თამთა ჩაჩანიძე
(16.04.2024)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ „კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას". ამის საპასუხოდ „ოცნებამ" განაცხადა, რომ მოსამართლეები აქეთ ელოდებიან სახდეპისგან კონკრეტული მიზეზების ახსნას, თუ რის გამო დაასანქცირეს ისინი. როგორც უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, საქართველოში სასამართლოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი ენდობა და აშშ-ში - 25%.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ მეთიუ მილერმა ეს განცხადება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ ბრიფინგზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მისივე აზრით, სავარაუდოდ, აშშ-ის სახდეპი მოსამართლეების დასანქცირების დღიდანვე ელოდებოდა საქართველოს ხელისუფლებისგან შესაბამის ნაბიჯებს და რადგანაც „ოცნებამ" ამაზე უარი თქვა, მილერის განცხადებაც, სავარაუდოდ, ამ უკმაყოფილების გამოხატულება იყო, რითაც საქართველოს ხელისუფლებას შეახსენეს, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს ჯერ კიდევ ელოდებიან.

მილერის განცხადება და „ოცნების" პასუხი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით მოუწოდებს „ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას".

„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე, (დაწესდა) ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას", - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

ამას უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ინგლისურად უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დასანქცირდნენ და დღემდე ელოდებიან ამის მიზეზების დასაბუთებას.

„Hey Matthew, are you kidding my friend? („ჰეი, მეთიუ, ხუმრობ მეგობარო?") რაზეა საუბარი? საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დასანქცირდნენ, დღემდე ველოდებით კონკრეტულად რის საფუძველზე.

„შეგახსენებთ კიდევ ერთ ქეისს - მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიიღო გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოჰპარა „რუსთავი 2"-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში. სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებთ, იმიტომ, რომ ჩხიკვაძის გადაწყვეტილება სამართლიანი და ობიექტური იყოო. ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეებს და მისი ოჯახის წევრებს.

„რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ? მათ შორის თქვენი კვლევებით, საქართველო კანონის უზენაესობით ევროკავშირის 7 სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის ნატო-ს 11 სახელმწიფოს. საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მეტი. თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, მხოლოდ 25 % გენდობა. What are talking about my friend? („რაზე ლაპარაკობ, მეგობარო?") გაოგნებული ვარ", - აღნიშნა ზარქუამ.

დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენმდივანი კახი კალაძე კი აცხადებს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვერ მიიღო ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი.

„მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი, ვერცერთი მტკიცებულება, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი აღნიშნულ მოსამართლეებს. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რაიმე ქმედების განხორციელება, გინდ სამართლებრივად, გინდ ადამიანურად, ყველანაირი თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი და გამორიცხულია ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

„საბოლოოდ საქმე ე.წ. ვეტინგამდე მიდის..."

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, მილერის ეს ტექსტი იყო პასუხი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ალექს რაფოღლუს კითხვაზე, რომელიც მისი თქმით, აქაურ ლობისტებს ჰყავთ დაქირავებული. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ამით მილერმა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა, რომ სახდეპი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას კვლავ ელოდება დასაქნცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ.

„ესაა ზარქუას პოზიცია და რამდენად გამოხატავს „ქართული ოცნების", როგორც პარტიის პოზიციას, არ ვიცი. რაც შეეხება მილერს, მან სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია გაახმოვანა ჟურნალისტის კითხვაზე. ეს ფრაზა თავისი ინიციატივით არ წარმოუთქვამს - ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს. თუ არ ვცდები, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ვინმე რაუფოღლუმ, რომელიც აქაურ ლობისტებს ჰყავთ დაქირავებული, რომ იქ დაუსვას კითხვები საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.

„როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტმა ოთხ მოსამართლეს საქნციები დაუწესა, მაშინვე დავწერე, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებოდნენ და სავარაუდოდ დღესაც ელოდებიან ამ მოსამართლეების მიმართ რაღაც დამსჯელი ღონისძიებების გატარებას. ამერიკელები ტყუილად სანქციებს ისე არ უწესებენ, რომ ეს ქაღალდზე დარჩეს. ისინი დიდხანს ელოდენენ და რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ მოსამართლეები იქით დაიცვა, როგორც ჩანს, აშშ-ში უკმაყოფილონი არიან იმით, თუ რა რეაგიორება მოახდინა საქართველოს ხელისუფლებამ ამ სანქციებზე.

„მილერის პასუხიც, სავარაუდოდ, ამ უკმაყოფილების გამოხატულება იყო. ანუ საქართველოს ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით თქვენგან რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასო.

„ვფიქრობ, ეს პირდაპირ უკავშირდება ე.წ. ვეტინგის საკითხს. გასაგებია, რომ მასში მოექცევა სწორედ სანქცირებული მოსამართლეების ეს ჯგუფი და დიდი ალბათობით, „ვეტინგს" ვერ გაივლიან. შესაბამისად, ისინი სასამართლო სისტემას ჩამოშორდებიან.

„მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი რომ გავაბათ, საბოლოოდ საქმე აქამდე მივა. მაგრამ, მეორე მხრივ, მტკიცებულებები, თუ რატომ არიან ისინი კორუმპირებულები და რა გააკეთეს ასეთი, ჩვენ არ გვინახავს. იქ ზოგადი ფრაზები წერია - რომ მათ დემოკრატიის განვითარებას ხელი შეუშალეს და ა.შ., მაგრამ როგორ და რა გზით, ამაზე არაფერია ნათქვანი. ჩემი წყაროებით რამდენადაც ვიცი, ამ სანქციების ძირითადი საფუძველი გახდა ჟურნალისტური გამოძიებები ამ მოსამართლეების წინააღმდეგ და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. ეს გამოძიებები და ეს ანგარიშები რამდენად სარწმუნოა, მე პირადად ამასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა მაქვს.

„ჩემი აზრით, ეს საკითხი ასე არ დასრულდება. ამ კუთხით ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდებადა. შემდეგ უკვე ალბათ ხელისუფლება იმოქმედებს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, არ აქვს მოლოდინი, რომ აშშ-მა დასანქირებული ქართველი ოთხი მოსამართლის საკითხს გადახედოს.

„არ მაქვს ამის მოლოდინი, რადგან მე პირადად ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს. აქ საქმე ეხება სწორედ მოსამართლეებს და არა რომელიღაც ოლიგარქს. ვნახეთ, რომ რამდენიმე ოლიგარქს სანქციები ნაწილიობრივ მოუხსნეს, მაგრამ მოსალართლეებთან დაკავშირებით არსებობს მკვეთრად გამოხატული ინტერესი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში ისეთი ადამიანები მოხვდნენ, რომელთა კანდიდატურებიც დასავლეთისთვის, აქაური არასამთავრობო სექტორისთვის და ცნობილი წრეებისთვის მისაღებია. ესაა მთავარი მიზანი და „ვეტინგიც" ამას ემსახურება, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კადრები ჩანაცვლდეს დასავლეთისთვის მისაღები კადრებით", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე