ნატალია ჯვარიძე
(16.04.2024)

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა ორშაბათს ძალადობრივი ინციდენტით დაიწყო. პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი საკომიტეტო მოსმენისას ტრიბუნაზე მდგომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ალეკო ელისაშვილს მიეპარა და მოულოდნელად თავში მუშტი ჩარტყა. ვინ როგორ აფასებს ამ ინციდენტს და ვინ რა პოლიტიკური დივიდენდები მიიღო ამით?

ანალიტიკოსთა აზრით, პიარის მხრივ, ამ ინციდენტით როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ გარკვეული ქულები დაიწერეს და ორივე მხარემ ამომრჩეველის თვალში საკუთარი პოზიციები გაიმყარეს. ამასთან, მომხდარის შემდეგ თავად ელისაშვილის პოპულარობაც გაიზარდა ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ინციდენტზე საუბარს თავს არიდებენ და მომხდარის პოლიტიკურ შეფასებას მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ. თავად ელისაშვილი სამშაბათს პარლამენტშ არ მისულა, სადაც ამ სადავო კანონის პირველი მოსმენით განხილვა გაიმართა. ინციდენტის შემდეგ მან განაცხადა, რომ მის სახლთან, მთაწმინდაზე რამდენიმე ნიღბიანი ახალგაზრდა მივიდა, რომლებსაც კედლებზე გარკვეული წარწერების გაკეთება სურდათ, მაგრამ მეზობლებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ამასთან, ეს ინციდენტი აქამდე რჩება სოციალურ ქსელებში განხილვის აქტიური თემად. ამ ხრივ აღსანიშნავია, რომ თავად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების ნაწილი ელისაშვილის მოქმედებას ნეგატიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს ისევ „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

პოლიტიკური შეფასებები

ამ შემთხვევის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს ასეთი მოქმედება კონკრეტულმა ძალებმა დაუკვეთეს და არსებობს ამის მტკიცებულებებიც.

„ასეთი არაკაცური არაფერი მინახავს. ასეთი მიპარვით, ქურდული რაღაცა, ასეთი ლაჩრული მიპარვა ადამიანზე, ამაზრზენია. მემგონი ერთადერთი, რამაც გააბედვინა, ის არის, რომ პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს, თორემ გუშინ არ გავუცნივარ და ამას ვერ გაბედავდა ნამდვილად. ნუ, რას ვიზამთ, პოლიტიკოსებს ასეთი რაღაცების ატანა გვიწევს, როგორც ჩანს.

„მტკიცებულებაც გავახმოვანე. თქვენმა კოლეგებმა, ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენლებმა, ის „მესიჯი" იციან დეტალურად, რა მტკიცებულებაც აჩვენებს, როგორ მოდიოდა პირადად ჩემზე მსგავსი დაკვეთა. ეს დაკვეთა ვერ შეასრულა სხვამ და შეასრულა ალეკო ელისაშვილმა. მტკიცებულებაა ამისი. ალბათ, არ ეგონა, ასეთი „მესიჯი" თუ მოწერილი იქნებოდა ჩემთან. ვინ გადაუხადა, თვითონ ილაპარაკოს ამაზე, თორემ მაგ კაცს არაფერი პატრიოტული და არაფერი გულის ამაჩუყებელი, თვითონ რომ უყუჩდება ხოლმე ვითომ და ძალით ვაჟკაცობს, ასეთი არაფერი გააჩნია, ყველამ ნახეთ. ასეთი ლაჩრული საქციელი, ალბათ, კაცს ვერ წარმოუდგენია დედამიწის ზურგზე", - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ელისაშვილს ბოდიშის მოხდა ურჩია.

„სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა. ძალადობის ამ ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. მამუკა მდინარაძემ ამ აგრესიასა და თავდასხმას უკვე უპასუხა ღირსეულად - არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი.

„რა მაგალითი მისცა ალეკო ელისაშვილმა ბავშვებს? როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში? რა მაგალითი მისცა ჩვენს მტრებსაც, ვისაც პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდებათ? მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, ალეკო ელისაშვილის ქცევამ გააჩინა ეჭვები, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი.

„ამან, ვფიქრობ, გააჩინა ეჭვები და გააღრმავა ის აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. არ ვიცი ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, ამ ფორმით და ამ სახით. ასეთი ძალადობრივი თავდასხმა მე არ მახსოვს. სხვადასხვა შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასეთი ფორმით, რომელიც თავდამსხმელთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, რთულია ამას რაიმე შეფასება მოუძებნო.

„როდესაც ცდილობ ახსნა, თუ რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი, აქ ერთადერთი ახსნა იყო ის, რომ იყო გარკვეული დაკვეთა. გუშინდელი სურათი, ფაქტობრივად, იმის განმარტებაა, თუ რა ტაქტიკა აქვს რადიკალურ ჯგუფებს, ოპოზიციასა და ზოგიერთ „ენჯეო" და მედიასაშუალებებს. გუშინდელ ფაქტი, კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი, აბსოლუტურად გაუგებარი ქცევა აჩენს ეჭვებს, რომ ამის უკან რაღაც დგას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილის თქმით, ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ. მისივე თქმით, ამ მზაკვრობას და ლაჩრობას არავინ არავის არ შეარჩენს".

ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველას, ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის, ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ. კიდევ ერთხელ ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ. ამ მზაკვრობას და ლაჩრობას არავინ არავის არ შეარჩენს". - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ოპოზიციის მხრიდან ალეკო ელისაშვილზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ვინ დარჩა მოგებული

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ალეკო ელისაშვილის მოქმედებას გაუმართლებლად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ ამ ინციდენტით გარკვეული ქულები ოპოზიციამაც დაიწერა და ხელისუფლებამაც.

„ალეკო ელისაშვილის ქმედებას არც ერთ შემთხვევაში არ ვამართლებ. ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკა არ უნდა კეთდებოდეს და პოლიტიკოსებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ. თუმცა, მისი ეს ქმედება არ იყო დადგმული სპექტაკლი, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს. იგი აშკარად ემოციურად და გულწრფელად გამოვიდა. სამწუხაროდ, ძალა გამოყენებული იყო როგორც მის მიერ, ასევე მერე მის მიმართ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ქართული პოლიტიკიდან მსგავსი საქციელები გამოვრიცხოთ.

„პიარის მხრივ ამ ინციდენტით ორივე მათგანმა მოიგო - როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზოციამ, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება იმდენად პოლარიზებულია, განსაკუთრებით პოლიტიკურად, რომ ნებისმიერი მეტ-ნაკლებად თვალშისაცემი ქმედებით, მითუმეტეს თუ ძალასთანაა დაკავშირებული, ორივე მხარე ქულებს იწერს. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მომხრეები კმაყოფილი არიან, რომ „ოცნებას" მიუზღვეს „დამსახურებული აგრესია"; ასევე ხელისუფლებას შეუძლია ილაპარაკოს და ამასაც აკეთებენ, რომ ისინი არიან მოძალადეები და ამაზე მეტის გაკეთება არ შეუძლიათ.

„ოცნებაც" და ოპოზიციაც ამომრჩეველზე ფიქრობს. ამ ინციტენტით არც ერთმა მხარემ ამომრჩეველი არ დაკარგა. პირიქით, ორივე მათგანმა ამომრჩეველის თვალში საკუთარი პოზიციები გაიმყარეს. ოპოზიციამ ამ საქციელით თქვა, რომ დიახ, ხელისუფლებას ასე უნდა ელაპარაკო და „ოცნებამ" კი „ხომ ხედავთ, ეს არის ოპოზიცია და ამაზე მეტი არ შეუძლიათ".

„ოპოზიციამ თუ ხმები დაკარგა, ეს „ქართულ ოცნებაში" მაინც არ წავა. არჩევნებამდე ბევრი დროა და ვინც ამით კმაყოფილი არ არის, დაფიქრდებიან რატომ მოხდა. ეს არ არის ის ქმედება, რომ ხმები დაკარგონ, რადგან ქვეყანაში უფრო სერიოზული გამოწვევებია, ვიდრე ეს ჩხუბის ეპიზოდი". - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ამ ინციდენტის შედეგად თავად ელისაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზრდება.

„რა თქმა უნდა, ელისაშვილის ეს ქმედება მოსაწონი არ არის. ძალადობა და ჩხუბი არ შეიძლება, მითუმეტეს პარლამენტში. ეს ცუდ პროცესებს მოიტანს. თუმცა, აქვე უნდა ითქვამს, რომ თუ ხელისუფლება აშკარად მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ მიდის და ამ პროცესის მთავარი სპიკერი მამუკა მდინარაძე იყო, ამ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილი ამით მომხრეებს მოიზიდავს. ვისაც ეს მთავრობა ეზიზღება, ცხადია, მათი მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვება. მმართველმა პარტიამ საქმე ასე დაპირისპირებამდე არ უნდა მიიყვანოს. ამ შემთხვევით ხელისუფლება რაიმე სახის ქულებს ვერ დაიწერს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე