ბაზარზე მაინც უკეთესი ვითარებაა და წისქვილკომბინატების ამუშავების პერსპექტივაც გაჩნდა
გვანცა წულაია
(18.08.2022)

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ხორბლის მიმართულებით, დადებითი ტენდენციები იკვეთება. პირველ რიგში, ამუშავდა უკრაინული დერეფანი და  ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტს პრობლემა აღარ ექმნება. უკრაინული პორტების გახსნამ, მსოფლიოში ვითარება შეცვალა. გარდა ამისა, მართალია, რუსეთში ხორბლის ექსპორტზე ბაჟი ისევ მოქმედებს, თუმცა გადასახადი ძალიან შემცირებულია და 20 დოლარზე ჩამოვიდა. საერთაშორისო ბირჟებზეც მარცვლეულის ღირებულება იკლებს.

საერთო ჯამში, ყველა მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია, რაც საქართველოსთვის, როგორც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის, ძალიან კარგია. ამ ყველაფერმა, განსაკუთრებით კი, რუსეთში ბაჟის საგრძნობლად შემცირებამ, ქართული წისქვილკომბინატების მუშაობას შესაძლოა, ბიძგი მისცეს. მართალია, თვეების განმავლობაში შექმნილი სიტუციის გამო, ქვეყანა უმეტესად ფქვილის შემოტანაზეა გადასული, მაგრამ ხორბლის მიმართულებით შეცვლილმა მდგომარეობამ მარცვლეულის აქტიურ იმპორტს შესაძლოა, გზა ხელახლა გაუხსნას.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული ყველა დიდი წისქვილკომბინატი კვლავ გაჩერებულია. მხოლოდ საშუალო სიმძლავრეების მქონე წისქვილების ნაწილი და მცირე წისქვილები ამუშავებენ ადგილობრივ მოსავალს.

მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო გადასახადი ძალიან არის შემცირებული რუსეთის ფერმერთა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაცია მარცვლეულის წარმოების შესანარჩუნებლად სახელმწიფო ინტერვენციული ფონდის მიერ შესყიდვების გაზრდასა და მარცვლეულ კულტურებზე საექსპორტო გადასახადის სრულად გაუქმებას მოითხოვს, თუმცა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრ ხორბალზე საბაჟო გადასახადის განულებას არ განიხილავს.

ახლა იმპორტიორები ტენდენციის გამოკვეთას ელოდებიან. როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა აცხადებს, მცურავი ბაჟის გაუქმების შემთხვევაში, ცხადია, წისქვილების მუშაობას აზრი დაუბრუნდება.

„ყველამ ვიცით, რომ უკრაინული დერეფანი ამუშავდა. ნელ-ნელა პორტები გაიხსნა და ამან მსოფლიო ბაზარზე გავლენა იქონია. მთლიანობაში რუსეთში შემცირებულია მცურავი ბაჟი და უკვე ჩამოსულია 20 დოლარს ქვემოთ ერთ ტონაზე. ერთი თვის წინ იყო დაახლოებით 130 დოლარი. ჯერ კიდევ ველოდებით ტენდენციის გამოკვეთას.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთში ფერმერების დიდი ყრილობა გაიმართა, სადაც პრეზიდენტს მცურავი ბაჟის გაუქმების თხოვნით მიმართეს. გაერთიანება 30 წელია რაც არსებობს და იქ შედის 60-მდე ასოციაცია და 193 ათასი ფერმერთა მეურნეობა, ანუ საკმაოდ დიდი ძალაა. მცურავი ბაჟის გაუქმების შემთხვევაში, ცხადია წისქვილების მუშაობას აზრი მიეცემა. დაბრუნდება კონკურენცია და შესაბამისად, წისქვილებიც იმუშავებენ. ეს ზამთარში, სასურსათო უსაფრთხოებისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი.

ყველა ქვეყანა ემზადება ზამთრისთვის და ხორბლის მარაგებს ავსებს. მაგალითსთვის, 400 000 ტონა ხორბალი უკვე ნაყიდი აქვს აზერბაიჯანს. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი ალიევი გამოვიდა და თქვა, რომ მარცვლეულის თვითუზრუნველყოფა 80%-მდე უნდა ავიდეს, როცა აქამდე 62% ჰქონდათ. ხორბალს იმარაგებს სომხეთიც. ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია, გვქონდეს გარდამავალი მარაგები“, - განაცხადა ლევან სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შედარებით განსხვავებული სიტუაციაა ფქვილის იმპორტის კუთხით. მისი ღირებულება გაზრდილია. ქვეყანაში კი 1 ტომარა ფქვილის საშუალო ფასი 80 ლარს აღწევს.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ საგრძობლად გაძვირებული წარმოების მიუხედავად, პურზე ფასის შენარჩუნება ჯერ მაინც ხერხდება.

,,ქვეყანაში მარაგი გვაქვს, მაგრამ გადასახადები არის ძალიან მაღალი. ყველაფერი ძალიან მაღალ თანხებზე გადის და მეპურეები შეწუხებულნი არიან. წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ფასმა მოიმატა, ყველაფერი გაძვირებულია და, რა თქმა უნდა, შეწუხდა ხალხი. ,,იფქლის” მაგალითზე გეტყვით. 150-170 ათას ლარს მხოლოდ გაზში ანდა 25 ათას ლარს წყალში რომ გადაიხდის, ხომ გესმით რამხელა თანხაზეა საუბარი?!

ჩვენ ვაყენებთ საკითხს: თუ გვინდა პურზე ფასის შენარჩუნება, მაშინ რაღაც უნდა მოხერხდეს. პურის მიმართ უფრო ყურადღებიანი დამოკიდებულება უნდა იყოს. იქნებ პრემიერის წინაშეც დადგეს ეს საკითხი. ჯერ მარტო კორონავირუსიდან გამომდინარე იმდენად მტკივნეული პროცესები წამოვიდა. ყველა პური შეიფუთა და ეს დამატებითი ხარჯია.

მიუხედავად გაზრდილი გადასახადებისა, პურზე ფასის შენარჩუნებას ჯერჯერობით ვახერხებთ, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ძალიან მტკივნეული პროცესია”, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში დამზადებულ და რუსეთში წარმოებულ ფქვილს შორის სხვაობა ისე შემცირდა, როგორც არასოდეს.

,,ბოლო ხანებში მსოფლიო ბაზარზე ფქვილის ღირებულებამ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. საქართველოში დამზადებული და რუსეთში წარმოებული ფქვილის ფასებიც ერთამენთთან ძალიან ახლოს მივიდა. ეს არასოდეს მომხდარა. სხვაობა ყოველთვის იყო 6-7 ლარი და ახლა 3-4 ლარია. ქვეყანაში პირველი ხარისხის ფქვილის საშუალო ფასი, 1 ტომარაზე 80 ლარს აღწევს.

ქვეყანაში ახლა სამთვიანი მარაგი ნამდვილად არის, როგორც ხორბლის, ისე ფქვილის სახით. წელს ადგილობრივი ხორბლის მოსავალი ბევრად მეტია, ვიდრე წინა წლებში იყო”, - დასძინა მალხაზ დოლიძემ ,,რეზონანსთან”.

გაძვირებული ფქვილის და გაზრდილი გადასახადების პირობებში პურის გაძვირება მოუწია ,,თემქის პურის” დირექტორს, დალი კუპატაძეს.

,,პურის ფასის შენარჩუნება ვერ შევძელი და გაძვირება მომიწია. გაზის გადასახადი 70%-ით გამეზარდა და ასეთ პირობებში რთულია. პურის 10 თეთრით გავაძვირე. ბოლო ერთი კვირაა, რაც ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. თან ზაფხულში რეალიზაცია შემცირებულია და მინუსში მივდიოდი. ამიტომ სხვა გამოსავალი არ იყო. პურის წონის მოკლებამ და მოხმარებლის მოტყუებას, პურის გაძვირება მირჩევნია, რადგან მათ იციან და ჩანს კიდეც, რომ ხარჯი მეც მეზრდება.

არ მეგონა, თუ ასე გამეზრდებოდა გაზის გადასახადი. 25 თეთრს ვფიქრობდი, მაგრამ სადღაც 55 თეთრით მეტი მომივიდა თითოეულ კუბურ მეტრზე, რაც 70%-ით მეტი აღმოჩნდა”, - განუცხადა ,,რეზონანსს” დალი კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე