თამთა ჩაჩანიძე
(06.05.2024)

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა პროტესტი არც სადღესასწაულო დღეებში შეწყვეტილა, აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ და სასესიო კვირასაც არ აპირებენ გაჩერებას. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პროტესტმა დაგვანახა, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პროდასავლურია.

პარალელურად „ოცნება" აცხადებს, რომ საქართველო თავის პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია და ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია.

რას ამბობს „ოცნება"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ოცნება" ევროპასთან დამდვილი დიალოგისკენაა მოწოდებული.

„რაც შეხება ბატონი შარლ მიშელის ნათქვამ სიტყვას, რომ ჩვენ ნამდვილი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ ყოველთვის ამ ნამდვილი დიალოგისკენ ვართ მოწოდებული, რადგან იმის გამო, რომ ამ ქვეყანას მშვიდობა, სტაბილური განვითარება ჰქონოდა და დემოკრატია შეუფერხებლად განვითარებულიყო, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მათ შორის, ბატონი შარლ მიშელის შემოთავაზებულ პროექტსაც დავეთანხმეთ.

„აღარ დავუბრუნდები იმ რყევას და პოლიტიკურ საბოტაჟს, რასაც ოპოზიცია ეწეოდა, დავთანხმდით ისეთ რაღაცეებს, რასაც არც კონსტიტუცია ითვალისწინებდა და საერთოდ, დემოკრატიული პროცესისთვის მიუღებელია. 43%-იანი ბარიერის გადალახვას დავთანხმდით, ამაზე მეტი და შორს წასვლა რად გინდა?! ვერცერთი თანამდებობის პირს, გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვერ დანიშნავდი, თუ ოპოზიცია არ დაგეთანხმებოდა, ასეთი რამე მსოფლიოში არსადაა.

„მიუხედავად ამისა, ამან პოლარიზაცია არ შეასუსტა, პირიქით - გააძლიერა. თუ ნამდვილ დიალოგზე და ნამდვილ პარტნიორობაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ერთადერთი პირობა და მოთხოვნა, ჩვენ სხვა პირობა და მოთხოვნა არ გაგვაჩნია. საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია, ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს გამუდმებით ბრალს დებდნენ, რომ რუსეთისათვის სანქციების არიდების ადგილია, ჩვენ ოფიციალური დელეგაციების შეფასება ვნახეთ, რომ საქართველო სისტემურად ყველაზე კარგად მოწესრიგებული ქვეყანაა სანქციების დაცვის კუთხით, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით.

„რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს, უნდა იყოს საქართველოში არჩევნებით პოლიტიკური სისტემის განვითარება, ხელისუფლების ცვლილება და ა.შ. ამისათვის საქართველოში ყველა პირობა არსებობს, მედიასივრცე მრავალეროვანი, თავისუფალია, პოლიტიკური სივრცე მრავალფეროვანი, თავისუფალია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს პროცესების რადიკალიზაცია. სამართალდამცველი უწყებები კი კანონის ფარგლებში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებენ.

„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად დაცულია. ძალიან ცალსახად დავინახეთ პროცესების რადიკალიზაცია. მათ შორის იყო ადმინისტრაციულ შენობებზე შტურმის მცდელობა.

„გარდა ამისა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ იყო აგრესია, შეეზღუდათ გადაადგილების თავისუფლება და ვნახეთ აგრესიული თავდასხმები აქციის მონაწილეების მხრიდან იმ ადამიანებზე, რომლებიც არ უერთდებოდნენ მათ პროტესტს. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ექსტრემიზმით არის გაჯერებული ბევრი მათგანის დამოკიდებულება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა.

„საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პროდასავლურია"

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგის ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის მხრივ საპროტესტო მოძრაობამ აჩვენა, რომ საგარეო პოლიტიკის ჭრილში საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პროდასავლურია.

„საქართველოს ევროპული გზა, ეს არის საქართველოს თაობების ეგზისტენციალური არჩევანი, ეს არ არის საქართველოს რომელიმე ხელისუფლების გადაწყვეტილება, არამედ ეს მართლაც, რომ თაობების არჩევანია და ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ცვალებადია და თუკი საქართველოს პოლიტიკაში არსებობს რაიმე მუდმივად, ეს არის სწორედ ევროპული არჩევანი.

„საქართველოს მოსახლეობაში პროდასავლურობის პროცენტი ყოველთვის მაღალი იყო 70-80%. ახლაც ამაზე ნაკლებს ნამდვილად არ ვვარაუდობ, რაც მეტად დრო გადის ეს პროცენტი უფრო მეტია. მოდის მომავალი, რომელიც თავისუფალ სახელმწიფოში დაიბადა, რომელიც უკვე სარგებლობს ამ ევროპული სიკეთეებით, ეს უბრალოდ ოცნება კი არა, არამედ თითოეული მათგანისათვის ხელშესახებია და ყოველდღიურობაში ხედავენ სტუდენტი იქნება ეს თუ მეწარმე.

„ევროპულ სიკეთეებს მოქალაქე ყოველდღიურად გრძნობს, კანდიდატის სტატუსმა ამ ყველაფერთან კიდევ უფრო დაგვაახლოვა და უფრო რეალური გახადა, რომ ამ თავისუფალი სამყაროს წევრები გავხდეთ. ეს თაობა ამ თავისუფლებას ხელიდან არ გაუშვებს. ეს თაობა დაიბადა და გაიზარდა დამოუკიდებელ საქართველოში, რა ბედნიერებაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში არ გვქონია, ასეთი ბედნიერება პირველად გაქვს და ამ ქვეყანას მათ ვერავინ ვერ წაართმევს",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ბოლო პერიოდში პრორუსული ძალები ისე აღარ აქტიურობენ, როგორც ადრე, რადგან აქციებმა აჩვენა, რომ ხალხში პროდასავლური განწყობები ჭარბობს.

„მიმდინარე აქციებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პროდასავლურია, თუმცა, რაღაც წილი არის მაინც, ვინც „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. პრორუსული განწყობები ახლა შედარებით შემცირდა და ისე არ ჩანს პრორუსული ძალების აქტივობა.

„როცა „ალტინფოელები" გამოდიოდნენ, მაგალითად 5-6 ივლისს კუს ტბაზე რომ დაარბიეს შეკრება, ან თუნდაც თავდასხმისას ჟურნალისტი რომ დაიღუპა, ეს ძალები მაშინ უფრო აქტიურები ჩანდნენ და ახლა მასობრივი პროტესტი რომ დაინახეს, ისეთი აქტიურები ვეღარ არიან. მაშინ ისინიც შეიკრიბებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხდება.

„სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 85%-ზე მეტია პროდასავლურად განწყობილი, თუმცა, ჩემი აზრით, დღეს ეს მაჩვენებელი 70%-ია, იმიტომ, რომ იმ 85%-ში „ოცნების" მხარდამჭერებიც არიან. „ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშიაო, ამიტომ ისინიც იძახიან, რომ კი, მეც მინდა ევროპა. თუმცაღა, დღეს, როცა „ოცნება" ანტიდასავლურ კანმპანიას ეწევა, შესაძლოა ბევრს აზრი შეეცვალოს.

„საქართველოს მოსახლეობაში პრორუსული განწყობები უფროსი ასაკის ადამიანებში უფრო ჭარბობს, ახალგაზრდებში კი პროდასავლური",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე