ერთ დღეს რომ დოლარებს ყიდულობს, მეორე დღეს უკანვე აბრუნებს და ლარს აქეთ-იქეთ ათამაშებს
გვანცა წულაია
(17.08.2022)

საქართველოს ეროვნული ბანკის გაურკვეველმა ქმედებამ საზოგადოება და ფინანსისტები გაოგნებული დატოვა. წინა ხუთშაბათს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე სრულიად მოულოდნელად 40 მილიონი დოლარი შეისყიდა, რასაც სავალუტო ბაზარზე ლარის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში კი სებ-მა აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გასაყიდად გაიტანა და თითქოს თავისი შეცდომის გამოსწორება სცადა. სფეროს სპეციალისტებისთვის კობა გვენეტაძის უწყების ნაბიჯები სრულიად გაურკვეველია და ამბობენ, რომ ეროვნული ბანკს არც ქვეყნის ეკონომიკა ადარდებს და არც მოსახლეობა.

წინა კვირას საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედების შედეგად კურსი 12 თეთრით გაუფასურდა. 10 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 40 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. სებ-ის ამ ნაბიჯს 2 დღეში მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა და "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმზე კურსმა 2.82-ს მიაღწია. მაშინ, როცა კურსი ერთბაშად შესყიდულ 40 მილიონ დოლარამდე 2.69-2.70-ის ფარგლებში მერყეობდა.

ამ გაურკვეველი ქმედების შემდეგ, გუშინ, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კიდევ ერთი უცნაურობა ჩაიდინა და სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი უკვე გასაყიდად გამოიტანა, საიდანაც მხოლოდ 8 305 000 დოლარი გაიყიდა.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს არც ქვეყნის ეკონომიკა ადარდებს და არც მოსახლეობა. სტრუქტურის მთავარი საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ბანკები და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

“ეროვნული ბანკი ქვეყნის ბედით დაინტერესებული არ არის. ამ სტრუქტურას არ აინტერესებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ის არის ჩაკეტილი თავის გარსში და ერთადერთი რაც აინტერესებს, არის კომერციული ბანკების კეთილდღეობა. სამწუხაროდ, სებ-ი ვერ გახდა ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. არადა, სხვადასხვა სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკები ყოველთვის ცდილობენ, რომ ეკონომიკა წინ წასწიონ, სტიმული მისცენ სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენს ეროვნულ ბანკს ეს საერთოდ არ აინტერესებს.

ამ მავნე პრაქტიკის შთამაგონებელი კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მისი რეკომენდაციებია. არც ერთ ქვეყანას, არც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, საერთოდ არავის, დედამიწის ზურგზე, არ ადარდებს საქართველოს ეკონომიკა და ჩვენი მოსახლოების კეთილდღეობა. არადა, ერთ-ერთი ძირითადი სტრუქტურა, ვინც ამაზე უნდა ზრუნავდეს, არის სწორედ სებ-ი და ეს ორგანულ კანონში წერია.

სამწუხაროდ, სებ-ი ვერც თავის მთავარ ამოცანას ასრულებს. ვერ ინარჩუნებს ფასების სტაბილურობას. ეს არა მარტო დღეს, არამედ არასდროს არ გაუკეთებია. ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ეროვნული ბანკი არღვევს ორგანულ კანონს და ამაზე არავინ რეაგირებს, მათ შორის არც პარლამენტი, რომლის წინაშეც უშუალოდ პასუხისმგებელია გვენეტაძის უწყება.

სებ-ის მიერ დეკლარირებული ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი არის აბსოლუტურად ჩავანდნილი, რაც მხოლოდ ქაღალდზე წერია და რეალურად ვერ მუშაობს. სებ-ს ერთადერთი სადარდებელი აქვს კომერციული ბანკები და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა”, - განუცხადა ლია ელიავამ “რეზონანსს”.

პირველი აგვისტოს შემდეგ ჯამში 70 მილიონი დოლარია ბრუნვიდან ამოღებული. საბანკო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინტერვენცია აუცილებელი იყო, თუმცა სებ-მა ყველა დასაშვებ ნორმას გადააჭარბა. ლარი არ გაუფასურდებოდა სებ-ს ერთბაშად 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, პერიოდულად 10-10 მილიონი დოლარი რომ ამოეღო ბრუნვიდან.

ეროვნული ბანკის საქმიანობას კრიტიკულად აფასებს ეკონომისტი პაატა შეშელიძე და ხაზს უსვამს, რომ მისი ქმედებები საერთოდ არალოგიკურია.

“ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა, რომლის ქმედებები ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. არ არსებობს არანაირი მოსაზრება, თუ რას უნდა ველოდეოთ ახლო თუ შორეულ მომავალში. ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება მათივე წესებით სწორია. ამ დროს შედეგი საპირისპიროა.

შეფასება, ალბათ, უნდა ვეძებოთ პერსონალურ საკითხებში, პერსონალურ ინტერესებში, პოლიტიკურ შეკვეთებში და არა ეკონომიკურ თემებში, ამიტომ ძალიან ძნელია ამაზე შეფასების მიცემა, რადგან არ არის საჯარო ინფორმაცია, თუ ვის და რომელ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება ასეთი გადაწყვეტილებები.

ქვეყნის ეკონომიკას რომ არ ემსახურება ეს ორგანიზაცია, ეს თავიდანვე ცხადი იყო, იმ დროიდან, როცა შეიქმნა. ეროვნული ბანკი ყოველთვის პოლიტიკურ სამსახურში დგას და ეკონომიკისა და ადამიანების წინააღმდეგაა. ამ ორგანიზაციის კომპლექტაციაც სწორედ ამ გზით ხდება, ვინ დახრის თავს და ვინ მოაწერს ხელს დანაშუალებრივ გადაწყვეტილებებს. არანაირი კრიტიკული აზრი, არანაირი გრძელვადიანი ხედვა, პასუხისმგებლობა არც ერთ ადამიანს არ აუღია ამ სტრუქტურიდან, არადა, მათი პროგნოზები არასდროს გამართლებულა.

ჩვენ არაფერი ვიცით იმაზე, რაც ჩვენს ბედს წყვეტს. გასაიდუმლოებულია სისტემა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე ახდენს უზარმაზარ ზეგავლენას. ეს ადამიანები ამ ყველაფერს ხელს აფარებენ და მეტსაც გეტყვით, დანაშაული უფრო შორს მიმავალია. ამ არაჯანსაღ სისტემაში ჩართული ჰყავთ საერთაშორისო ორგანიზაციები, საფინანსო ინსტიტუტები, განსაკუთრებით სავალუტო ფონდი, რომლებიც ჩამოდიან და მათ აქებენ. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, რომლის მმართველობის პირობებშიც, არც ერთი პროგნოზი არ გამართლებულა, ასახელებენ საუკეთესო ბანკირად. პერმანენტული ხარვეზების და გაუარესების პირობებში ამ ადამიანს ხოტბას ასხამენ.  

ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი, მაგრამ სანამ ამაზე არ ვისაუბრებთ საკმარისად ხმამაღლა და გარკვევით, ამ ცვლილებებს არავინ მოითხოვს. კრიტიკული ვიყავი, ვარ და ალბათ ვიქნები, ასეთი პოლიტიკის მიმართ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი, რომელიც არის კონკრეტული ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე. უცნობია, რა ჯგუფები ახდენენ სებ-ზე გავლენას, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს გაცხადებული ნათელი პოლიტიკა, თუ რა შედეგებია მოსალოდნელი მისი ქმედებებისაგან”, - განუცხადა “რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე