ დედაქალაქშიც პრობლემაა და თუ ხალხს შემოთავაზებული სამსახური ვერ დააკმაყოფილებს, იგი სხვა გზას მოძებნის და უცხოეთში გადავა სამუშაოდ, რაც მომავალში საკმაოდ სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემას შექმნის. როგორც კი ეპიდემიის საფრთხემ გადაიარა, გარე მიგრაციაც გააქტიურდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება", - განაცხადა ავთო სულაბერიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან".

შეგახსენებთ, რომ 10 000 წლის წინ დედამიწაზე ცხოვრობდა 4 მილიონი ადამიანი. ჩვენი წელთაღრიცხვისათვის მოსახლეობის რაოდენობამ 107 მილიონი შეადგინა, 1820 წლისათვის - პირველი მილიარდი.

ორას წელიწადში მოსახლობა უკვე თითქმის 7 ჯერ გაიზარდა, პროგნოზებით 2050 წლისათვის 9-10 მილიარდისთვის უნდა მიეღწია, მაგრამ ეს დრო გაცილებით ადრე დაუდგება კაცობრიობას.

დედამიწის 2/3 ნაწილი წყლებსა და ოკეანეებს უკავიათ, ერთი მესამედი ხმელეთს და მხოლოდ მისი 12 % არის ვარგისი სასოფლო სამეურნეო წარმოებისათვის ანუ იმისათვის, რომ წარმოებული იქნეს სურსათი და საკვები, როგორც ადამინებისათვის ისე ცხოველებისათვის.

საკვების კრიზისის გლობალური ანგარიშის მიხედვით გაერომ ის 10 ქვეყნა დაასახელა, რომლებიც შიმშილის რისკის წინაშეა, ეს ქვეყნებია: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე