მერაბ ჯანიაშვილი: "ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გაგვეყარა სებ-ის მთელი შემადგენლობა"
ქეთო გოგოხია
(15.08.2022)

სავალუტო ინტერვენციების გამოყენებისას ეროვნულ ბანკს ზომიერებამ უღალატა. წინა ხუთშაბათს ბრუნვიდან ერთბაშად 40 მილიონი დოლარის ამოღებას სავალუტო ბაზარზე მოულოდნელად ლარის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა, რაც მრავალ უარყოფით გაგრძელებას გამოიწვევს. პირველ რიგში, პრობლემა შეექმნება იმპორტს და სამომხმარებლო პროდუქციის გაიაფების დაწყება გამოირიცხება. სულ ცოტა ხნის წინ იმპორტიორები, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ბაზრის მოთამაშეები, საფასო ცვლილებას გეგმავდნენ, რაც გაურკვეველი პერიოდით გადავადდება.

შექმნილ სიტუაციაში სპეციალისტები ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მისმა არაადეკვატურმა ქცევამ ლარის მყისიერი გაუფასურება გამოიწვია, რითაც მოსახლეობას და ქვეყანასაც დიდი პრობლემა შეუქმნა. 

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკმა წინა კვირას 40 000 დოლარი გამოაცალა ბაზარს და კურსი  2,70-დან მოულოდნელად 2,82-მდე დაეცა. 1 აგვისტოს შემდეგ ჯამში 70 მილიონი დოლარია ბრუნვიდან ამოღებული. საბანკო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინტერვენცია აუცილებელი იყო, თუმცა სებ-მა ყველა დასაშვებ ნორმას გადააჭარბა.

დოლარის ჭარბი შესყიდვის აუცილებლობა მით უფრო არ იყო, რადგან ივლისში ფულადი გზავნილები შემცირებულია. თვითონ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა თვეში ქვეყანაში 306 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც ივნისის მაჩვენებელს (427.4 მილიონ დოლარს), 28.4%-ით ჩამორჩება.

აშკარად არასახარბიელო მოლოდინის მიუხედავად, მთავრობაში ფიქრობენ, რომ  საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. ეს გუშინ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაადასტურა.

„ლარი ბოლო პერიოდში არსებითად არის გამყარებული. როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო უკრაინაში, ლარი 3.40-ის ფარგლებში იყო, შემდეგ დასტაბილურდა 3.05-ის მიდამოებში. დღეს, ბოლო 2 დღის ვაჭრობის შედეგად არის 2.80-ის ფარგლებში. ფულადი ნაკადების შემოდინებას განსაზღვრავს ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი, ფულადი შემოდინების მზარდი მაჩვენებელიც, რათა საშუალოვადიან პერიოდში ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს",- აღნიშნა ხუციშვილმა.

თუმცა ფინანსისტების მოსაზრება ლარის კურსთან დაკავშირებით აშკარად განსხვავებულია. მათი აზრით, კურსი არ დარჩება ამჟამინდელ შედარებით მაღალ ნიშნულზე, თუმცა ბიზნესისთვის 2-3-დღიანი რყევა საკმარისი საბაბი იქნება, რომ ფასები არ შეამცირონ, რაც სებ-ის გაუმართლებელმა ნაბიჯმა გამოიწვია.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ინტერვენციების მომხრეა, თუმცა ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში სებ-ი არაადეკვატურად მოიქცა.

,,ინტერვენციებს ზოგადად ვემხრობი. ლარის კურსის ცვლილება არც ერთი მიმართულებით არ არის სასურველი. გაუფასურებაზე საზოგადოება ნეგატიურად რეაგირებს, მაგრამ ეკონომიკისთვის არც მკვეთრი გამყარება არის სასურველი, მით უმეტეს, ექსპორტზე ძალიან ცუდად მოქმედებს. როგორც წესი, ვალუტის კურსი თუ სწრაფად იცვლება გამყარების თუ გაუფასურების მიმართულებით, საჭიროა ჩარევა. თუმცა ეროვნული ბანკი ამ ზომებს ხშირად არაადეკვატურად მიმართავს და მხოლოდ მაშინ, როცა გამყარებას აქვს ადგილი", - განაცხადა ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ ყველაზე მეტად მოსახლეობა დაზარალდება მკვეთრი სავალუტო რყევების გამო, რადგან ფასები აღარაფერზე დაიკლებს, რისი მოლოდინიც ბოლო დროს გაჩნდა.

,,ლარის გაუფასურება გვიძვირებს პროდუქციას, მაგრამ პირიქით არ ხდება - გამყარების შემთხვევაში ფასები დაბლა არ მოდის. ბაზარზე უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია, მაგრამ საქართველოში ბევრ სფეროში ოლიგოპოლიისა და მონოპოლიის ნიშნებია. შესაბამისად, ჩვენ გაიაფებას ვიღებთ ძალიან გვიან და მცირე მოცულობით. ნავთობპროდუქტების ფასები არის ამის ნათელი მაგალითი, საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლებისა და ლარის გამყარების მიუხედავად, საწვავის ფასი არ მცირდება. 

ახლა გამყარების ტრენდი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. გარკვეულ პროდუქტებზე, მათ შორის საწვავზეც, გაიაფება უნდა დაწყებულიყო, თუმცა აწი ესეც გამოირიცხება.

მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გაგვეყარა მისი მთელი შემადგენლობა. 4 წელია ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ამაზე მეტი რა უნდა ხდებოდეს, მაგრამ თვალს იბრმავებს მთავრობაც, პარლამენტიც და ეროვნული ბანკიც, რომლის ერთადერთი პასუხისმგებლობა ფასების სტაბილურობაა და ამასაც ვერ უზრუნველყოფენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში იმის ცდაში არიან, ვის გადააბრალონ, ამასობაში მოსახლეობაც ღარიბდება და ქვეყანაც", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

ლარის გაუფასურების უარყოფით მხარეზე საუბრობს ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილიც. მისი აზრით, ლარის მთავარი ფუნქციაა მკვეთრი სავალუტო რყევებისგან ბაზრის დაცვა, რასაც ვერ ასრულებს და არაადეკვატურ ქმედებებს მიმართავს, რის მაგალითიც სებ-ის ბოლო ინტერვენციაა.

,,ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს იმის საფუძველზე, თუ როგორი მოთხოვნაა დოლარზე. მისი ამოცანა იმაშია, რომ მკვეთრ სავალუტო ცვლილებებისგან დაიცვას ბაზარი. ბოლო ინტერვენციებით 40 მილიონი დოლარი შეისყიდა. ვფიქრობ, ზომიერებამ უღალატა. ამხელა ინტერვენციები აშკარად გადაჭარბებულია. სჯობდა, უფრო ნაკლები თანხით რამდენჯერმე ამოეღო დოლარი მიმოქცევიდან.

ლარის გამყარებაც და გაუფასურებაც  მისაღებ დიაპაზონში უნდა ხდებოდეს, კურსის მკვეთრი ამპლიტუდა დიდი ზიანის მომტანია ეკონომიკისთვის. სწორი ნაბიჯები რომ გადადგმულიყო, ასეთი ნახტომისებრი ცვლილება არ გვექნებოდა. მოულოდნელი გაუფასურება  ბევრ პრობლემას შექმნის. შესაძლოა, გარკვეული პროდუქტები თავის დაზღვევის მიზნით კიდევ გაძვირდეს. მერყეობის მომენტს  იმპორტიორები აუცილებლად თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ და შექმნილი სიტუაციით ისარგებლებენ, რის მომსწრეც არაერთხელ გავმხდარვართ", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი მკვეთრად გაუფასურდა და 2.7877 შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 7.88 თეთრი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე