ელზა პაპოშვილი
(09.04.2024)

„ქართული ოცნება“ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის გამო დასავლელი პარტნიორების მხრიდან სერიოზულ კრიტიკას იღებს და ეს ზეწოლა დღითიდღე ძლიერდება. განსაკუთრებით მწვავე შეფასებები გამჭვირვალობის კანონს უკავშირდება. რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას დასავლეთის მხრიდან და რა შედეგს მოუტანს ეს საქართველო-დასავლეთის პარტნიორობას?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ არ არის აგმორიცხული დასავლეთმა უკიდურეს ზომებს მიმართოს, თუკი „ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღებას მაინც გადაწყვეტს. მათი აზრით, შესაძლოა საქმე ცალკეული ჩინოვნიკების დასანქცირებამდეც მივიდეს.

ამაზე დასავლეთში ჯერჯერობით ღიად არავინ საუბრობს, თუმცა, ოფიციალური განცხადებების შინაარსისა და ტონიდან გამომდინარე უკვე აშკარაა, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღებას აშშ და ევროკავშირი უპასუხოდ არ დატოვებენ.

მკაცრი განცხადებები დასავლეთიდან 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე „რუსული კანონის“ ხელახლა ინიცირების გამო.

როგორც გაერო ამბობს, კანონპროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უკან გამოიწვიოს.

გავრცელებულ განცხადებაში გაერო წუხილს გამოთქვამს იმაზეც, რომ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა გენდერული კვოტირება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი „ოცნების" მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე მორიგი განცხადება 8 აპრილს გაკეთდა. სახდეპის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ეს უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, ასევე, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა კანონის მიღება სანქციებს, მილერმა უპასუხა, რომ ეს ჯერ მხოლოდ კანონპროექტია და ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი. თუმცა, მანვე აღნიშნა - „თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით“.

ხელისუფლების პასუხი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გაეროს განცხადებას პასუხობს და სთხოვს მოიყვანონ ერთი არგუმენტი მაინც, თუ რატომ არის საქართველოსთვის დამაზიანებელი „გამჭვირვალობის კანონი“.

„მსოფლიოში არ არსებობს, მათ შორის, არც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, არცერთი ოფიციალური სტრუქტურა ან ადამიანი, რომლის პოზიციას ჩვენ გავიზიარებთ არგუმენტის გარეშე. ასეთი არ არსებობს და აღარ იქნება ჩვენთვის. არასდროს გავიზიარებთ არგუმენტის გარეშე არანაირ პოზიციას. 

„თუკი ვინმე გვეტყვის, რატომ არის შემაშფოთებელი და დამაზიანებელი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორისათვის, დემოკრატიისათვის ის, რაც არ არის დამაზიანებელი ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში და ა.შ., მაშინ კი, ბატონო, ვიფიქრებთ, მაგრამ ზუსტად იგივე მიდგომა რატომ არის ევროპაში კარგი და საქართველოში ცუდი, ვინმემ მითხრას და დავფიქრდები“, - ამბობს მდინარაძე. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა კი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება.

„ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რომ ვიცავ, თუ მე დამასანქცირებენ ჩვენი პარტნიორები... ნუ, პრინციპში არც მიკვირს, ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს იმაზე, რაზეც არგუმენტი დღემდე არ არსებობს. 

„ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ, დასანქცირებულია ჩვენი მოსამართლეები, უსაფუძვლოდ, არგუმენტების გარეშე, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადმოგვიგზავნოთ არგუმენტები. იქნებ მართლები ხართ. თქვენ უსამართლოდ იქცევით და ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ არის პარტნიორული მიდგომა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრების, მეგობრები კი ასე არ იქცევიან“, - ამბობს ზარქუა.

სადამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ საუბრისას დასავლეთიდან „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი წავიდა დათმობაზე და ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის არშესრულების მიუხედავად კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვცა, ამჯერად საქართველოს ხელისუფლების ასეთ გადაწყვეტილებებზე თვასლ აღარ დახუჭავს.

„ამ კანონის მიღება, შესაძლოა, დასავლეთსა და საქართველოს შორის წითელი ხაზი აღმოჩნდეს. გასაგებია, რომ დასავლეთს სჭირდება საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ მას სჭირდება დამოუკიდებელი და თავისუფალი და არა რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი. 

„თუმცა აქ დასავლეთი ქართველ ხალხს უწევს ანგარიშს და ამიტომაც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ, ცუდად არ მინდა გამომივიდეს ჩვენს მოსახლეობაზე საუბარი, მაგრამ არჩევნებში მათ უნდა მიიღონ ამის ადეკვატური გადაწყვეტილებაც. გასაგებია, რომ ოპოზიციაში ვერ ხედავენ დასაყრდენს  და ალტერნატიულ ძალას, მაგრამ კოალიციური მთავრობის ფორმირება ხომ მაინც უნდა მოხდეს.

„ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე, თუკი „ოცნებამ“ ეს კანონი მიიღო, დასავლეთიდან უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგას, რათა მოსახლეობის გამოფხიზლებ მოხდეს. ანუ კონკრეტულ პირებს, მათი ოჯახის წევრებს დაუწესონ სანქციები, რაც ირიბად მოსახლეობის გამოფხიზლებას გამოიწვევს. 

„ოცნება“ მიდის ვა-ბანკზე და მას იმედი აქვს, რომ დასავლეთი ამაზე არ წავა. ამიტომ ეს თამაში შესაძლოა უკვე სახიფათო გახდეს მათთვის. თუკი მოსახლეობა ამ პრობლემას უკვე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ან სხვა პრობლემების შემქნით დასავლეთიდან იგრძნობს, მმართველი გუნდის საქმე ქვეყნის შიგნითაც გართულდება“, - ამბობს ჩიტაძე.      

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ ქვეყანა ბელარუსიის გზას დააყენოს. მისივე აზრით, დასავლეთიდან წამოსული განცხადებები უკვე იმდენად მძიმეა, რომ არ არის გამორიცხული ისინი მოქმედებებზეც გადავიდნენ.

„ოცნებას“ სიტუაცია იქამდე მიჰყავს, რომ დასავლეთს, ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარდა, სხვა საშუალებას აღარ უტოვებს. როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი წევრი გახდა და მოქმედებ ისე, როგორც ეს ევროკავშირს არ შეშვენის, ამის უფლებას ხომ არავინ მოგცემს. 

„მე არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-მა კონკრეტულ ქართველ მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები მართლაც დაუწესოს. შეუწყვიტონ ვიზები და სწავლის გაგრძელების უფლება აღარ მისცენ. 

„ეს დასავლეთისთვის არგუმენტია იმისთვის, რომ „ოცნება“ პრორუსული ძალაა. ამ ხალხს თუ ვიღაც არ ავალებს და არ აიძულებს ამ კანონის მიღებას, ამ წინასაარჩევნოდ აუტკივარ თავს ისევ რატომ იტკიებენ? გამჭვირვალობა თუ უნდოდათ, ეს უკვე მოქმედ კანონებში შეეძლოთ შეეტანათ. ამისთვის ახალი კანონის მიღება არ იყო საჭირო. 

„ოცნებას“ არ ენდობიან დასავლელი პარტნიორები, რომ ამ კანონს საკუთარი ინტერესებისთვის არ გამოიყენებენ. გულუბრყვილო არავინაა, რომ იფიქროს, რომ ამას რაიმე საერთო აქვს სამოქალაქო სექტორთან. ეს არის ისევ კრემლისთვის გაგზავნილი მესიჯი, რომ პრორუსულები ვართ“, -ამბობს ზაქარეიშვილი. 

მისივე აზრით, სანქციების დაწესებამდე მივიდა საქმე, სანქციები არ იქნება სახელმწიფოს მიმართ, რათა საქართველოს მოქალაქეები არ დაზიანდნენ, თუმცა, დასავლეთი „ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე