თამთა ჩაჩანიძე
(10.04.2024)

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონპროექტის განხილვის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 12 აპრილს ბერლინს ეწვევა, სადაც გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება. მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები. ანალიტიკოსები კი არ გამორიცხავენ, რომ დამატებით გამახვილდეს ყურადღება „აგენტების კანონზეც".

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცი ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

„2024 წლის 12 აპრილს ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

„შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები", -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე სავარაუდოდ მართლაც ინება განხილვის ერთ-ერთი თემა აღნიშნული კანონპროექტი - „დოიჩე ველე" წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სინანული გამოთქვა" კანონის პარლამენტში შებრუნების გამო. აღნიშნულ მედიას კრისტიან ჰოფმანმა, ფედერალური მთავრობის პრესსპიკერის პირველმა მოადგილემ და ფედერალური მთავრობის პრესისა და ინფორმაციის ოფისის უფროსის მოადგილემ უპასუხა თუ როგორია ოფიციალური ბერლინის რეაქცია აღნიშნულ კანონპროექტზე.

ჰოფმანმა გაიხსენა, რომ „საქართველოს მთავრობა შარშან უპირობოდ დაჰპირდა ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღებას" და დასძინა: „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიჰყვება რეფორმების გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ამით აცხადებს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას",- თქვა კრისტიან ჰოფმანმა.

მისი თქმით, „შარშან, ამ კანონპროექტის წინააღმდეგ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათიათასობით წარმომადგენლის პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს", ჰოფმანის თქმით, „პრესისა და მედიის თავისუფლება არის საფუძველი ნებისმიერი დემოკრატიისა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა".

საკითხზე, დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის შანსს, თუ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონს მიიღებს, მისი თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.

რაზე შეიძლება გამახვილდეს ყურადღება შეხვედრისას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ეჭვობს, რომ მაინცდამაინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იყოს ძირითადი საკითხი.

„მეეჭვება, რომ მაინცდამაინც კანონის თემა იყოს ძირითადი, რადგან გერმანიამ დღის წესრიგი უკვე გამოაქვეყნა და იქ ეს არ ფიგურირებს. ალბათ ის საკითხები იქნება, რაც დღის წესრიგშია მოხსენებული - რეგიონის უსაფრთხოება და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება საუბარი შეეხოს კანონსაც, მაგრამ თავად ეს თემა რომ არაა ძირითადი სამიზნე, თავისთავად საყურადღებოა.

„საყურადღებოა იმ ფონზე, რაც შარშან იყო, როცა კანონის წინააღმდეგ მთელი დასავლეთი ამხედრდა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე და არა მხოლოდ კერძო პირების - პოლიტიკოსების გამონათქვამების მიხედვით. წინა წელს უცხოელ დიპლომატთა მთელი კორპუსი იყო მობილიზებული ამ კანონის წინააღმდეგ და წელს ანალოგიური სიტუაცია არაა, რაც თავისთავად საყურადღებოა.

„სავარაუდოა, რომ ამ კანონის თემას შეეხებიან. აკრძალული თემა არაა და ბოლო პერიოდის მოვლენებში კანონის გარშემო განვითარებული აქციები შეიძლება იყოს საუბრის თემა, თუმცა, არა მგონია, რომ ეს საუბარი იყოს იმავე სტილის, რითაც იყო შარშან. წინა წელს ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი, რომ ამ კანონისკენ მიდის დასავლეთის მთელი ქვეყნები და ეს მხოლოდ რუსული ფაქტი არაა.

„შესაბამისად ეს კანონი, როგორც თავდაცვის საშუალება დღეისთვის დასავლეთისთვის უფრო მეტადაა აღიარებული. მემგონი ამიტომაა, რომ დასავლეთი ისეთ მძაფრ რეაქციას აღარ იძლევა, როგორც ადრე, რადგან თვითონაც ამ კანონის ინსტრუმენტი აქვს შეტანილი თავის შიდა პოლიტიკაში",- განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, თუ მოხდა ისე, რომ გერმანია „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით კრიტიკული აღმოჩნდა, მოსალოდნელი არაა, რომ „ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალოს.

„ერთი ქვეყნის, თუნდაც ისეთი დიდი და მნიშვნელოვანის, როგორიც გერმანიაა დამოკიდებულებამ არ მგონია, რომ გავლენა იქონიოს „ოცნების" გადაწყვეტილებაზე, თუნდაც იმიტომ, რომ „ოცნებამ" ეს კანონი ერთხელ უკვე დააბრუნა და ალბათ ყოველმხრივ ეცდება, რომ არ გაიმეოროს ის ნაბიჯი, რაც შარშან გადადგა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გერმანია კანონპროექტზე ყურადღებას აუცილებლად გაამახვილებს.

„შოლცი ევროკავშირის სახელითაც გააკეთებს განცხადებას, დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომ კანონი არ უნდა იქნას მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პრობლემები შეექმნება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისას. მგონია, რომ იქნება კონკრეტული მოთხოვნები კობახიძესთან, საერთო ჯამში, საქართველოს ხელისუფლების მიმართ",- განაცხადა ჩიტაძემ.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კრიტიკის მიუხედავად, „ოცნებამ" მაინც გააგრძელოს კანონპროექტის განხილვა.

„რატომღაც მგონია, რომ განხილვას გააგრძელებს, დიდი ალბათობით, ბრძანება აქვთ მიღებული ბიძინა ივანიშვილისგან და მას უარს ვერ უბედავენ. დიდი ალბათობით ივანიშვილმა მოსკოვიდან მიიღო დავალება.ვნახეთ მკაცრი განცხადებები ევროპარლამენტის, აშშ-ის სახდეპის, სტოლტენბერგის და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირისგან, თუმცა „ოცნება" მაინც აგრძელებს განხილვას.

„ოცნება" შარშანვე უნდა დაფიქრებულიყო, რომ მეორედ არ შემოებრუნებინა, მაგრამ არ უფიქრდება, რითაც ავნებს საკუთარ თავს და ქვეყანას",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე