თამთა ჩაჩანიძე
(16.04.2024)

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ისევ საპროტესტო აქციის ფონზე გაგრძელდა. „ოცნებას" თავიდანვე გაცხადებული ჰქონდა, რომ აღნიშნულ კანონს დაჩქარებულად არ მიიღებდნენ, საბოლოო, მესამე მოსმენით მხარდაჭერის თარიღად კი 17 მაისია განსაზღვრული. ანალიტიკოსთა შეფასებით, განხილვის ერთი თვით გაჭიანურება პროტესტის მუხტს არ დააგდებს, თუ ოპოზიცია არ ეცადება აქციის სადავეების ღიად ხელში აღებას, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს.

16 აპრილს, აქციების მეორე დღეს, პარლამენტთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. უშუალოდ სხდომათა დარბაზში კი კვლავ ისმოდა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა ურთიერთკრიტიკული განცხადებები ძველი არგუმენტებით.

ორშაბათის საკომიტეტო მოსმენისგან განსხვავებით, დებატები შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა. სხდომა ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, მომხსენებელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „მაშინ, როდესაც ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე" გამჭვირვალობის იდეა და მისი კანონში ასახვა ევროპასთან ვერ დაგვაშორებს.

ოპოზიცია კი საპასუხოდ აცხადებდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შინაარსით „უთუოდ, რუსულია და დასავლური სივრცე გამადიდებელი შუშით გვიყურებს". მათი შეფასებით, „რუსული კანონი არ ემსახურება არც ქვეყანაში მშვიდობას და არც ეროვნულ ერთობას".

ამის პარალელურად, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა საჭირო". ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციის აქტიური ჩართვა პროტესტის მუხტს დააგდებს, სააკაშვილს კი თავის გააქტიურებით ამჯერადაც ხელისუფლებისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე „ოცნების" ოპონენტებისათვის.

როგორ იმოქმედებს პროცესის გაჭიანურება პროტესტის მუხტზე

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. პირველი მოსმენისას მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები განიხილება. მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით, ხოლო მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები, პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, საბოლოო, მესამე მოსმენით მხარდაჭერის თარიღად 17 მაისია განსაზღვრული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს საქართველოს ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ამ დღეს, როგორც წესი, სასულიერო პირები და მორწმუნეები დედაქალაქში მსვლელობას აწყობენ.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, „ოცნებას" იმედი აქვს, რომ განხილვის გაჭიანურება პროტესტის მუხტს დააგდებს.

„ხელისუფლებამ პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ამას სწრაფად არ მივიღებთ, პროცესს გავაჭიანურებთო. არგუმენტად ის მოიყვანა, რომ მოსახლეობამ კარგად გაიგოსო. ალბათ იმის იმედიც აქვთ, რომ ამ ხნის განმავლობაში საპროტესტო მუხტი დაეცემა. თუ ოპიზიცია და არასამთავრობო სექტორი შეძლებს, რომ პროტესტს ისევ ორგანიზება გაუკეთოს და 17 მაისს დიდი ტალღა იყოს, ეს კარგი იქნებოდა.

„17 მაისამდე დიდი დროა. პროცესს უნდა შევხედოთ და ვნახოთ. მეორე მოსმენა იქნება მუხლებრივი და მესამე მოსმენა თუ იქნება 17 მაისი, მაშინ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი უნდა მოემზადოს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა პროცესის გაჭიანურებამ საპროტესტო მუხტი დააგდოს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ პროცესი ამის საწინააღმდეგიდაც წავიდეს.

„ვერსია თარიღების დამთხვევაზე დიდად სანდო და დამაჯერებელი არაა, რადგან თუ რამე მოხდა და ერთი ტალღა მეორეს მიემატა, პრობლემა უფრო ძნელი მოსაგვარებელი გახდება ისევ ხელისუფლებისთვის და მემგონი გამწვავებას არ ეცდებიან.

„სამშაბათს დილიდან დიდად შთამბეჭდავი საპროტესტო მუხტი არ ჩანდა. მემგონი დიდხანს პროტესტის შენარჩუნება გაუჭირდებათ, რადგან ისეთი მკაფიო არაა ის საკითხი, რომ ქვეყნის ბედ-იღბალი ახლა ამ კანონზე დევს. ევროპის სახალხო პარტიის ჩანაწერი გავრცელდა, რომ აუცილებლად თვლიან ანალოგიური შეზღუდვების შემოტანას, რაც ამ კანონითაა გათვალისწინებული.

„რომ ამბობენ რუსთის კანონს ემთხვევაო, ეს მოსაზრება სერიოზული არაა, რადგან კანონი შეიძლება დაემთხვეს იმაზე, რომ კაცი არ მოკლაო და ამიტომ ამ ნორმაზე უარი უნდა ვთქვათ?! ასეთი საკითხები ბევრში ალბათ საეჭვოს გახდის იმას, რომ კანონის წინააღმდეგ ასეთი თავგანწირული ბრძოლა, ეს ისევ პარტიული ბრძოლის ნაწილი ხომ არ არის ხელისუფლებაში მოსვლისთვის.

„არგუმენტად მოჰყავთ, რომ ევროპალაბი გეუბნებიან, რომ არ მიიღოთო, სამაგიეროდ იგივე ევროპელები არ გეუბნებიან, თავად რატომ იღებენ მსგავს კანონებს. თუ ევროპას აინტერესებ, ამ კანონის გარეშედაც წესით ღია უნდა გქონდეს გზა. თუ ევროპას არ აინტერესებ, აგერ თურქეთი 30 წელია ევროპის კარებთან დგას და არ იღებენ", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ბოლო მოსმენაზე საპროტესტო მასშტაბური ტალღა იყოს.

„არ გამოვრიცხავ. ორშაბათს საღამოსაც არ ველოდებოდი იმ მასშტაბის ტალღას, რაც იყო, რადგან ადრე საპროტესტო აქციები ხალხმრავალი არ იყო და ჩავთვალე, რომ ახლაც ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ 15 აპრილის აქცია ხალხმრავალი იყო", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სააკაშვილის განცხადება და ოპოზიციის როლი აქციებში

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე" წერს, რომ ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და „მჭიდრო კოორდინაციაა".

„ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიციამ უნდა ეცადოს, რომ ამ პროტესტის წარმმართველი კი არ გახდეს, არამედ უბრალოდ მიიღოს მასში მონაწილეობა. სააკაშვილის განცხადებას კი ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენებს.

„სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს და ნაკლებ რეკომენდაციებს გასცემს, უკეთესია, რომელიც ძალიან არავის არ აინტერესებს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება შეეცდება ისევ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.

„ოპოზიციამ თავისი დღის წესრიგის შექმნა და მისი განხორციელება უნდა შეძლოს, ესაა მათთვის მთავარი. კოორდინაცია და ისევ ერთმანეთში არევა ისევ ხელისუფლებას აძლევს მოქმედების და პროპაგანდის საშუალებას. ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია - ასებობს სააკაშვილი თავისი „ნაცმოძრაობით" და არსებობს სხვა პოლიტიკური ჯგუფები. კოორდინაციაში რა იგულისხმა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება თუ ამას გააკეთებენ. ეს იქნება პირდაპირ ძღვენი ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ.

„ოპოზიცია ამ პროტესტის წარმმართველი არ უნდა იყოს. ორშაბათს ხომ იყო ხალხის რაოდენობა? მათ შორის პოლიტიკური ლიდერებიც იყვნენ, ოპოზიციის წარმომადგენლებიც და პარტიის წევრებიც, მაგრამ არანაირი მუხტი არ დავარდნილა, პირიქით, ძალიან ბევრი ხალხი იყო, პროტესტის ეს თემა ამავე ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რაც აქამდე იყო. ეს გაცილებით მომგებიანია, ვიდრე პარტიებმა დაიკავონ ტრიბუნები და ა.შ." - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქციებში ოპოზიციის აქტიური ჩართა პროტესტს ხალხს დააკლებს და მუხტს დააგდებს.

„მემგონი პროტესტში ოპოზიციის ჩართვა ხალხს დააკლებს. გავიხსენოთ, როცა რაღაც კრიტიკულ შემთხევებში ოპოზიცია გამოჩნდებოდა, იგივე სარალიძის საქმე რომ იყო, ოპოზიციის გაქტიურებამ ცუდი სამსახური გაუწია სარალიძეს და მერე თავადვე თქვა, რომ ჩემი უბედურება გამოიყენესო.

„ვნახეთ ისიც, რომ შარშან აქციის მონაწილეები პარტიების ჩართვაზე უარს ამბობდნენ. როცა პარტიები მონაწილეობას იღებენ, ნებისმიერ აქციას აძლევს პარტიული დაპირისპირების იერს და ამიტომ ცდილობენ, რომ ამა თუ იმ პროტესტს თავისი სახე შეუნარჩუნონ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე