ნატალია ჯვარიძე
(19.04.2024)

პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს. ვახტანგ გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა, თუმცა ეს საკითხი ერთგვარად კულისებში მოექცა - ძირითადი აქცენტი მიმდინარე პროტესტზე გაკეთდა. სიტუაცია გამოსვლისას მუდმივად დაძაბული იყო, თუმცა ზოგჯერ ღია კონფრონტაციაზე გადადიოდა. საბოლოოდ ყველაფერი „ლელოს" დეპუტატის სხდომიდან გაძევებით დასრულდა.

გომელაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე მონაწილეებისა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში სამართალდამცველები აქციაზე თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას იცავდნენ, მოქალაქეები კი მათზე ძალადობას ახორციელებდნენ.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველამ ვნახეთ სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებულები სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. 15 და 16 აპრილს აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.

ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა. საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს. ეს ტელევიზიებშიც კარგად ჩანდა. ნუ ნერვიულობთ და ნუ ღიზიანდებით. ჩართეთ ტელევიზია, ასევე ოპოზიციური ტელევიზიები და ნახავთ. პირდაპირ ეთერში ჩანს ძალიან კარგად.

ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დავაკავეთ 40 პირი. პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით, როდესაც სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს და დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ ნამდვილად.

ამის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი ნამდვილად, დამერწმუნეთ, თუმცა, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი", - განაცხადა გომელაურმა.

ამ განცხადებას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, მათ შორის სალომე სამადაშვილისა და თინა ბოკუჩავას მხრიდან ხმაური მოჰყვა. მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაფრთხილება მისცა, რომ მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შემდეგ ჯერზე დარბაზს დაატოვებინებდა.

„ქალბატონო სალომე, ქალბატონო თინა, გთხოვთ, გაჩერდეთ. მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ. მოგცემთ შენიშვნას, იცოდეთ. ნუ საუბრობთ მიკროფონის გარეშე. ქალბატონო სალომე, გაძლევთ შენიშვნას მიკროფონის გარეშე საუბრისთვის,. შენიშვნა გაქვთ მიცემული. იცოდეთ, შემდეგ ჯერზე დაგატოვებინებთ. ქალბატონო თინა, შენიშვნას გაძლევთ მიკროფონის გარეშე საუბრისთვის. ქალბატონო თინა, დაგატოვებინებთ დარბაზს, იცოდეთ. გაძლევთ შენიშვნას... მოკლედ, ვატყობ, რომ ახლა, მომიწევს გადაწყვეტილების მიღება და დაგატოვებინებთ დარბაზს. ქალბატონო თინა, ქალბატონო თინა! აი, არ ვიცი, გაფრთხილების მიცემაც კი. ქალბატონო თინა, დაგატოვებინებთ დარბაზს, იცოდეთ. ჩამოყალიბდით, ან გინდათ ინტერპელაციის პროცესში მონაწილეობა ან დარბაზს დაგატოვებინებთ. პრობლემა არ არის და ვისაც აქვს ინტერესი, მოისმენს," - მიმართა დეპუტატებს პაპუაშვილმა.

სალომე სამადაშვილი გომელაურისგან ითხოვდა პასუხს თუ რატომ დააკავა პოლიციამ მისი თანაპარტიელი ირაკლი კუპრაძე, რა დროსაც პაპუაშვილმა მას სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

„მე დავსვი შეკითხვა, ირაკლი კუპრაძე რატომ სცემა და გაიტაცა პოლიციამ. შს მინისტრი არ მცემს პასუხს შეკითხვაზე. ირაკლი კუპრაძე, ჩვენი თანაპარტიელი, რატომ სცემა პოლიციამ, რატომ გაიტაცეს და სასამართლოზე გუშინ რატომ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება, რომ ირაკლი კუპრაძემ რაიმე დააშავა," - თქვა „ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

„მოქალაქეების" დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე საუბრისას მინისტრს ოპოზიცია სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის გამოც გომელაურმა საკითხის შეფასება შეწყვიტა და ინტერპელაციის კითხვებზე გადავიდა.

„სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვათ?! იქნებ მაცადოთ, კულტურა ან ზრდილობა იქონიოთ და მაცადოთ საუბარი. მე გისმენთ ხოლმე ყველას. გამოძიება დაიწყო, რა მოხდა, გაარკვევს საგამოძიებო სამსახური. მე რომ ვთქვა, მერე იტყვით მიკერძოებული ხარო... რომ გამოხვალთ მერე ისაუბრეთ თქვენ, გადავალ პირდაპირ ინტერპელაციის კითხვებზე", - განაცხადა გომელაურმა.

„თქვენ ძალიან მტკიცედ და ფოლადისებური ხმით ისაუბრეთ, თუ როგორ დაიცავთ პოლიციელების ღირსებას ყველა მომიტინგისგან, მტკიცე იყავით, როცა თქვით, რომ პოლიციელების უფლებებს მომიტინგეები არღვევდნენ, მაგრამ რატომ არა გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ და წიხლებს ურტყამენ! - ეს არის ძალადობის წახალისება და თუ ხვალ ალეკო ელისაშვილს რაიმე დაემართება, ეს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ მედიასთან თქვა: როგორ დავაკავებდით ალეკო ელისაშვილს, დეპუტატია და ამის უფლება არ გვაქვსო. ვაჟა სირაძემ ძალიან კარგად იცის, რომ პარლამენტის წევრის დაკავების უფლება არა აქვს, მაგრამ ამის შემდეგ ვნახეთ კადრები, როგორ ურტყამენ ადამიანს წიხლებს, რომელსაც შეიძლება მძაფრი პოლიტიკური გამოხატულება ჰქონდა, მაგრამ წიხლებს ურტყამდნენ, შეათრიეს, მერე არ აკმარეს და ძალით ჩატენეს მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს", - უთხრა თამარ კორძაიამ გომელაურს.

ოპოზიციონერების გამოსვლა

მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შსს-ს მინისტრს მიმართა, რომ იგი ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში. ვაშაძის თქმით, გომელაურმა უწყებაში შექმნა სადამსჯელო ჯგუფები, რომლებიც პარლამენტის წევრებსა და ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებიან.

„თქვენ ერთი რამე გჭირთ - ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი.

„ელისაშვილმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა" - ეს არის კახა კალაძის განცხადება,- თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ეთანხმებით ამ განცხადებას ? მაგრამ ეთანხმებით კი არა, თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმენით სადამსჯელო ჯგუფები და პირადად თქვენი დავალებით ეს სადამსჯელო ჯგუფები უსწორდებიან პარლამენტის წევრებს.

თქვენ შექმენით სადამსჯელო ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროში და სრულად პასუხს აგებთ იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირ ქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული ბოლო აქციების პირობებში ამბობს, რომ თქვენი დავალებით პოლიციის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან. თქვენი დავალებით ახალგაზრდებს შუკა-შუკა დასდევდნენ „რობოკოპების" თუ სხვადასხვა ფორმებში გადაცმული კრიმინალები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ამის არაერთი კადრია. აგებთ თუ არა პასუხს ამაზე? საზოგადოებას გაეცით პასუხი! თქვენ ერთი რამე გჭირთ - ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი. თქვენ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ პასუხის გება ამ საკითხზე, ვერ გაექცევით ხალხს!

თქვენ არ იცავთ არც ქალთა უფლებებს, არც ახალგაზრდების უფლებებს, არ იცავთ არავის უფლებებს. ქალაქის ცენტრში ცხრილავენ ახალგაზრდებს კრიმინალური დაჯგუფებები. პოლიცია რითაა დაკავებული ?! ახალგაზრდების დასჯით, ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლით. ეს არის თქვენი სახე რეალურად, „ქართული ოცნების" თავიდან ბოლომდე, ამიტომ მე გეუბნებით რომ თქვენ თქვენი სადამსჯელო ჯგუფებით ვერავის ვერ შეაშინებთ! თქვენი არავის არ ეშინია!"- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ პოლიციელებსაც მიმართა, დაიცვან საკუთარი მუნდირი, რასაც ხმაური მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან.

„რა უფლებით მივმართავ და იმ უფლებით მივმართავ, რომელიც ახალგაზრდებმა მთხოვეს და დამაბარეს თქვენთანაც მათ შორის. ნუ ყვირით, დაიწყნარეთ ნერვები!

ეს ადამიანი თქვენ გაძლევთ მუდმივად უკანონო ბრძანებებს, ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს და გადადით ხალხის მხარეს! თქვენ ყველას გყავთ ოჯახის წევრები. მეორე მხარეს შეიძლება თქვენი ბავშვები არიან, რომლებზე უკანონო ანგარიშსწორებასაც გავალებთ ეს ადამიანი. ის არ არის შინაგან საქმეთა მინისტრი, არის ბიძინას დაცვის უფროსი",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვინ არის „ხარება" ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას? ვინ არის მისი მფარველი? - ამ შეკითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართა. მისივე თქმით, კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ახალისებენ ძალადობას, ქმნიან ძალადობრივ გარემოს, როდესაც ძალადობა დასაშვებია სახელმწიფო ინსტიტუციებში.

„ყოველგვარ ძალადობას აქვს საწყისი. კარგად ვხვდები, რომ ადამიანის ბუნებაშია ძალადობა და გომელაურს ჩვენ ვერ დავაბრალებთ ყველა ტიპის ძალადობას. ეს თქვენი ბრალი ვერაფრით იქნება, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, რომ არსებობენ კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ახალისებენ ძალადობას, რომლებიც ქმნიან ძალადობრივ გარემოს, როდესაც ძალადობა დასაშვებია სახელმწიფო ინსტიტუციებში და ეს შემდეგ შეიძლება გადავიდეს საზოგადოებაში, ქუჩაში და სხვაგან. აბა, რა ჰქვია იმას, რასაც ვხედავთ ამ მოწვევის პარლამენტში, დღიდან დღემდე, სესიიდან სესიამდე, საკომიტეტო სხდომიდან სხდომამდე, როცა ძალადობა არის გაფურჩქნილი? ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს ძალადობა, ყოველთვის, პირველსავე შესაძლებლობაზე, მოძალადეს აუცილებლად დავგმობ. იქნება ის ოპოზიციის მხრიდან თუ უმრავლესობის მხრიდან, გამართლება არცერთ შემთხვევაში არავის აქვს, მაგრამ არსებობს ძალადობის კიდევ სხვა, უფრო მზაკვრული სახე და ფორმა, ეს არის მორალური ძალადობა, მორალური ტერორი, როცა დღისით, მზისით, მთელი ქვეყნის გასაგონად და დასანახად, აქ პარლამენტის ხდომათა დარბაზში ისე შეეჩვია მავანი ბილწსიტყვაობას, მგონია, რომ საკუთარ სამზარეულოშია, თუმცა წესიერმა ადამიანმა არც იქ უნდა იკადროს.

პარლამენტის თავმჯდომარეს მოვუწოდებდი, იმის გამო, რომ ის არ იყენებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, არ რეაგირებას ძალადობის ამ ფაქტებზე, ძალადობა არის წახალისებული საქართველოს პარლამენტში და ეს აისახება სხვა სივრცეებშიც და სხვა პროცესებზეც. თქვენთვის ნორმალურია ბილწსიტყვაობა, არ მახსენდება რომ დაგმეთ. ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ბილწსიტყვაობდეს და ძალადობდეს ის, ვის ხელშიც არის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება, რომ იცავდეს კანონს, წესრიგს, საზოგადოებრივ წესრიგს - ვსაუბრობ პოლიციელებზე. ის რაც ჩვენ ვიხილეთ დეპუტატ ელისაშვილის წინააღმდეგ, არის სამწუხარო, მაგრამ პირდაპირი დასტური. ჩვენ ვნახეთ ეკრანზე, რომ დღისით, მზისით, ყველას თანდასწრებით, მოქალაქეზე, პარლამენტის წევრზე ძალადობს პოლიცია. არ ვიცი, რა გამოძიებას ჩაატარებს შესაბამისი უწყება, მაგრამ ის რაც ვიხილეთ ჩვენ, იხილეთ თქვენც და უნდა გითხრათ, რომ გამოძიების გარეშეც, როგორ მინისტრს გაქვთ უფლებამოსილება, რომ შესაბამის თანამდებობის პირებს მოსთხოვოთ პასუხი. ვინ არის „ხარება" ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას? ვინ არის მისი მფარველი?

ამ ფონზე, თქვენ სამაგალითოდ სჯით ადამიანს, რომელსაც იცავს იმუნიტეტი და ეუბნებით სხვებს და უპირველესად ახალგაზრდებს, რომ ისინი უფრო მეტად დაისჯებიან",- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ოჯახში ძალადობის სტატისტიკის ბოლო 7 წლის მონაცემები

გომელაურის განცხადებით, შს სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა: „შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებენ, რაც დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მიმართულებით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა დეპუტატებს ოჯახში ძალადობის სტატისტიკის ბოლო 7 წლის მონაცემი და აღნიშნული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გააცნო.

„2017 წელს - რეგისტრირებულია 2143 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 72.52%; 2018 წელს - რეგისტრირებულია 4761 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 63.12%; 2019 წელს - რეგისტრირებულია 4867 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 62.44%; 2020 წელს- რეგისტრირებულია 5204 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 65.99%; 2021 წელს - რეგისტრირებულია 4767 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 76.17%; 2022 წელს - რეგისტრირებულია 4106 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 87.34%; 2023 წელი - რეგისტრირებულია 4101 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 86.37%;

„ეს ციფრები ნათლად ადასტურებს იმას, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტროში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავებულია და დანერგილია ძალადობის განმეორების რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს აძლევს შესაძლებლობას დროულად გამოავლინოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე და გამოიყენოს ძალადობის პრევენციისთვის ისეთი ოპერატიული მექანიზმი, როგორიცაა შემაკავებელი ორდერი.

„ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიურად 9000-10000-მდე მერყეობს, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა - 800-ს აღწევს", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2020 წლიდან დაინერგა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, ე.წ. ელექტრონული სამაჯური, რომელიც პოლიციას აძლევს საშუალებას რეალურ დროში გააკონტროლოს მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესი.

„კერძოდ მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან ან წინასწარ განსაზღვრულ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვა. ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია როგორც ორდერის, ისე ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევის ან თავის არიდებისათვის", - განაცხადა შს მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ყოველდღიურ რეჟიმში ამონიტორინგებს ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ყველა საქმეს.

„სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგთან ერთად, დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცესებში. მონიტორინგის პროცესში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, ასევე, პოლიციის თანამშრომლები ძალადობის ყველა შემთხვევაში, დეტალურად სწავლობენ წარსულში დაფიქსირებულ მომართვებსა და თითოეულ მათგანზე განხორციელებულ რეაგირებას. მონიტორინგის პროცესი ასევე იძლევა საშუალებას, რომ სამართალწარმოება იყოს მსხვერპლზე და მის საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, მყისიერად ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 2022-2023 წლებში, გენერალური ინსპექციის მიერ 44 თანამშრომლის მიმართ იქნა დისციპლინური სახდელი გამოყენებული. პოლიციელის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს გენერალური პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე