"სირთულეები, რაც უკვე დაიწყო და ომის გაგრძელდების შემთხვევაში, უფრო გამწვავდება, საქართველოს დიდწილად არც კი შეეხება"
გვანცა წულაია
(15.08.2022)

რეგიონში მიმდინარე ომის კვალდაკვალ საქართველოს ეკონომიკური ფაქტორები უმჯობესდება. მეტიც, ქვეყნის სატრანზიტო დერეფანმა, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა, რაც საქართველოს დამატებით შემოსავალს და პოტენციალს უჩენს. საინტერესოა, რამდენად შეძლებს საქართველო პოზიტიური ტენდენციის შემარჩუნებას გვიანი შემოდგომიდან, როცა მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური ვითარების გამწვავება და კრიზისიც კია მოსალოდნელი.

ახლა ყველაფერი ომის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, რომელიც, როგორც ჩანს, დასასრულისკენ სულაც არ მიდის. ამას ადასტურებს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაც. მათი პროგნოზით, უკრაინაში ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადავიდა და დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე არ დასრულდება. ასეთ პირობებში კი, მსოფლიოს მძიმე ეკონომიკური პრობლემები ემუქრება,

რაც შეეხება საქართველოს, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, ექსპორტი და სხვა ეკონომიკური ფაქტორები საქართველოში ბოლო თვეებში გაუმჯობესებულია. ქვეყნის სატრანზიტო დერეფნის მიმართ დაინტერესება ძალიან გაზრდილია, რაც ქვეყანას უდიდეს შესაძლებლობას უჩენს. მეტიც, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. გავრცელებული ცნობით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება.

ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „ყაზმუნაიგაზი" აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკართან" მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით წლიურად 1.5 მილიონი ტონა ნავთობი გავიდეს. წელიწადში კიდევ 3.5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის ტრანზიტი კი შეიძლება სხვა გზით მოხერხდეს - 2023 წლიდან აზერბაიჯანული მილსადენით სუფსის პორტამდე.

პოზიტიური ინფორმაციებივრცელდება გადაზიდვების მიმართულებითაც. სომხეთის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადატვირთულობის გამო, მის ალტერნატივად საზღვაო ტრანსპორტი განიხილოს. ეს კი, საბორნე მიმოსვლის აღდგენას ნიშნავს.

ამ პირობების გათვალისწინებით, ექსპერტები შემოდგომა-ზამთრის კრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გართულებას არ პროგნოზირებენ. როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ აღნიშნა, საქართველოს ისე სიღრმისეულად არ შეეხება ეკონომიკური პრობლემები, როგორც საერთაშორისო მასშტაბით არის მოსალოდნელი.

 „სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ომზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. მისი გაგრძელების შემთხვევაში, გლობალური მასშტაბით ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გართულდება. ამ სიტუაციაში უკრაინის ეკონომიკაზე საუბარი შეუძლებელია, ხოლო რუსეთი ჯერჯერობით დაგროვილი რესურსების ხარჯზე ახერხებს მძიმე კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლას.

ჩვენი ეკონომიკა ღიაა, რომელიც მიბმულია დასავლურ და ასევე ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, ეკონომიკას. ფულადმა გზავნილებმა კურსი გაამყარა, ლარის სასარგებლოდ. რუსეთიდან გადმორიცული თანხები ყოველთვის იყო პრიორიტეტული. აშკარაა, რომ ომის დაწყების შემდეგ ფულადი გზავნილები მკვეთრად გაიზარდა. სწრაფად დაიწყო ზრდა ტურიზმმა და ეს, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავლებია.

თუ ომი კიდევ გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, უფრო დიდი კაპიტალი წამოვიდეს საქართველოს მიმართულებით, პირველ რიგში, სწორედ რუსეთიდან. იქ უამრავი ქართველი ცხოვრობს და როდესაც ისინი არამყარ სიტუაციას გრძნობენ, ბუნებრივია, შეეცდებიან საქართველოში კაპიტალის გადმოტანას. სწორედ ეს იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი იმ რეცესიული პროცესებისა, რომელიც გლობალური მასშტაბით იკვეთება.

იმავდროულად, საქართველოს სატრანზიტო დერეფანმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა და ომის გაგრძელდების შემთხვევაში, აქედან კიდევ მეტი შემოსავალი გვექნება, საუბარია ყველა სატრანზიტო მიმართულებაზე.

საქართველოში ისეთი მასშტაბის კრიზისი, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში მოსალოლდნელი, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, არ არის მოსალოდნელი. ის სირთულეები, რაც გლობალურად უკვე დაიწყო და ომის გაგრძელდების შემთხვევაში, უფრო გამწვავდება, საქართველოს დიდწილად არც კი შეეხება", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს"ავთო სილაგაძემ.

უკვე აშკარაა, რომ გლობალურად ეკონომიკური ვითარება ნელ-ნელა მძიმდება. შემოდგომიდან სიტუაციის მეტად გამწვავებაა მოსალოდნელი, რისი მოგვარებაც მხოლოდ და მხოლოდ ომის დასრულებით არის შესაძლებელი. ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა მოსალოდნელი კრიზისის შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულის დაწყებისთანავე განაცხადეს,

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენცი, ფინანასისტი ნიკა შენგელია მასშტაბურ კრიზისს 2023 წლიდან პროგნოზირეს. უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით კი, ფინანსისტი ამბობს, რომ ქვეყანაში სიძვირე იქნება, რის გამოც მოსახლეობა ყველაფერის შეძენას ვერ შეძლებს, მაგრამ სხვა რაიმე დაუძლეველი კრიზისი საქართველოს არ ემუქრება.

„მე პირადად, მსოფლიო კრიზისს 2023 წელს ველოდები, როგორც ამერიკიდან და ისე ევროპიდან. ყველგან მოსახლეობის შემოსავალი იკლებს ან არ იზრდება. რაც შეეხება, ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მაღალი ინფლაციაა. ზოგიერთ პროდუქციაზე ფასების ზრდა, თუ შევადარებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებს, 80 და 100%-ია.

ვინმეს კრიზისი თუ წარმოუდგენია ისე, რომ საქართველოში პროდუქტი არ იქნება, ასეთ რამეს არ ველოდები და არ მოხდება. უბრალოდ, ყველაფერი გაძვირდება და მოსახლეობა ყველაფრის შეძენას და საჭირო ხარჯების გაწევას ვერ მოახერხებს. სხვა ტიპის კრიზისის საქართველოს არ ემუქრება“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთა“შენგელიამ,

რაც შეეხება კონკრეტულად ეროვნულ ვალუტას. 10 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 40 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. სებ-ის ამ ნაბიჯს 2 დღეში მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა და "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმზე კურსმა 2.82-ს მიაღწია.

შენგელია აზრით, თუკი ეროვნული ბანკი ასე უპასუხისმგებლოდ მომავალში კიდევ იმოქმედებს, სექტემბრიდან კურსი 3 ლარსაც გადასცდება.

„ეროვნულმა ბანკმა უცებ ერთიანად ამოიღო 40 მილიონი დოლარი. წინა დღეებში, როდესაც სავალუტო ბაზრიდან 10 და 20 მილიონი ამიღო, არაფერი მომხდარა. შემდეგ, უცბად ერთიანად შეისყიდა 40 მილიონი და ახლა კურსი არის 2.82. სებ-მა კურსი ხელოვნურად გააუფასურა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა. 10 და 20 მილიონი დოლარი რომ ამოეღო, ბაზარზე ასეთი რყევა არ მოხდებოდა.

გვენეტაძის უწყებამ ეს სპეციალურად გააკეთა, რომ იაფად ხელში ჩაგდებული დოლარები, მოსახლეობისთვის ძვირად მიეყიდა და პანიკური ფონი შექმნა. ამის მომკითხავი კი არავინ არის და თუ ეროვნული ბანკი ასე უპასუხისმგებლოდ კიდევ იმოქმედებს, სექტემბრიდან კურსი 3 ლარსაც გადასცდება. არანაირი პრობლემა არ იქნებოდა კვირაში სამჯერ 10-10 მილიონი დოლარი რომ ამოეღო. კომერციულ ბანკებს ჩვენი მოსახლეობა და ბიზნესი საჯიჯგნად მიუგდეს“, - დასძინა „ბიზნეს-რეზონანთან“ ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე