თამთა ჩაჩანიძე
(04.04.2024)

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს „ოცნების" მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა შებრუნებაზე - ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის", რაც ანალიტიკოსების ნაწილს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ შესაძლოა საქართველოს ევროპესპექტივა შეფერხდეს. თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს.

„ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის" შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს.

„გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.

„მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს", - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებაში.

ჯიპას ასოცორებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთი წლის თავზე კანონპროექტის პარლამენტში შებრუნება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია.

„ძალიან ძნელია იმის თქმა, ხელისუფლებას საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნა რაში დასჭირდა, იქ სადაც პრობლემა არ ჰქონდა, ეტყობა „ქართულ ოცნებას" ამის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და გრანტი გამჭვირვალეა, ყველა ანგარიში საგადასახადოში იგზავნება. ხელისუფლებას საკუთარი საგადასახადო სამსახურის მიმართ განა რა უნდიბლობა აქვს, რომ იმ ინფორმაციას, რომელიც საგადასახადოში გროვდება, არ ენდობა? თუ ერთმანეთში ვერ ლაპარაკობენ? ეს რეალურად ღია კარის მტვრევაა.

„თეორიულადაც რომ დავუშვათ, რაიმე დამატებითი სახის ანგარიშგებაზე იყოს საუბარი, ჯერ ერთი, რა საჭიროა ამისთვის უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციის დარქმევა და ასეთი ფორმულირებები?! მეორე, რატომ ერთვება ამაში იუსტიციის სამინისტრო და არა საგადასახადო?!

„ეს კანონი ქართული დემოკრატიისთვის, ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ზოგადად ჩვენი განვითარებისთვის მართლაც ძალიან პრობლემურია, ამიტომაც გამოთქვამს ევროკავშირი შეშფოთებას. არანაირი პარალელი არაა რელევანტიური, როცა საუბარია, რომ თურმე ევროკავშირშიც ასეთ კანონს იღებენ, არა, ასეთ კანონს არ იღებენ და არც ამერიკაში არ მოქმედებს ასეთი კანონი იმიტომ, რომ პოლიტიკური ლობიზმი სხვა არის, რაზედაც იქ მოქმედებს კანონი და სხვა არის არასამთავრობო ორგანიზაცია. „ქართულ ოცნებაში" საკმარისი იურიდიული განათლება აქვთ, რომ ასეთი ანაბანა ესმოდეთ. ეს ნამდვილად პრობლემურია და ხელშემწყობ ფაქტორად ნამდვილად ვერ ჩაითვლება ვერც ჩვენი ევროინტეგრაციისა და ვერც დემოკრატიის განვითარებისთვის", - განაცხადა ფხალაძემ.

ამბობს, რომ ევროკავშირი ამ წლის ბოლოს გამოაქვეყნებს ანგარიშს, გადავა თუ არა საქართველო შემდგომ ეტაპზე და დაიწყებს თუ არა ბლოკთან მოლაპარაკებების პროცესს.

„ამ წლის ბოლოსთვის იქნება. ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს და უკვე ამის შემდგომ იქნება მსჯელობა. იმის მაგივრად, რომ პირიქით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდეს იმ ნაბიჯების განხილვა, რომელიც ერთობლივად უნდა გადაიდგას იმისათის, რომ ჩვენ მივიღოთ მოლაპარაკებების ჩარჩო და ეს პროცესი გაიხსნას, ამის ნაცვლად, ხელისუფლება ხელს უწყობს პოლარიზაციას და დაპირისპირებაში შედის საკუთარ სამოქალაქო საზოგადოებასთან, სრული აბსურდია, რასაც „ოცნება" აკეთებს",- განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე თუ კანონი უმრავლესობამ მიიღო, რამდენად დაგვებლოკება მოლაპარაკებებზე გადასვლის პროცესი, ფხალაძემ გვითხრა:

„მაინც იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, რა მოხდება (კანონის მიღების მხრივ), მაგრამ ეს პროგრესს ხელს არანაირად არ შეუწყობს. ევროკავშირის გამოხმაურებაშიც იკითხება მათი განწყობა და არ მგონია, რომ ეს ხელისუფლებაში ვინმესთვის სიურპრიზი ყოფილიყოს. მათ ძალიან კარგად იციან, რა დამოკიდებულებაა ასეთი ტიპის ნაბიჯების მიმართ, შარშან გვახსოვს რა რეაქცია ჰქონდა ევროკავშირს, აშშ-ს. ამ კანონპროექტში კი არაფერი არ შეცვლილა გარდა სახელისა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ისაა, რომ ამ ფონდებიდან თვითონ ხელისუფლება დაფინასებას ძალიან კარგად იღებს და თუ კითხვა გამჭვირვალობაზე უნდა დაისვას, ალბათ უფრო მეტი კითხვა სწორედ ხელისუფების მიმართ უნდა დაისვას - სად მიდის ის ფული, რომელიც ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოს განვითარებისათვის გამოიყოფა უცხოური ფინდებიდან და სად მიდის გადასახადის განამხდელთა ფული, რომლითაც ჩვენ ხელისუფლებას ვაფინანსებთ?!"- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნების" ინიციატივას, რომელიც ფინანსურ გამჭვირვალობას ეხება, მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა და ამას საქართველოს ევროპერსპექტივაზე გავლენა ვერ ექნება.

„შეშფოთება და აღშფოთება საგარეო ფლანგზე ერთია და მეორეა ქართული საზოგადოების განწყობა, რომელთა დიდი უმრავლესობა დიდი ხანია ხსენებული კანონის მიღებას ემხრობა. შარშან, როცა ხელისუფლებამ კანონპროექტი გარკვეულ მიზეზთა გამო უკან გაიწვია, საზოგადოებაში უკმაყოფილება იყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ელექტორატის ე.წ. ჩუმი უმრავლესობა არსებობს, რომელიც შეიძლება ქუჩაში არ ხმაურობდეს, მაგრამ განწყობები, რომლებიც უწინარესად რეიტინგებით იზომება, მეტყველებს იმაზე, რომ ხალხს სურს, შეწყდეს საგარეო ფლანგიდან ძალიან უზნეო და უკანონო ჩარევა ქართულ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან.

„ბრიუსელის შეშფოთება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის კანონპროექტზეც გვესმის, მაგრამ აქაც იგივე სიტუაციაა - ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მომხრეა, რომ ასეთი კანონმდებლობა მიღებული იყოს საქართველოში იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება. ჩვენ იმ 9 რეკომენდაციას ვასრულებთ, რომელიც ბრიუსელმა ბოლო ეტაპზე დაგვისახა. ეს სრულდება თანამშრომლობითა და კომუნიკაციით, სხვა დამატებითი მოთხოვნები, რომელიც შეიძლება ირიბად გაჩნდეს ამ პროცესში კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოს ზუსტად ევროპული გამჭვირვალობის შემოღება უნდა და ბრიუსელიდან ამაზე შეშფოთება და აღშფოთება უფრო ფარისევლობას და თვალთმაქცობას ჰგავს, ვიდრე რეალური სურათის დანახვას", - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეფერხდეს, აბაშიძე გვეუბნება:

„მე ამას არ ველოდები - გზავნილები ერთია, მაგრამ დოკუმენტზე დაწერილი რეკომენდაციების შესრულება კიდევ სხვა. ეს შეშფოთება-აღშფოთება ჩვენ არაერთხელ გვინახავს, ისიც გვინახავს, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომ თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მას აწამებენ, სტრასბურგის სასამართლომ ეს მოსაზრება არაერთხელ გააცამტვერა.

„როცა ჩვენ ე.წ. საშინაო დავალებას ვასრულებთ, ამას კიდევ დამატებითი ფაკულტატიური შესწორება და შეშფოთება ემატება, გარკვეულწილად გაუგებარია, არ შეიძლება ერთსა და იმავე მოცემულობას მრავალი სტანდარტით მიუდგე. ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოში გარე ჩარევა მიუღებელია, ეს მიუღებელია ევროკავშირის წევრ ქვეყნებისთვის და რა საკვირველია მიუღებელია ევროკავშურის ასპირანტ საქართველოსთვის", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე