ნატალია ჯვარიძე
(09.04.2024)

ორშაბათს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენა არის ჩანიშნული. ამის პარალელურად კი პარლამენტის წინ საპროტესო აქცია გაიმართება. ამის შესახებ სამშაბათს გამართული „თავისუფლების მარშის" შემდეგ გახდა ცნობილი. რა აჩვენა სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ ორდღიანმა პროტესტმა და რას უნდა ველოდოთ 15 აპრილს?

9 აპრილს, 18 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ასეული მოქალაქე შეიკრიბა, რომელთაც პარლამენტის მიმართულებით გამართეს მსვლელობა, ლოზუნგით „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. პარლამენტთა მისვლისას კი აქციის მონაწილეთა რაოდენობა უკვე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი.

აქციია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და მისი მონაწილეები „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. ანალიტიკოს ვახტან ძაბირაძის შეფასებით, სხვადასხვა გარემოების ფონზე, გამოსვლა საკმაოდ მასშტაბური იყო და კანონპროექტის განხილისას საპროტესტო მუხტი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

აქციის მონაწილეებს შორის ოპოზიციური პარტიებსი ცალკეული წარმომადგენლებიც იყვნენ. პროტესტის მონაწილეებს თან ჰქონდათ ყვავილები.

„ყვავილები მოვიტანეთ, რათა „თავისუფლების მარშის" მონაწილეებს დავურიგოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ პოზიტიური, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ვატარებთ მარშს, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე დადეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ ბრძოლა არ არის დასრულებული. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის რთული, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საქართველოში მიღებული კანონპროექტები უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად, ჰქონდეთ უკეთესი შემოსავალი, ჯანდაცვა, უკეთესი სამუშაო ადგილები.

„ხელისუფლებას წარმოდგენილი აქვს კანონპროექტი, რომელიც ერთი ერთში აისახება, როგორც პუტინის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

აქციას სამოქალაქო აქტივისტი და რიონის ხეობის დამცველთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანიც შეურეთდა. მან „ნეტგაზეთთან" ინტერიუში განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანია ყველას იარლიყი დაჰკიდონ და აგენტად მონიშნონ.

„მათი მიზანი ისაა, რომ ყველას, ვინც ხმას იღებს, იარლიყი დაჰკიდონ და აგენტად მონიშნონ. ეს არის იმის მექანიზმი, რომ ჩვენნაირი ხალხის ხმა ჩაახშონ. ყველა, ვინც რამეს ვამბობთ და ვეწინააღმდეგებით მათი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას... მართლა აგენტი ვინცაა, იმათ არც არავინ შეეხება", - აცხადებს გოლეთიანი.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, აქცია საკმაოდ მასშტაბური გამოვიდა იმის ფონზე, რომ 9 აპრილი დასვენების დღეა და პარლამენტში სხდომები არ მიმდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, უმჯობესია როგორც ოპოზიციამ, ასევე საზოგადოებამ შარშანდელის მსგავსად ენერგია აქციებზე არ დახარჯონ და არჩევნებისთვის მოემზადონ.

„ჩემი აზრით, რუსთაველზე რამდენი ხალხიც შეიკრიბა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმის ფონზე, რომ დღეს დასვენების დღეა და პარლამენტში სხდომა არ მიმდინარეობს და არც ამ კანონპროექტის განხილვაა. ასე რომ, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მცირერიცხოვანი აქცია ნამდვილად არ იყო. როდესაც ამ კანონის განხილვა დაიწყება, რა თქმა უნდა, საპროტესტო მუხტი უფრო გაიზრდება და აქციისას ხალხის რაოდენობაც მოიმატებს.

„თუმცა, მე არასწორად მიმაჩნია, რომ მთელი ენერგია აქციებს შევალიოთ და არჩევნებისთვის ძალაგამოცლილები ვიყოთ. ოპოზიცია და ზოგადად საზოგადოება მთლიანად კი არ უნდა დაიხარჯოს ამ კანონის მიღება-არ მიღებაზე, არამედ ნელ-ნელა უნდა მოხდეს მისი ესკალაცია და თავის პიკს მიაღწიოს არჩევნებამდე და არა არჩევნების შემდეგ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახლა ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ ამ აქციებით ოპოზიციას და ხალხს ენერგიას გამოაცლის და არჩევნებზე თავისუფლად იმოქმედებს.

„არ ვამბობ, რომ საპროტესტო გამოსვლები არ უნდა იყოს. კი, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა არა ისეთი, როგორიც გასულ წელს იყო. სჯობს უფრო მშვიდი პროტესტი იყოს, ყველანაირი ძიძგილაობის და ზედმეტი დრამატიზმის გარეშე. მთავარია არჩევნებზე საზოგადოება მობილიზებული იყოს, რომ ქვეყანაში ერთპარტიულობა დასრულდეს, რეალური გამარჯვება ეს არის და არა ამ აქციების ფონზე ამ კანონის ჩავარდნა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე