თამთა ჩაჩანიძე
(11.04.2024)

„წინა გამოკვლევების მსგავსად ტენდენციები ერთნაირია, თუმცა ოდენობაზე თავს ვერავინ ვერ დადებს," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" გორბის კვლევას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, რომელიც „იმედმა" გამოაქვეყნა და სადაც პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ, „ქართული ოცნება" ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.

„გორბი" თავისთავად „ოცნების" დავალებებს ასრულებს და ხშირად ისეთ შედეგს აქვეყნებს, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ვინც ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს, თითქოს ისინი უმცირესობაში არიან. მოსახლეობას ფსიქოლოგიურად ამზადებენ," - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევაში მეორე ადგილზეა ენმ/„სტრატეგია აღმაშენებელი" - 12.6%; „ლელო" - 4.7%; „ევროპული საქართველო" - 4.5%; გახარიას „საქართველოსთვის" - 3.7%; „გირჩი - მეტი თავისუფლება" - „დროა" - 3%; მელია-გვარამიას „ახალი" - 1.6%; „გირჩი" - 1,4%; „პატრიოტთა ალიანსი" - 0.9%; ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები" - 0.6%; „ლეიბორისტული პარტია" - 0.6%; სხვა - 6%.

„იმედი" თავის საიტზე წერს, რომ 11-18 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1711 რესპონდენტი, რომლის 68.4 %, ანუ 1170 სავარაუდო ამომრჩეველია. ეს მაჩვენებელი, სავარაუდო ხმის მიცემის 2 შეკითხვაზე გაცემულ პასუხებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ხმის მიცემის თვითგაცხადებული ისტორიის მიხედვით გამოვლინდა. ცდომილების ზღვარი: +/- 3%-ია.

იქვე არის შენიშვნა: „პარტია „ახალი" ოფიციალურად დაფუძნდა მას შემდეგ, რაც საველე სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად ეს პარტია კითხვის პასუხებში არ იყო მითითებული. შედეგები, რომელიც წარმოდგენილია ამ პარტიის შესახებ, ეფუძნება რესპონდენტების მიერ სპონტანურად გაცემულ პასუხებს".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს პირველ ადგილზე „ოცნება" გავა, თუმცა კონკრეტულ პროცენტულ ოდენობაზე საუბარი ძნელია.

„წინა გამოკვლევების მსგავსად ტენდენციები ისეთივეა, პირველი ადგილი „ოცნება", მეორე - ენმ-„სტრატეგია აღმაშენებელი". დანარჩენები ზოგ გამოკვლევაში ბარიერს ლახავენ, ზოგში ვერა, მაგრამ ლაპარაკია 2-3%-ზე და ეს ტენდენციებში არ ჩაითვლება. ტენდენციები ერთნაირია, თუმცა ოდენობაზე ვერავინ თავს ვერ დადებს.

„ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რა თქმა უნდა პირველ ადგილზე „ქართული ოცნება" გავა, რადგან ამდენი ხანი ფიგურირებს, როგორც არჩევნებში ფავორიტი და არაფერი არ ხდება საიმისოდ, რომ დიდად განსხვავებული შედეგები იყოს მიღებული", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც პარტიები ბარიერს ვერ ლახავენ, არის „დაუფიქრებლობა, რომელსაც 12 წელია აგრძელებენ".

„როცა ადამიანი გასაღებით კარს ვერ აღებს, ხომ უნდა დახედო, ერგება თუ არა გასაღები?! ესენი არ ფიქრდებიან, არ აანალიზებენ თუ რატომ ვერ იღებენ ხმებს. ერთსა და იმავეს კეთებას უკვე 12 წელია აგრძელებენ.

„დრო არის იმისთვის, რომ ბარიერის გადალახვისთვის საჭირო მომხრეები მიიზიდონ, მაგრამ ქართულ პოლიტიკას ხომ ორი პარტია იქით, ორი პარტია აქეთ არ შეცვლის?! პარლამენტი გადაწვეტილებას ხომ ორ-ორი პარტიით ვერ მიიღებს?! პოლიტიკას კი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. ახლაც არიან პარტიები - „გირჩი", „მოქალაქეები" და სხვები, მაგრამ პოლიტიკური პროცესი მაინც ორი პარტიის ბალანსით დგება ", - განაცხადა საყვარელიძემ.

ამბობს, რომ წვრილი ოპოზიციური პარტიების ამოცანებში „სტრატეგიის შეცვლის კი არა, შექმნის აუცილებლობა დგას".

„ის რომ იძახო ხელისუფლება, არ გვივარგა და უკმაყოფილო ხარ, ეს არ არის სტრატეგია, არამედ მისი ერთ-ერთი გამოხატულებაა. სტრატეგიის მაგალითი ივანიშვილმა გვაჩვენა, რაზეც აკრიტიკებენ - ინარჩუნებს „ნაციონალურ მოძრაობას" იმისთვის, რომ ხალხმა ყოველთვის არჩევანი გააკეთოს „ოცნების" სასარგებლოდ. არის ეს სტრატეგია? არის!" - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ოცნების" 60%-იანი რეიტინგი არარეალურია, რადგან 2016 წელსაც კი, როცა რეიტინგი 2014 წელთან შედარებით მაღალი ჰქონდა, ამდენი ხმა არ აუღია.

„გორბი" თავისთავად „ოცნების" დავალებებს ასრულებს და ხშირად ისეთ შედეგს აქვეყნებს, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ვინც ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს, თითქოს ისინი უმცირესობაში არიან. მოსახლეობას ფსიქოლოგიურად ამზადებენ. მანამდე „ოცნების" ლიდერებიც საუბრობდნენ 60%-ზე.

„რეალურად რომ გავაანალიზოთ, „ოცნებას" 60% არ აუღია 2016 წელს, ეს ის პერიოდია, როცა უფრო მაღალი რეიტინგი ჰქინდა, ვიდრე დღეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც 49% მიიღო პროპორციულ ნაწილში, შემდეგ 30 მაჟორიტარი გაიყვანა. მას მერე კი „აგენტების კანონზე" 8-9 მარტის მოვლენები განვითარდა, კანონპროექტი დღეს კვლავ შეაბრუნა.

„საფეხბურთო მატჩის შემდეგ, როცა კობახიძე ტრუბუნაზე ავიდა, ხალხმა დაუსტვინა, აქაც ჩანს, რა რეიტინგი გააჩნიათ. ესაა სპეციალურად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა", - განაცხადა ჩიტაძემ.

ის იმ პარტიებზე საუბრობს, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პოტენციალი აქვთ.

„თავისთავად „ქართული ოცნება" და ენმ-„სტრატეგია აღმაშენებელი" ბარიერს გადალახავენ, ასევე მგონია, რომ 5%-ს გადალახავს გახარიას პარტია „საქართველოსთვის". იმედია, რომ „ლელოც" გადალახავს „დროასთან" და „გირჩთან" ალიანსში.

„ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „ახალსაც" - მელიას ენმ-დან მხარდამჭერები გადმოჰყვა. „ევროპული საქართველო" ბევრი ინტელექტუალითაა წარმოდგენილი და სასურველია, რომ ბარიერი გადალახოს, მაგრამ ალიანსში უნდა შევიდეს „ლელოსთან" და სხვებთან, ისე გაუჭირდება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე