თუკი უცხოურ ბაზრებზე ფასები შენარჩუნდება და, პარალელურად, ლარიც გააგრძელებს გამყარებას, ეს რიგი პროდუქტების გაიაფებას გამოიწვევს
რეზონანსი
(26.07.2022)

ბოლო თვეების განმავლობაში ლარი განუხრელად მყარდება, მაგრამ ფასები არათუ არ იკლებს, ზოგიერთ პროდუქციაზე მატულობს კიდეც, რაც საზოგადოების მხრიდან მუდმივად იწვევს უკმაყოფილებას. სპეციალისტები ამის მიზეზად გლობალური პროცესების გავლენას მიიჩნევენ, განსაკუთრებით _ რუსეთ-უკრაინის ომს, რამაც საგარეო ვაჭრობა და ზოგადად, ბიზნესის ქცევის წესები რადიკალურად შეცვალა. ნეგატიურ გლობალურ პროცესებს ემატება ინფლაცია, რაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში ორნიშნა დონეზეა და მისი შემცირების პერსპექტივა, ჯერჯერობით, არ ჩანს.

ამ მძიმე მოცემულობის მიუხედავად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დაახლოებით 1 თვეში შესაძლოა, ფასების კლების ტენდენცია დაიწყოს, თუკი, რა თქმა უნდა, უცხოურ ბაზრებზე არსებული ტენდენცია შენარჩუნდება და ლარის გამყარებას განაგრძობს.

გლობალური პროცესების გარდა, ქართველი ეკონომისტები საქართველოში ფასების მატების გამომწვევ მიზეზად არაჯანსაღ კონკურენციასა და ოლიგოპოლიას მიიჩნევენ. სწორედ ეს გარემოება უშლის ხელს, რომ ძვირდება სტრატეგიული პროდუქტებიც, რომელთა ფასები მსოფლიო ბაზრებზე კლების დინამიკით ხასიათდება, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობი და ხორბალი. ნავთობის ფასი 95-დოლარიან ნიშნულზეა, ხოლო 1 ბუშელი ხორბლის ფასი 8 დოლარს ჩასცდა.

საქართველოში, სადაც ეროვნული ვალუტა მკვეთრად არის გამყარებული და ესეც ფასების კლების დამატებითი ბიძგი უნდა გახდეს, ამის ნიშნებიც არ ჩანს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ფიქრობს, რომ, ფასების კლების თვალსაზრისით, ლარის ფაქტორი არასაკმარისია. მისი ვარაუდით, დაახლოებით 1 თვეში შესაძლოა, ფასების კლების შესაძლებლობა გაჩნდეს, თუმცა რამდენ ხანს გასტანს ტენდენცია, ძნელად საპროგნოზოა.

„რუსეთ-უკრაინის ომმა და ლოგისტიკურმა პრობლემამ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთში მაღალი ინფლაცია გამოიწვია. ასევე ორნიშნა ინფლაციაა აზერბაიჯანსა და სომხეთში. შესაბამისად, ის გლობალური პროცესები, რომლებიც ხდება ფასებთან დაკავშირებით, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც აისახება. მით უმეტეს, იმპორტდამოკიდებულ ქვეყანას წარმოვადგენთ, ამიტომ გლობალური ფაქტორების გავლენა დიდია. თუკი შევხედავთ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციაა. ევროკავშირში 15%-იანი და 20%-იანი ინფლაციაც გვხვდება. ბუნებრივია, ლარის გამყარებას ხელი უნდა შეეწყო და შედარებით დასტაბილურებულიყო ფასები, სავარაუდოდ, ერთთვიან მონაკვეთში შესაძლოა, ფასები მართლაც შემცირდეს, მით უმეტეს, კურსი მყარდება და ამან ასახვა უნდა ჰპოვოს, მაგრამ თუკი იგივე პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე გაძვირდა, ლარის კურსი ამას ვერ დააბალანსებს. იმედია, ბიზნესი ამ საკითხს გაგებით მოეკიდება და ფასების კლება ჩვენთანაც დაიწყება", - განაცხადა „რეზონანსთან" გიორგი კაპანაძემ.

თუმცა ბიზნესის მხრიდან კეთილსინდისიერი ქცევის მოლოდინი ექსპერტებს ნაკლებად აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ პროდუქტების გაძვირებაში იმპორტიორი კომპანიების ნეგატიური გავლენა დიდია, ბაზარზე მონოპოლიური და ოლიგოპოლიური ვითარებაა, რის პირობებშიც ფასების დაბალანსება ვერ ხერხდება.

სამწუხაროდ, სიტუაცია არც მომავალში შეიცვლება. როგორც „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი ამბობს, მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც მაღალი ფასები დიდი პრობლემა იქნება საქართველოსთვის.

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაცია საქართველოშია. ასეთი მაღალი მაჩვენებელი პარტნიორ ქვეყნებში არსად არ ფიქსირდება. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგ ქვეყანაში მიმდინარე ინფლაცია საქართველოსთვის შეიძლება, სასარგებლოც იყოს, ვინაიდან იმპორტი გვიიაფდება. ჩვენს შემთხვევაში, ფასების კლებას ხელს უშლის ბაზარზე არსებული მონოპოლია. როდესაც მაღალი ინფლაციაა ქვეყანაში, ლოგიკურია, ფასები დაბლა ვერ დაიწევს. საწვავსა და ზოგიერთ პროდუქციაზე აშკარაა ოლიგოპოლიური და მონოპოლიური კომპანიების გავლენები, რაც განაპირობებს ფასების იმავე დონეზე დარჩენას ან ზრდას. რუსეთსა და თურქეთში ეროვნული ვალუტები დევალვაციას განიცდიან, ჩვენთან მყარდება, მაგრამ ამან ფასებზე გავლენა ვერ მოახდინა. რაც არ უნდა შეიცვალოს ვითარება, ფასების დაწევა რეალურად არ ხდება, რიგ შემთხვევაში - სუბიექტური მიზეზების გამო", - განაცხადა გერლიანმა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბევრს ვერაფერს იზამს, გარდა იმისა, რომ ხელი შეუწყოს კონკურენციას და ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს, ხოლო ოლიგოპოლიებთან დაკავშირებული ყოველი ფაქტი კონკურენციის სააგენტოს მხრიდან საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი და გამოვლენილი.

საქართველოში მაღალი ფასების პრობლემას სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონომისტი ოთო აბესაძეც გამოეხმაურა, რომელმაც ამომწურავად განმარტა, თუ რატომ ვერ იაფდება პროდუქტები ლარის გამყარების ფონზე და რა ქმნის მთავარ პრობლემას სამომხმარებლო ბაზარზე.

„საქართველო არის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. რასაც მოვიხმართ, ვიკვებებით და ა.შ. 78% არის იმპორტირებული. შესაბამისად, იმპორტიორებს აღნიშნული საქონელი აქვთ შეძენილი გარკვეული რეზერვებით.

ავიღოთ პირობითად ბენზინი. იმპორტიორი ყიდულობს, საშუალოდ, 2-3 თვის მარაგს. 3 თვის წინ დოლარის კურსი იყო 1 USD = 3.2 GEL, ანუ მას 1 ლიტრი საწვავი თუ დაუჯდა, პირობითად, 1 დოლარი, ანუ 3.2 ლარი და დღეს ეს 1 დოლარი 2.8 ლარია, რას იზამს იმპორტიორი? ის ვერ დააკლებს ფასს, ვინაიდან მას შეძენილი აქვს 3.2 ლარის ეკვივალენტში.

ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მომავალი რეზერვები. მცურავი და არასტაბილური მონეტარული, ფისკალური და მაკროეკონომიკური გარემო არ აძლევს იმპორტიორს საშუალებას, გააკეთოს ფასის კლება, ვინაიდან მას არ აქვს არანაირი გარანტი იმისა, რომ შენარჩუნდება არსებული გაცვლითი კურსი 1USD = 2.8 GEL და ის იჭერს მაღალ ფასს იმიტომ, რომ მომავალი რეზერვის შესაძენად იყოს მზად.

რაც საწვავზე ავხსენი, იგივე მოცემულობა გადაიტანეთ საკვებზე, ტანსაცმელსა და ა.შ.

სანამ ქვეყანაში ინფლაცია 14%-დან არ დაიწევს 3%-ზე; სანამ ქვეყანაში არ დადგება ახალი საგადასახადო რეფორმის საკითხი; სანამ ქვეყანა არ მიიღებს წლიურად, მინიმუმ, 4 მილიარდ დოლარსევროს ინვესტიციას; სანამ ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა, მანამ იქნება ფასების კუთხით ზრდისა და არასტაბილურობის ტენდენცია", - წერს აბესაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე