ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ „გორბიმ იეშმაკა", როცა დამუშავებული მონაცემები გამოაქვეყნა
ნატალია ჯვარიძე
(12.04.2024)

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, „გორბის" კვლევა რეალური რომ იყოს, ახლა „ოცნება" ისევე მშვიდად იქნებოდა, როგორც გასულ წლებში იყო. როგორს აცხადებს, „გორბიმ" იეშმაკა, როცა ალოკაციით გამოაქვეყნა შედეგები, არადა ფიქრობს, გამოკითხულთა 60% იტყოდა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, ვის მისცემს ხმას. ეს, მისი აზრით, სწორედ ის 60%-ია, რომლებიც „შუაშისტ" ამომრჩევლად ითვლება და არა „ოცნების".

„ქართულ ოცნებას" რომ მათთვის ასეთი მშვენიერი რეიტინგი ჰქონდეს, რაც იმ კვლევაშია მოცემული, მაშინ ისინი საკმაოდ მშვიდად იქნებოდნენ და ასეთ აგრესიულ საარჩევნო კამპანიას არ წარმართავენ, როგორც ახლა, საერთოდ არ დასჭირდებოდათ. ვისაც 2016 და 2020 წლის არჩევნები ახსოვს, ისიც ემახსოვრება, როგორი თავდაჯერებულები იყვნენ. მათი საარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდი და მოზომილი იყო.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, „გორბის" ეს გამოკითხვები უფრო საპირისპიროს ამტკიცებს. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ალოკაციისთვის რამდენი პროცენტია, არამედ ის თუ ალოკაციის გარეშე რა ხდება? რამდენი პროცენტია? რატომ არ აქვეყნებენ ამ მონაცემებს? ეს იმიტომ, რომ სრულიად განსხვავებული სურათი იქნება. დღეს რეალურად მმართველ პარტიას ალოკაციის გარეშე რა მხარდაჭერაა აქვს, ის მონაცემები დადონ და უფრო ზუსტად შევაფასებთ საზოგადოების განწყობას. სწორედ 60% იქნება ის ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას ან წავა თუ არა არჩევნებზე. ეს არის „გორბის" პატარა ეშმაკობა," - განაცხადა ვახტან ძაბირაძემ.

საუბარია ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე, რომლის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება" ხმათა 60.4%-ს მიიღებდა; „ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი" - 12.6%; „ლელო" - 4.7%; „ევროპული საქართველო" - 4.5%; "საქართველოსთვის" - 3.7%; „გირჩი მეტი თავისუფლება-დროა" - 3%; „ახალი" - 1.6%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" - 1,4%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 0.9; „მოქალაქეები" - 0.6%; „ლეიბორისტული პარტია" - 0.6%; სხვა და არა-ალოცირებული" - 6%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე