თხილის მკრეფავებს ახლა იქ უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე საქართველოში
გვანცა წულაია
(17.08.2022)

საქართველოში თხილის მოსავლის აღება უკვე დაიწყო. სამუშაო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მთლიანი მოსავლის დაახლოებით 25-30%-ია აღებული. კარგი სიახლე ის არის, რომ წელს მუშახელის დეფიციტი აღარ შეიმჩნევა. ამის მიზეზი უფრო, რომ თურქეთში სეზონურ მუშაობაზე წელს ხალხმა მასობრივად თქვა უარი, რადგან იქ დასაქმებულებს უკვე უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე საქართველოში. ასე რომ, ადგილობრივები უკვე საქართველში ჩაერთნენ მოსავლის აღების პროცესში.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუა მოსავალზე, ხარისხზე, მუშახელზე, ფასზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. 

„რეზონანსი”: ბატონო გიორგი, რამდენიმე დღეა, რაც თხილის აღება დაიწყო. როგორი მოსავალია?

გიორგი თოდუა: დაახლოებით 10 დღეა, რაც დაიწყო თხილის მოსავლის აღება, თუმცა 25-30%-ზე მეტი არ არის აღებული. ნალექების, წვიმების გამო დაგვიანდა დაბინავება და დაახლოებით ერთ კვირაში უფრო ინტენსიურად დაიწყება მოსავლის აღება ყველგან, სადაც კი თხილი იწარმოება. ეს არის: სამეგრელო, გურია, იმერეთი, აჭარა, კახეთი და ა.შ. გააჩნია, ჯიშებსაც. ადგილობრივი ცოტა ადრე და უცხოური შედარებით გვიან, დაახლოებით, 25 აგვისტოდან შემოდის.

„რ”: რა შეგიძლით გვითხრათ ხარისხზე?

გ.თ: საქართველოში ზოგადად 50 ათასი ფერმერია, თუმცა, ჩვენთან 30 ათასი მათგანია გაწევრიანებული და, ჩვენი ვარაუდით, 10 ათას ფერმერს მაინც ექნება პირველი ხარიხსის თხილი.

უახლოესი 3 წლის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ პრემიუმ ხარიხსის თხილის მიღებაზე, რადგან ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, თურქულ და იტალიურ თხილთან შედარებით, სატანდარტში ჩამორჩენა გვაქვს. პირველი ხარიხსის წილი, მთლიან რაოდენობაში, დაახლოებით, 10-დან 20%-მდე მერყეობს, რაც სახარხიელო არ არის, როცა თურქეთში ეს მაჩვენებელი 90%-ია.

ჯერ თხილის ხარისხის დადგენა ძალიან რთულია. შეუწამლავის და შეწამლულის ვიზუალურად გარჩევა პირველ დღეებში ძალიან რთულია, ამიტომ იმ ფერმერების, რომლებსაც აგროღონისძიბები არ ჩაუტარებიათ, სასუქი არ შეუტანიათ და ა.შ, მიზანია, პირველივე დღეებში მოიშორონ თხილი.

„რ”: საერთოდ, სოფლის მეურნეობაში მუშახელის პრობლემაა. ამ მიმართულებით რა ხდება? გყავთ მკრეფავები და რა ფასად მუშაობენ ისინი?

გ.თ: მუშახელი ჯერჯერობით საკმარისია. დღიური მუშის ხელფასი 50 ლარია, თუმცა არის მეტის მოთხოვნის შემთხვევებიც. ზოგი 60 და 70 ლარს ითხოვს და ეს ძალიან ძვირია. 70 ლარი კილოგრამზე რომ გადავიანგაროშოთ, 70 თეთრია და ძალიან ძვირია. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით პრობლემა არ გვაქვს, მუშახელი არის. შარშან გვქონდა ეს პრობლემა, წელს – არა.

კარგი ის არის, რომ ფერმერებს გამოცდილება დაუგროვდათ და ვინც მცირემიწიანები არიან, მათი ოჯახის წევრები მოსავლის აღების პროცესში არიან ჩართულები. ეს კარგია და მუშახელზე მოთხოვნას ამცირებს და ფასსაც არეგულირებს. ასევე მნიშვნელოვანია, თხილის გამწმენდი აპარატები, რომელიც ბაზარზე შემოვიდა. 

„რ”: წინა წლებში ძალიან აქტიური იყო თურქეთში წასვლა და თხილის პლანტაციებში დასაქმება. ბოლო დროს ვითარება შეიცვალა და ქართველები მეზობელ ქვეყანაში ნაკლებად გადადიან. რა მიზეზით და ეს ხალხი აქ ხომ არ დასაქმდა?

გ.თ: დიახ, ახლა ვითარება სხვაგვარია და მიზეზი თანხაა. ქართულ ფულზე რომ ვიანგარიშოთ, თურქეთში მსგავს სამუშაოებზე მუშახელი 40-45 ლარს იღებს, 50 ლარს არავითარ შემთხვევაში არ სცდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ 50 ლარი, შენს ქვეყანაში, სოფელში, გაცილებით უფრო კარგი მისაღებია, ვიდრე სხვა ქვეყანაში წასვლა და ნაკლების გამომუშავება. და ასეც მოხდა, ფაქტია, რომ წელს მუშახელის დეფიციტი არ გვაქვს.

„რ”: აღების პროცესი რამდენიმე დღეა დაიწყო და შესაბამისად, თხილის რეალიზაცია აქტიური არ არის. ვინც უკვე მოსავალი აიღო, რა ფასად ყიდიან თხილს ან როგორი მოლოდინი გაქვთ, რა ეღირება წელს პროდუქტი?

გ.თ: ფასები დამოკიდებულია ხარისხზე. იგი იყოფა სამ ნაწილად: პირველი ხარისხის, ანუ პრემიუმ ხარისხის, შემდეგ - მეორე ხარისხის და ბოლოს - მესამე ხარისხის. ამ უკანასკნელს, ბუნებრივია, რომ მაღალი ფასი არ ექნება.

ახლა ფასი მაღალი არ არის, დაახლოებით 3 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ეს ტენიანი თხილია და 3 ლარი, ფაქტობრივად, მშრალ თხილზე 4 ლარს ნიშნავს. ასე რომ, ფერმერებს ვურჩევთ, რომ თხილი აუცილებლად გააშრონ.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ფერმერებს ურჩევნიათ, რომ თხილი სექტემბერ-ოქტომბერში გაყიდონ. ამ დროს უფრო მაღალი ფასი ფიქსირდება ხოლმე, თუმცა წელს დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ასე მოხდება. შეიძლება თხილი ბაზარზე ღირდეს 4 ლარიც, 5 ლარიც, 7 და 8 ლარიც, ეს დამოკიდებულია ხარისხზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე