ელზა პაპოშვილი
(30.03.2024)

სტრასბურგის სასამართლოსგან მისი სარჩელის განხილვაზე უარის მიღების შემდეგ, ნიკა გვარამია ბედს უკვე გაეროში ცდის. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა და სტრასბურგს არ მიმართა, გვარამიამ კი, თავისი გაუთვლელი ნაბიჯით, უკვე მიაყენა პირველი პოლიტიკური ზიანი ნიკა მელიასთან ერთობლივად დაფუძნებულ „ახალს“. გაეროში ჩივილს კი, სხვადასხვა მიზეზების გამო, არანაირი პრაქტიკული შედეგი არ ექნება. 

უცხოელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელ ნიკა გვარამიას ახალი სარჩელი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში შეაქვს. კომენტარს თავად აღარ აკეთებს, თუმცა მის საქმეზე პოლიტიკურ სპექტრში დღეს უფრო აქტიურად საუბრობენ - სტრასბურგის შემდეგ გაეროში გვარამიას მოსალოდნელ წარუმატებლობაზეც და მისი მორიგი გადაწყვეტილების მიზეზებზეც. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ახალის“ ლიდერის განცხადებები ქართული მართლმსაჯულების შემდეგ ევროპულ ინსტიტუტზე თავდასხმად შეაფასა. ოპოზიციაში კი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეაქვთ - ნაწილი ფიქრობს, რომ გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყო, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ სტრასბურგმა გვარამიასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი უკვე გასცა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ გაეროში ჩივილი გამოსავალი არ არის.

„არ არის ყოველთვის სტრასბურგში გასაჩივრება და მითუმეტეს სტრასბურგის (გადაწყვეტილების) კიდევ სადღაც გადასაჩივრება გამოსავალი. პირველად გავიგე ჩემს პრაქტიკაში, სტრასბურგის სასამართლოს რომ ვინმე ასაჩივრებდეს. მე, მაგალითად, ამ საქმის სტრასბურგში წაღებას არც ვურჩევდი, ეს რომ ჩემთვის ეკითხა თავის დროზე, ზუსტად ამ რისკის გამო,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.   

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს უარის გაეროში გასაჩივრებით გვარამია კიდევ ერთ შეცდომას უშვებს.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ის არის კრიმინალი. ახლა, როცა ის ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს გაეროში, აქ კიდევ უფრო უხერხულ და უსუსურ მდგომარეობაში იგდებს თავს. ვფიქრობ, რომ ეს კარგია, რადგან რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება ამის და დანარჩენი ოპოზიციის კრიმინალური ბუნების შესახებ, მით უკეთესი იქნება,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

რატომ იჩივლა გვარამიამ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გვარამიასგან ჯერ ასეთი ნაბიჯი და შემდეგ სტრასბურგიდან მიღებულ უარზე ასეთი რეაქცია მოულოდნელი იყო.

„არ ვიცი... მე გვარამიასგან მიკვირს, საკუთარი თავის საწინააღმდეგო საქმეს რატომ აკეთებს. ეს ლევან ხაბეიშვილს რომ გაეკეთებინა, კიდევ ჰო, მაგრამ გვარამიამ რატომ გააკეთა, ვერ გავიგე. თან ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლო მას შემდგე მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნებაო. საერთოდ რაზე საუბრობს... სასაცილოდ იგდებს თავს. ახლა იმ მოსამართლეს ბოდიშს ვინ მოუხდის, რომელიც ამერიკის ელჩმა დასაჯა კიდეც ამ გადაწყვეტილების გამო და დეგნანმა ვიზა არ მისცა? ესე იგი ეს ადამიანი მართალი ყოფილა.

„მელია და გვარამია არიან კრიმინალები და ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. მელიაც და გვარამიაც (პრეზიდენტმა) ზურაბიშვილმა პატრონების დაკვეთით გაათავისუფლა. ამ გაუბედურებულ ოპოზიციურ ველზე ეგონათ, რომ გვარამიას შემოყვანა რაღაცას გამოაცოცხლებდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა - სტრასბურგმაც კი კრიმინალად აღიარა. ამიტომ ძალიან კარგია, როცა ყველაფერს სახელს თავადვე არქმევენ. ისინი არიან 2%-იანი პარტიის  ლიდერები და ამის შემდეგ კიდევ უფრო დაუვარდებათ რეიტინგი“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამია, სავარაუდოდ, სტრასბურგის ადამიანის ეფლებათა სასამართლოში შეტანილი თავისი სარჩელის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას ფიქრობდა, თუმცა შეცდა.

„სტრასბურგის სასამართლო რომ ამ საჩივარს არ მიიღებდა, ეს წინასწარ უნდა განესაზღვრა და თავი დაეზღვია. ახლა ამბობს, რომ გაეროში წავიღებ ამ საქმესო, მაგრამ „ოცნებას“ ახლა ეს აღარ ადარდებს. ხელისუფლებამ ეს პოლიტიკისთვის უკვე გმოიყენა. დიდად ახლა მათ აღარ აინტერესებთ, რას გადაწყვეტს გაერო და როგორი იქნება მისი შედეგები. 

„ეს პროცესი დროში გაწელილი იქნება. „ოცნებისთვის“ კი მთავარია რა მოხდება არჩენებამდე. კაცმა არ იცის გაერო ჯერ როდის მიიღებს ამ სარჩელს და თუკი მიიღო, მის განხილვას რამდენ ხანს მოუნდება. 

„როდესაც ასეთ რამეზე მიდიხარ, რისკები წინასწარ უნდა განსაზღვრო. სწორია, როდესაც სააკაშვილის საქმე არ მიაქვთ სტრასბურგში, რადგან არმიღების რისკი დიდია. ამიტომ ხელისუფლებას დამატებით პოლიტიკურ საფუძველს არ აძლევენ. სააკაშვილმა ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა - სხვა ყველაფერში მართალიც რომ იყოს, ამაში ხომ ტყუის. ამიტომ ჯობია ხოლმე ოპოზიციამ ჯერ კარგად გააანალიზოს და მერე მიიღოს რაღაცეებზე გადაწყვეტილება“, - ამბობს ძაბირაძე.

„შუაშისტები“ ამას ყურადღებას მიაქცევენ...“

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დააზიანებს თავად გვარამიას ეს ინციდენტი პოლიტიკურად, ძაბირაძე ამბობს, რომ, ზოგადად, გვარამიას და „ნაციონალებს“ ჰყავთ ისეთი ამომრჩეველი, რომელთათვისაც სულერთია მათი ლიდერი რაშია დამნაშავე და რაში არა. თუმცა გვარამიას სჭირდება დამატებით ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლების მხარდაჭერაც, რომლებიც სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყურადღებას მიაქცევენ.

„რა თქმა უნდა, ასეთ რაღაცეებს ოპოზიციისთვის პოლიტიკური ზიანი მოაქვს. სამწუხაროდ, წლებია „ნაციონალებს“ ჰყავთ მხარდამჭერები და სულ მიკვირს რა არის ამ ადამიანების მოტივი. სწორედ ასეთია მელია-გვარამიას მხარდამჭერების ის ნაწილი, რომლებიც ალბათ ახლა „ნაციონალებს“ არიან შემომწყრალი. თუმცა ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც, ახალ დასაყრდენს ეძებს, ამ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენს ოპოზიციას ძირითადად თვითდაზიანებები ახასიათებთ, რაც ძალიან წამგებიანია“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე