საქართველოს შრომის ბაზარი ყველაზე მეტად პროფესიული კადრების დეფიციტს აწყდება, რამაც შესაძლოა ბიზნესის განვითარება დაამუხრუჭოს
ქეთო გოგოხია
(26.07.2022)

ქართულ ბიზნესში მასიურად კადრების სიმცირეს უჩივიან. ძნელად მოიძებნება სფერო, სადაც ეს პრობლემა არ დგას. თუკი სექტორის წარმომადგენლები კადრების სიმცირეს შესაბამისი კვალიფიკაციის არქონით ხსნიან, სპეციალისტები შრომის ანაზღაურების მხრივ არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ კადრების დეფიციტს ქართული სახელფასო პოლიტიკა ქმნის. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ კომპანიებს კადრების მოძიება უჭირთ, რამაც შეიძლება ბიზნესის განვითარება შეაფერხოს.

რეალობა კი საკმაოდ უცნაურია: თითქოს სამსახურს ბევრი ეძებს, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და დასაქმება პრობლემაა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ელემენტარულად მიწის დამუშავება, მოვლა და მოსავლის აღებაც კი პრობლემაა, დღიური ხელფასი50 ლარის ფარგლებშია, მაგრამ სამუშაოს მსურველებს ამ თანხადაც ვერ პოულობენ.

როგორც აღმოჩნდა, კადრების პრობლემას განიცდიან ფარმაცევტულ ბიზნესშიც. სააფთიაქო ქსელ „იმპექსის" დამფუძნებელმა დავით კოხრეიძემ გადაცემა „საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რომ კადრების დეფიციტი რომ არ ყოფილიყო საქართველოში, 2022 წელს კომპანია დამატებით 300 ადამიანის დასაქმებას შეძლებდა. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის კომპანიაში 1 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

„კადრების დეფიციტი ყველა დარგის პრობლემაა. დღეს რომ იყოს სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი მოქმედება, გაცილებით მეტი ადამიანის დასაქმება იქნებოდა შესაძლებელი... კომპანია ფერხდება. ეს პრობლემა რომ არ ყოფილიყო, უფრო სწრაფ გაფართოებას შევძლებდით" - განაცხადა მან.

ანალოგიური პრობლემაა საწარმოო ბიზნესშიც. კომპანია ,,კუმისის" დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამუშაო ძალა კომპანიის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რაც თავის დროზე პანდემიამ გამოიწვია და მდგომარეობა თანდათან კიდევ უფრო დამძიმდა.

,,საქართველოს შრომის ბაზარზე რაღაც პრობლემა მუდმივად არის. კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რაც შემდეგში საწარმოო პროცესზე ნეგატიურად აისახება. ეს პრობლემა პანდემიასთან ერთად დაიწყო და მასთან გამკლავება ბიზნესს დღესაც უწევს. მუდმივად გვიწევს გადაწყობა, გაჭირდა მუშახელი, თან, კვალიფიკაციის პრობლემაცაა. დღესდღეობით ვუძლებთ, მაგრამ პროფესიული კადრების არ შეივსება, შეიძლება უფრო გაგვიჭირდეს", - განაცხადა ბიზნესმენმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ პროფესიული გადამზადების სისტემის განვითარებით ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და შესაძლოა ემიგრაციის მაჩვენებელიც შემცირდეს. აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, ახალი პროფესიული სასწავლებლის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მეცხოველეობის მიმართულებით, სადაც კადრების ყველაზე დიდი დეფიციტია.

,,საინტერესოა, რომ პროფესიული სასწავლებლები მოქალაქეებს მიზნობრივ სერვისებს სთავაზობდნენ. ამ სისტემამ უნდა მოამზადოს ის კადრები, რომლებიც ბაზარზე დეფიციტურია. შრომის ადგილს საქართველოს ბაზარზე ხშირად იკავებს უცხო ძალა იმის გამო, რომ ჩვენ დამსაქმებელს სპეციალისტებს ვერ ვთავაზობთ. ამ დროს მოქალაქეები უცხოეთში იაფ მუშახელად მიდიან. მათ აქვთ უნარი, სამშობლოში უფრო ღირსეული სამუშაო შეასრულონ, მაგრამ შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ. პროფესიონალი ვეტერინარი გჭირდებოდეს და ვერ მოამზადო, ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია", - განაცხადა სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

კადრების დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემას ეკონომისტი აკაკი ცომაია გამოეხმაურა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელი განმარტება და მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტს უჩივიან, ხელფასების მომატებაა მოსალოდნელი.

,,არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ქართველი ერი ზარმაცია, გაუნათლებელი და არაკვალიფიციური, მეცნიერული ახსნა არა აქვს. ზოგადად, დეფიციტს წარმოქმნის გარემოება, რომელშიც რაღაც ძალები მოთხოვნას აძლევს რესურსში, საქონელსა თუ სერვისში დაბალი ფასის გადახდის შესაძლებლობას საბაზრო ფასთან შედარებით. ეს შეიძლება იყოს რაიმე კანონი ან რეგულაცია. მაგალითად, ფასის ზედა ზღვარი. თუ ასეთი გარემოებები არ გვაქვს, ბაზრის კანონი უნდა აღსრულდეს. ამიტომ, იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს. ეს დროის საკითხია. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ხელფასების თეორია. სხვა სიტყვებით, დროებითი ფრიქციაა", - აღნიშნა ცომაიამ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ბიზნესის 72%-ს კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს. როგორც ვეფხვაძემ გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, ამის ძირითადი მიზეზები სამუშაო ძალის ემიგრაცია და სექტორებს შორის გადანაწილებაა.

,,კადრების დეფიციტი ბიზნესის საინვესტიციო აქტივობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა. ეს ასევე ეკონომიკის განვითარების ხელისშემშლელიცაა, რადგან არის სექტორები და მიმართულებები, სადაც შეგვიძლია საინვესტიციო შესაძლებლობები გავაჩინოთ და რეალურად ვერ ვაკეთებთ, რადგან კადრები არ არის. როდესაც 2021 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიებს ვკითხეთ, კვალიფიციურ ძალასთან დაკავშირებით თუ ჰქონდათ პრობლემები, დაახლოებით 72%-მა თქვა, რომ ჰქონდათ. როდესაც მიზეზი ვკითხეთ, ეს ძირითადად იმ უნარებს უკავშირდებოდა, რაც დასაქმებულს უნდა ჰქონდეს. როცა ვკითხეთ რა არის მთავარი პრობლემა, ორი მთავარი ნაწილი გამოიკვეთა. პირველია მიგრაცია, რადგან სადაც მაღალი ხელფასია, იქ მიდიან ადამიანები. მეორეა სექტორებს შორის გადანაწილება. ეს კადრები ძირითადად გადანაწილდნენ ოჯახებში: კერძო დაქირავება; დალაგება; ბავშვის მოვლა და სხვა. აქ დასაქმებულების და ექთნების ხელფასები რომ ნახოთ, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა", - განაცხადა მან.

ვეფხვაძის ინფორმაციით, 40 000-დან 35 000 ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებელში მიდის და 5 000 პროფესიულში, ეს თუ არ შეიცვალა, ძალიან გაგვიჭირდება წინ წასვლა, ხოლო მენტალური ცვლილებების გარეშე კი რთულია რაიმეს შეცვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე