მსოფლიო მასშტაბით ოქროს ფასი კლებას განაგრძობს. მაშინ, როდესაც ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 2000 ათას დოლარას აღემატებოდა, დღეს კლება დაახლოებით 18 პროცენტია და ფასი 1700 დოლარის ფარგლებშია, რაც 15 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ოქრო იაფდება საქართველოშიც, თბილისი ცენტრალის ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ერთ გრამ ოქროზე ფასები, დაახლოებით, 30-35 ლარითაა შემცირებული. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ფასმა კიდევ უფრო მეტად, 50%-ითაც კი დაიწია.
„ხომ ნახეთ, ევროკავშირის მეშვიდე პაკეტის სანქციებში რა წერია? ევროპამ რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა, ეს ოქრო რუსეთმა ჩვენთან შემოყარა, ტრაილერებით შემომიტანეს ოქროს ზოდები. ფასები თითქმის 50%-ითაა შემცირებული, ახლა 1 გრამი, საშუალოდ, 85 ლარამდე ღირს და სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება, ზრდის მოლოდინი არ გვაქვს“, - უთხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ „ბიზნესპრესნიუსს”.
განსხვავებულია ბირჟაზე პასუხები მოთხოვნასთან დაკავშირებით. ძირითადად, მოვაჭრეები მკვეთრ კლებაზე მიუთითებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ოქროზე მოთხოვნა ყოველთვის არის და მაინცდამაინც არც ახლა შეცვლილა.
იგივე მდგომარეობაა ვერცხლისა და სხვა ლითონების შემთხვევაშიც - ვერცხლის ფასები 1 გრამზე 2-7 ლარს შორის მერყეობს და როგორც მოვაჭრეები ამბობენ, კლება აქაც 50%-მდეა. 10-15 ლარითაა შემცირებული ბრილიანტის ფასებიც.
რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მალევე, მიმდინარე წლის მარტში, ოქროს საერთაშორისო ფასმა 2 050 დოლარსაც კი მიაღწია, თუმცა მას შემდეგ თითქმის 18%-ითაა გაუფასურებული.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ფოფორაძე აცხადებს, ოქრო იმდენად გაიფდა (განსაკუთრებით უცხოეთში) რომ არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება.
„ბოლო პერიოდში ოქრო იმდენად გაიაფდა, განსაკუთრებით ლონდონის ბირჟაზე, რომ არანაირ კანონზომიერებაში აღარ ჯდება. მეგონა, რომ პირიქით, უკრაინის ომი და რუსეთიდან კეთილშობილი ლითონების უცხოეთის ბაზარზე აკრძალვა, გამოიწვევდა გაძვირებას და რატომღაც პირიქით მოხდა.
შესაბამისად, საქართველოშიც იგრძნობა სიიაფე. სიმართლე, გითხრათ, არც არავის გაუკეთებია ანალიზი - გაიაფების გამო მოთხოვნა გაიზარდა, თუ არა. რაიმე ისეთი თვალშისაცემი ჯერჯერობით, არ შეიმჩნევა”, - განუცხადა „რეზონანსს” ნოდარ ფოფორაძემ
ძვირფასი ლითონების ღირებულების შემცირებას მსოფლიოში რეცესიის მოლოდინი, ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა და დოლარის გამყარება განაპირობებს.
საპროცენტო განაკვეთის ზრდა ეკონომიკური აქტივობის შენელებას იწვევს, ეს უკანასკნელი კი რეცესიის საფრთხეს ზრდის. ეს კი, თავის მხრივ, თითქმის ყველა საქონელზე და მათ შორის, ოქროზეც ამცირებს მოთხოვნას.
ამას ემატება ისიც, რომ დოლარი ორი ათწლეულის ყველაზე მყარ ნიშნულზეა და ინვესტორებისთვის ახლა ბევრად უფრო მიმზიდველი სწორედ ამერიკული ვალუტაა, ვიდრე სხვა დანარჩენი აქტივები, თუნდაც ოქრო.
რაც შეეხება ოქროს ექსპორტს, საქართველოდან ოქროს ექსპორტი 48%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან 43,517 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 29,431 მლნ დოლარის.
ქართული ოქროს ძირითადი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სწორედ შვეიცარიაში გაიყიდა ქართული საექსპორტო ოქროს 90%-ზე მეტი. საექსპორტო ბაზრებს შორისაა გერმანია, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.
აღსანიშნავია, რომ ოქროს ექსპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადაუსწრო. 2019 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან 32,855 მლნ დოლარის ოქრო გავიდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე