მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, მეორეული ავტომობილები თითქმის ყოველდღიურად ძვირდება. ეს ყველაფერი ავტობიზნესს აზარალებს, ბაზარი კი დიდი დატვირთვით ვერ მუშაობს და, ჯერჯერობით, პოზიტიური ნიშნებიც არ იკვეთება. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რატომ ძვირდება მეორეული ავტომობილები და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.
ავტომობილების გაძვირება ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაიწყო, რასაც ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომის ნეგატიური გავლენა ემატება. ავტობიზნესისთვის ეს დიდი დარტყმაა, რადგან მანქანების რეალიზება უჭირთ, რასაც, რა თქმა უნდა, ნეგატიური ეფექტი აქვს.
ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი ადასტურებს, რომ მეორეულ ავტომობილებზე ღირებულება მართლაც გაზრდილია.
„მეორეულ ავტომობილებზე ფასი ჯერ კიდევ კორონავირუსის პერიოდში გაიზარდა და ამის შემდეგ აღარც დაწეულა არც ამერიკაში და არც ევროპაში. ამ ყველაფერს ემატება გადაზიდვის პრობლემები _ ვადა თუ იყო 1 თვე, დღესდღეისობით გაიზარდა 3-4 თვემდე.
საქართველოს მოსახლეობასა და ქართველ მყიდველს ძალიან უჭირს ავტომობილის შეძენა, რადგან საქართველოში არის ინფლაცია. ასეთია ზოგადი ფონი, რაც ჩვენც ძლიერად შეგვეხო, ხოლო ეს ცუდი და დამაზარალებელია ჩვენი სექტორისთვის. ქართველი მყიდველი არჩევანს აკეთებს საჭირო პროდუქტებზე და არა _ ფუფუნების საგანზე", - აღნიშნა დარბაისელმა „რეზონანსთან" საუბრისას.
აშკარაა, რომ მეორეულ ავტომობილებზე ფასის ზრდა იმპორტიორებზე ნეგატიურად მოქმედებს და, ჯერჯერობით, მდგომარეობის გამოსწორების ნიშნები არ იკვეთება, ფასის ზრდა კი მკვეთრად შესამჩნევია.
ავტოიმპორტიორი, საავტომობილო სფეროს სპეციალისტი, ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ ფასი მართლაც საგრძნობლად არის მომატებული, რაც ნაწილობრივ გადაზიდვების გართულებამაც გამოიწვია.
„მეორეულ ავტომობილებზე ფასის ზრდა გამოიწვია იმან, რომ ევროპასა და ამერიკაში დაიწყო ღირებულების მატება, გაძვირდა გადაზიდვები. ამერიკის ბაზარზე საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია შიდა გადაზიდვების გაძვირება, რაც, შესაბამისად, საქონლის საბოლოო ფასზეც აისახება.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა კრიზისი გადაზიდვებში, მიწოდება ხდება ნაკლები, ასევე, ამერიკაში მეორეული მანქანების ფასებმაც საკმაოდ აიწია, ხოლო საქართველო მიბმულია როგორც ამერიკაზე, ასევე _ ევროპაზე", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას ჯამაგიძემ და დასძინა, რომ საწვავის გაძვირებაც მოქმედებს იმ პროცესებზე, რომლებიც ახლა მიმდინარეობს.
„ევროპაშიც საგრძნობლად არის საწვავი გაძვირებული, რის გამოც ხალხი ახალ მანქანებს აღარ ყიდულობს, ისინი ასევე ელოდებიან ახალ დადგენილებებს. მიმდინარე მოვლენებზე პოლიტიკური მდგომარეობაც გარკვეულწილად აისახება. შიდა პროდუქტი რომ ძვირდება, ამას ემატება წარმოების მაღალი ფასი, რადგან ძველი მანქანების რეალიზაცია შემცირებულია, რის გამოც საბოლოოდ გამოდის მაღალ ფასში.
ის, რომ ახლა საწვავი გაძვირებულია და ამ პრობლემების წინაშე ვართ, გამოიწვია ომმა. რუსეთი ბაზრიდან ამოვარდა და იაფიანი ნავთობი აღარ არის აღარც ამერიკისთვის. ამ ეტაპზე ვენესუელასა და არაბეთის ზოგიერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რამაც მოვლენები უნდა დაარეგულიროს, თუმცა ეს სწრაფად ვერ მოხდება", - დასძინა ჯამაგიძემ.
ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ავტოიმპორტიორებისთვის რთული პერიოდია, არადა, ავტობიზნესის წარმატებით მუშაობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეკონომიკაზეც დადებითად იმოქმედებს.
გაძვირების შესახებ საუბრობს „გლობალ ავტოიმპორტის" დამფუძნებელი ვანო ბიჩინაშვილი. ის აღნიშნავს, რომ ფასის მატებას რამდენიმე განმაპირობებელი მიზეზი აქვს, მათ შორისაა ახალ ავტომობილებზე ჩიპების წარმოების პრობლემა და შედეგად, მეორეული ავტომობილის შესყიდვაზე საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა.
„ყველაფერს ემატება ისიც, რომ ტრანსპორტირების ხარჯი 80%-ით გაგვეზარდა. შედეგად, „გლობალ ავტოიმპორტში" ავტომობილებზე ფასებმა გასული წლის დეკემებრის შემდეგ 30%-ით მოიმატა, ანუ მივიღეთ ის, რომ ავტომობილის შეძენაზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა მისი მიწოდება _ გართულებული. თუ უფრო შორს გავიხედებით, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში წელს, 5 თვეში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ავტომობილებზე ფასები 100%-ითაა გაზრდილი. სამწუხაროდ, ფასების ზრდა ყოველდღიურად ხდება", - განმარტა ვანო ბიჩინაშვილმა „ბიზნეს მედიასთან".
ცნობისთვის, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული იმპორტის 10% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. როგორც „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 606.8 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე