თამთა ჩაჩანიძე
(08.04.2024)

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა ხმაურით დაიწყო, მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ბიუროს სხდომა, შენობის გარეთ კი აქცია და მსვლელობა გაიმართა ბანერებით - „არა რუსულ კანონს". პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნისგან, გიორგი მსხილაძისგან ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს. 9 აპრილს დაანონსებულია აქციაც.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პროტესტი განხილვების პარალელურად გაგრძელდება, თუმცა, აქ წამყვანი ადგილი და მთავარი ინიციატორები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პარტიები არ იქნებიან, უფრო სამოქალაქო საზოგადება იაქტიურებს. გამწვავდება თუ არა ვითარება და იქნება თუ არა პროტესტი მძლავრი, აქ აზრი ორად იყოფა - ნაწილი ფიქრობს, რომ დიდ პროტესტს თავშივე ეტყობა და დღეს ამის კონტურები არ იკვეთება. ნაწილი კი აცხადებს, რომ ისეთივე ტალღა იქნება, როგორც შარშან იყო 7-8-9 მარტს.

უნდა აღინიშნოს, რომ ორშაბათსვე საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილმა (ჩამონათვალში 400-ზე მეტი ორგანიზაცია ფიგურირებს) კი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას საშუალებას არ მივცემთ, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების რეალური შანსი დაგვაკარგინოს".

მანამდე ორშაბათის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი „სრულად გამართულია", „არასამთავრობოების საქმიანობა კი არის გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ რისთვის ფინანსდება". ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლება „ვა-ბანკზე მიდის ქვეყანაში აღარ დატოვონ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და არჩევნები აქციონ ფორმალობად, როგორც რუსეთშია".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ფეისბუქზე" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსდა აქცია, როგორც ორგანიზატორები წერენ, 9 აპრილს, 18 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება.

„შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"- წერენ აქციის ორგანიზატორები.

რა ხდებოდა ბიუროს სხდომაზე

ხმაური იყო ბიუროს ორშაბათის სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უძღვებოდა, მან დეპუტატებს სხდომის დაწყებისთანავე რეგლამენტის დაცვისა და კანონპროექტზე კამათისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კანონპროექტზე მსჯელობა 12 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება, თუმცა სხდომაზე მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მოითხოვა, რომ განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების მიერ.

„მოვითხოვ, რომ ეს კანონპროექტი განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებას ადგენს. მოვითხოვ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, ისევე როგორც საგარეო კომიტეტს, დაეწეროს ეს კანონი.

„თქვენ ამბობთ, რომ მთავარი საფრთხე მოდის დასავლეთისგან და არა რუსეთისგან. მაგრამ, ვიცით, რომ რუსეთისგან არის. საფრანგეთში რომ იხილება კანონი, იქ საუბარია ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის საფრთხეზე, მათ შორის რუსული გავლენების.

„კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნატო და ევროკავშირი კიდევ ერთხელ გეუბნებათ, რომ ამ კანონის მიღებით ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი დამთავრებულია. მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ.

„ალტერნატიული კანონის მიზანი, ისევე როგორც ევროპაში და ამერიკაში არის ის, რომ ეროვნული უსაფრთხოება იყოს დაცული. ამ მოცემულობაში, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეს სუსი-ს ანგარიშებით, მთავრობის დოკუმენტებით არის რუსეთი, გთხოვთ, ალტერნატიულ კანონზე ვიმსჯელოთ, იმ გზით რა გზითაც მიდის საფრანგეთი, რა გზითაც წავიდა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი. ტოლობის ნიშანი არ დავსვათ მტერსა და მეგობარს შორის, რასაც თქვენ აკეთებთ",- განაცხადამ აქუბარდიამ.

მოსაზრება დააფიქსირა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემაც, მან სიტყვა საქართველოს პარტნიორების მოწოდების გამეორებით დაიწყო, რა დროსაც მას გია ვოლსკიმ სიტყვა გააწყვეტინა და სთხოვა, პირდაპირ დასკვნით ნაწილზე გადასულიყო.

„კონკრეტულად გვითხარით თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. იმას, რაც ითქვა, ნუღარ გაიმეორებთ. თქვენ ბჭობაში ნუ შემოდიხართ! ბიუროს წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენ კი არ გაქვთ ამის უფლება! თქვენ თუ პოზიციას ასე აყალიბებთ, როგორც თქვენ ამბობთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც პოზიციით შემოდიხართ, მაშინ დაჯექით ბიუროს წევრად! თქვით თქვენი პოზიცია, რას უპირებთ! გაწყვიტეთ [თქვენ მიერ დაწყებული] აზრი და პირდაპირ დასკვნა გვითხარით", - მიმართა ვოლსკიმ მსხილაძეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უმრავლესობას მოუწოდა, კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე რეგისტრაციაში საერთოდ არ გაატარონ.

„ევროკავშირის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა მოგვიწოდეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იყოს საერთოდ დარეგისტრირებული და მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამიტომ, მოგიწოდებთ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გაატაროთ რეგისტრაციაში ბიუროზე!" - განაცხადა მსხილაძემ.

ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი რუსულისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

„ამბობთ, რომ რუსული კანონის შესაბამისია და რუსული კანონის მიმართ ჰქონდა ევროპულ სტრუქტურას თავისი ნეგატიური შეფასება. შინაარსობრივადაც, იდეაშიც და თავისი სულისკვეთებითაც, აბსოლუტურად სხვა არის, სიტყვებიდან დაწყებული იდეით დამთავრებული. არ მესმის, ამ გამჭვირვალობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა რატომ არის", - აღნიშნა გია ვოსლკიმ.

„ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის რეგისტრაციაში გატარება ბიუროს მიერ „საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და ღალატია". მან განმარტებით ბარათში არსებული ის ჩანაწერი გააკრიტიკა, სადაც ნათქვამია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

მას სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი დაუპირისპირდა და ანა ნაცვლიშვილი ბიუროს სხდომაზე ტყუილისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ტყუილებს ავრცელებენ, ტყუილს საუბრობენ, დეზინფორმაციას რატომ ავრცელებთ?" - ამ სიტყვებით მიმართა სეფაშვილმა ანა ნაცვლიშვილს.

ნაცვლიშვილმა კი საპასუხოდ თქვა, რომ დეზინფორმაციას ვინც ავრცელებდა, სწორედ ის გააჩუმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა".

„სადაც არ უნდა იყოს, არცერთ ქვეყანაში არ ვეთანხმები, ყველგან ბრძოლის მოტივით არის მიღებული - უნდა დავასახელოთ ვის ვებრძვით და ჩემი აზრით, ვისაც ზოგადად ყველაზე მეტად ებრძვიან ამ კანონით, არის აშშ. მე მგონი, ეგ ქვეყანა ჩვენგან ბრძოლას არ იმსახურებს",- ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დეპუტატის თქმით, ეს კანონი „ბრძოლის კანონია".

რა მოჰყვება კანონპროექტის განხილვებს

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ განხილვებს და მოსმებნებს ისეთივე პროტესტი მოჰყვება, როგორიც შარშან იყო, თუმცა ამჯერადაც მისი თქმით, ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები არ იქნებიან.

„დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ როგორც გამოვიდა ხალხი წინა წლის 7-8-9 მარტს, ახლაც ასე გამოვიდეს. თუმცა, ახლა ოპოზიცია თავის წინასაარჩევნო კამპანიით აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სუსტ წერტილში დაარტყას, მაღალ ფასებზე, უმუშევრობაზე, მიგრაციაზე, სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებაზე და შესაძლოა პროტესტის თვალსაზრისით წამყვანი უფრო საზოგადოება და არასამთავრობო პრგანიზაციები აღმოჩნდნენ.

„ჯერ კანონპროექტი განიხილება, მაგრამ მე უფრო მგონია, რონ საზოგადოება მოსმენების დროს უფრო გააქტიურდება. „ოცნებას" დროის გაწელვა აწყობს, რადგან შესაძლოა ამ კანონპროექტის მეორედ მობრუნება საერთოდაც მათი სურვილი არც იყო და არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილმა დავალება რუსეთისგან მიიღო, ან თავად მიიღი გადაწყვეტილება, რომ მეორედ შეებრუნებინათ რუსეთს რომ ასიამოვნონ. ამით იმიტაციას ახდენენ, რომ თითქოს კანონისთვის იბრძვიან და ცდილობენ.

„მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ძალიან მალე ივანიშვილიც პოლიტიკაში დაბრუნდა და არაა გამორიცხული მიიღო დავალება, რომ ხელი შეეშალოს ევროიტეგრაციას და ამის იმიტაციას ახდენს „ოცნება". სულაც არ სურთ, რომ წინასაარჩევნოდ საპროტესტო დიდი ტალღა მიიღოს, მითუმეტეს, რომ კორუფციულ სკანდალში ყოფილი პრემიერი და მოსამართლეები გაეხვნენ",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ეჭვობს, რომ მძლავრი პროტესტი მოჰყვეს „უცხოურ აგენტებზე კანონის" განხილვებს. მისი თქმით, პირველი რეაქცია სუსტი იყო.

„არ მგონია არც ახლა და არც მერე მძლავრი პროტესტი იყოს. როგორც წესი, მძლავრი ტალღა პირველი მიწისძვრასავითაა, როცა პირველი ტალღა ყველაზე ძლიერია, მერე სუსტდება ხოლმე. ანალოგიურია პოლიტიკური „მიწისძვრების" დროსაც. რადგან დასაწყისში არაა ძალიან ძლიერი, მეეჭვება, რომ მერე გაძლიერდეს",- განაცხადა საყვარელიძემ.

ამბობს, რომ ოპოზიციის პასიურობა შეინიშნება და ეს იმიტომ, რომ ცდილობენ წინასაარჩევნოდ იმიჯი არ შეელახოთ.

"გავლენას არჩევნების სიახლოვე ახდენს, რომ დესტაბილიზაციის მომწყობი პარტიები მოსახლეობისგან მხარდაჭერილი არ იქნებიან. ალბათ სამოქალაქო საზოგადოება იაქტიურებს, ვნახეთ მედიასაშუალებების მიერ შედგენილი პროტესტი, მაგრამ თვითონ მედიასაშუალებების ჩამონათვალსაც დიდად შთამბეჭდავი სახე არ აქვს და ამიტომ მეეჭვება, რომ ამ თემის გარშემო ნებისმიერი აქტივობა შთამბეჭდავი იყოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე