"შეიძლება პროტესტიც ვიხილოთ ქუჩებში, რადგან სტუდენტებმა სადღაც ხომ უნდა იცხოვრონ?"
გვანცა წულაია
(18.08.2022)

ქვეყანაში ბინების დაქირავების ფასი გამუდმებით მატულობს. დადგენილი მაზანდა თვიდან თვემდე იზრდება. გაზაფხულიდან მოყოლებული საქართველოში ბინები ძვირდება და თანაც საცხოვრებელი ფართი ძნელად იშოვება. ერთ თვეში ქვეყანაში სწავლა განახლდება. რა უნდა ქნას სტუდენტმა, რომელსაც ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ ბინის მოძიება გაუჭირდება და პოვნის შემთხვევაში საგრძნობლად გაზრდილი გადასახადი დახვდება?

უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყანაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ მიწოდებას ვერ აბალანსებს. შექმნილმა მდგომარეობამ ბინები ძალიან გააძვირა, თუმცა უფრო მძიმე ვითარებაა დაქირავების მიმართულებით. ბაზარზე ვითარება იმდენად აჟიოტაჟურია, რომ დედაქალაქში გასაქირავებელი ბინები თითქმის აღარ დარჩა, არადა ქვეყანაში მალე სასწავლო პროცესი დაიწყება და სტუდენტები მასობრივად ჩამოვლენ თბილისში.

ვითარება კი დედაქალაქში იმდენად შეცვლილია, რომ სტუდენტებს ბინის მოძიება ძალიან გაუჭირდებათ და თანაც, საგრძნობლად გაზრდილი ფასი დახვდებათ.

უძრავი ქონების სფერო სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი მიიჩნევს, რომ სექტემბრისთვის, როდესაც სტუდენტები თბილისში დაბრუნდებიან, დიდი პრობლების წინაშე აღმოჩნდებიან.  

„უახლოესი პრობლემა უკავშირდება სასწავლო სეზონს, როდესაც უამრავი სტუდენტი დაბრუნდება თბილისში სწავლის გასაგრძელდებლად. ამ უმოკლეს პერიოდში, არანაირი დასტაბილურება არ არის მოსალოდნელი და შესაბამისად, შესაძლოა, რაღაც სოციალური აფეთქებაც კი მივიღოთ. სტუდენტები, რომლებიც სახლებს რაღაც კონკრეტულ თანხად ქირაობდნენ, ახლა 70-100%-ით გაძვირებული დახვდებათ.

კორონავირუსის შემდეგ, ცენტრალურ უბნებში ფასები გაორმაგდა. თუ 2020 წლის რომელიმე გაქირავების საიტის მონაცემებს ამოვიღებთ და წლევანდელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზოგან 100%-ზე უფრო მეტადაც კი არის გაზრდილი. სწორედ ამ პრობლემას ვხედავ, თორემ კარგი ეფექტებიც შეიძლება ჰქონდეს ჩვენი დაჩაჩანაკებული ეკონომიკისთვის მომსახურების გაძვირებას.

მგონია, რომ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით სექტემბერში. შეიძლება რაიმე პროტესტიც ვიხილოთ ქუჩებში, რადგან ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვეულებრივ ცხოვრებაზე არანორმალურად გაზრდილი ფასი.

სტუდენტებმა სადღაც ხომ უნდა იცხოვრონ?! ჯერ გასაქირავებელი ბინები არც იშოვება და როგორ ვისუბროთ ეკონომიკურ ეფექტებზე, როდესაც არ ვიცით ათასობით სტუდენტი სად უნდა წავიყვანოთ ან რას ვუშვრებით?! ვეუბნებით, რომ შემოსავლები გაზარდონ, რათა თბილისში ისწავლონ?

ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნივერსიტეტს აქვს კამპუსები, სადაც ცხოვრება შესაძლოა, იყოს ფასიანი, მაგრამ ის მორგებულია სტუდენტურ საჭიროებებზე და მათი ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჩვენს შემთხვევაში  უნივერსიტეტების 95%-ს მსგავსი შეთავაზების შესაძლებლობა არ გააჩნია. ამიტომ ბინებზე გაქირავების ღირებულების ზრდის პრობლემა, ჩემი აზრით, გადაუჭრელ დილემად იქცევა. ვერანაირ აქტივობას ვერ ვხედავ ვინმე მუშაობდეს და რამეს აკეთებდეს, რომ ამის წინაშე არ აღმოვჩნდეთ”, - განაცხადა „რეზონანსთან” უჩა ზაქაშვილმა.

2022 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ბინის ქირის ფასი 69,8%-ით გაიზარდა. „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით, ივლისში თბილისის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები (ყიდვა/გაყიდვა) წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 17.2%-ით გაიზარდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნა გაუმჯობესდა ახალ ბინებზე. ივლისში 800 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 53.6%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ძველ აშენებულ ბინებზე 10%-იანი ზრდა შეინიშნებოდა.

ყველაზე მეტად ტრანზაქციებმა თბილისის შემდეგ 3 რაიონში მოიმატა: ჩუღურეთი (82%); დიდი დიღომი (49%); კრწანისი (36%). აქვე აღსანიშნავია, რომ დიდუბე ერთადერთი რაიონია თბილისში, სადაც, კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისში ტრანზაქციების 11%-იანი კლება დაფიქსირდა.

2022 წლის ივლისში თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფასი, საშუალოდ, 921 დოლარს შეადგენდა, ხოლო ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი ფართის ფასი კი - 8,3 დოლარს.

უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნის მიმართულებით აჟიოტაჟი ჯერ კიდევ  არ ჩაცხრება, რადგან საქართველოში უცხოელების შემოდინება არ წყდება.

„ბაზრის გააქტიურება, განსაკუთრებით დაქირავების კუთხით, ჯერჯერობით არ არის ჩამცხრალი და ვერც იქნება, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა გრძელდება. სტატისტიტიკის დეპარტემენტი მათ ტურისტებს ეძახის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რეალურად ისინი ტურისტები არ არიან, რადგან აქ საწარმოებს აფუძნებენ და კომპანიები გადმოაქვთ. ამიტომ აჟიოტაჟი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს პროცესი არ ჩაცხრება.

ბინების შესყიდვასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული ზრდა არ შეინიშნება, რადგან ე.წ. ვიზიტორები არ არიან ჩამოყალიბებულნი საქართველოში დიდი ხნით რჩებიან, თუ მოკლე პერიოდით, რადგან გაურკვეველი ვითარებაა, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებივად. შესაბამისად, ამ ვითარებამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა დაქირავების ბაზარზე, როგორც საცხოვრებლების, ასევე საოფისეების ფართების მხრივ და ეს აჟიოტაჟი დღემდე შენარჩუნებულია”, - განუცხადა „რეზონანსს” უჩა ზაქაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე