ვინ ვისთან ჯგუფდება და რა შანსები აქვთ
ელზა პაპოშვილი
(07.03.2024)

წინასაარჩევნო კონფიგურაციები გამოკვეთილია. დიდი ერთობა ვერ შედგა. ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი იქნება წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანების გარდა წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი ალიანსის პრეზენტაციისთვის ემზადებიან.

საუბარია ნიკა მელიას ახალ პარტიაზე, რომელიც დიდი ალბათობით „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ყოფილ ლიდერს და ამ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებს გააერთიანებს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან პროტესტით წამოსულ მელიას მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნიკა გვარამიაც სახელდება. ოპოზიციური სპექტრის დანარჩენი პოლიტიკური აქტორები ყოფილი მმართველი პარტიისგან მაქსიმალურ დისტანცირებას ცდილობენ და დამოუკიდებლად საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. მთავარი გათვლა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობაზე კეთდება, რომელთა რაოდენობა, ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, სულ უფრო იზრდება.   

მათ მიერ დასახული გეგმები „ოცნებისთვის“ არასერიოზულია. სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მექანიკური გადაჯგუფება კვლავ წარუმატებელი იქნება.  

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არჩევნებამდე კიდევ 7-8 თვეა, მაგრამ არსებით ცვლილებებს ოპოზიციურ ველზე არ ელის. 

„აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის – ეს ერთი; მეორე – როცა საუბრობენ კოალიციაზე, აქ იგულისხმება სინამდვილეში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში. გასაგებია, რაც იგულისხმება ამ ყველაფერში: „ნაცმოძრაობის“ გარშემო უნდა შეიქმნას კოალიცია, იქ ჩაერთვებიან სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“ და ასე შემდეგ. ეს ყველა ერთი ხალხია, ერთი ნიშნით არიან ისინი წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საუბრობს „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებაზე ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. ვერანაირი შეფუთვით „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. 55-დან 60%-მდეა ჩვენი მხარდაჭერა. ოპოზიციას რაც შეეხება, „ნაცმოძრაობის“ ბოლო რეიტინგი იყო 18%. 20%-ს არიან ჩამოცილებული ძალიან დიდი ხანია და ვერცერთი სხვა პარტია, დღევანდელი მოცემულობით, ვერ ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ასეთ პირობებში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება რჩება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე საარჩევნო ნომერი დააანონსა. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მისი გუნდი არჩევნებზე 4 ნომრით წარდგება.

„2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ, მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4.

„მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – წერს ნიკა მელია.

საარჩევნო ნომერი „4“ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ახლა კი მისი თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.  

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ მისი და ყოფილი „ნაციონალების“ თანამშრომლობა არჩევნებში იმაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, ვიდრე თავად პარტია „ნაციონალური მოძრაობა”. „მთავარი არხის" დამფუძნებელი ყოფილ სახელისუფლებო ძალასთან გაერთიანებას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა, ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, კოალიციას მათ გარეშე ვერ ხედავს. ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტიდან თანამშრომლობის შეთავაზება ჰქონდა კიდეც.  

ამავდროულად, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მელია, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ ძალიან მნიშვნელოვანი აქტორები არიან პოლიტიკურ სივრცეში და არჩევნებზე ჯამურად შეუძლიათ,  25 პროცენტზე მეტი აიღონ.

„მელია, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ ძალიან მნიშვნელოვანი აქტორები არიან პოლიტიკურ სივრცეში, პარტიული თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, ნიკაც ახლა უკვე პარტიაა, იდენტობა ამ გუნდს აქვს, როგორ პარტიას. ამ ხალხს მნიშვნელოვანი ფასეულობა აქვს. მგონია, რომ ჩვენც ფასეულობა გვაქვს. მგონია, რომ ჩვენ გარდამტეხები შეგვიძლია ვიყოთ, მათ შორის, ამ ერთიანობაშიც, მაგრამ ჯამურად, ამ აქტორებს, პლუს ცალკეულ ადამიანებს, ვისაც აქვს პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი – უნდა ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანებიც არსებობენ – ჯამურად ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ 25 პროცენტს ზემოთ. ეს არის ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე, მეორე მაჩვენებელი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მთავარ ამოცანად მხოლოდ  5%-იანი ბარიერის გადალახვას ისახავს, ეს ერთია, მაგრამ კოალიციური ხელისუფლების შექმნაზე მაშინ საზოგადოებას ნუღარ ატყუებენ. მისი თქმით, ყველა გამოკითხვებით, ამ მოცემულობით, „ოცნება“ კვლავ პირველ ადგილას გადის, ამიტომ დროზე უნდა იპოვონ ოპოზიციაში საერთო ენა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, ვინ ვისთანაა. 

„გავიგეთ, რომ უნდა გადაჯგუფდნენ და ა.შ., თუმცა რა იდეის გარშემო უნდა მოხდეს ეს ალიანსი, რა გეგმა აქვთ, რას ეუბნებიან ხალხს, ჯერ ვერავინ გაიგო. თუკი „ლელო“ აპირებს ნიკა გვარამიასთან, ნიკა მელიასთან და ნაცებიდან წამოსულ სხვა სახეებთან ალიანსს, მაშინ მას ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველზე პრეტენზია ვეღარ ექნება. ის ამ ელექტორატს დაკარგავს. ამიტომ, არ ვიცი, რაში სჭირდება „ლელოს“ ასეთი გაერთიანება. 

„ის ამით გზას გაუხსნის გიორგი გახარიას, ასევე „ოცნებას“, რომლისთვისაც ყველაზე კარგი ვარიანტია, რაც უფრო დიდ ფლანგზე გაიშლება ოპოზიცია და რაც უფრო ნაკლები შანსი ექნებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის. კი ბატონო, შესაძლოა ასეთი ალიანსებით 5%-იანი ბარიერი გადაილახოს, მაგრამ ნომერ პირველი ოპოზიციური პარტიები ვერ იქნებიან. თანაც ნაცებიდან გამოყოფილი ამ ლიდერების და ჯგუფების მიკვირს. ახლა რომ დაიწყეს სააკაშვილისგან დისტანცირება, მანამდე სად იყვნენ? არადა სწორედ ნაცების ელექტორატზე უნდა იმუშაონ გვარამია-მელიამ, სხვა ამომრჩეველი მათ ნაკლებად ჰყავთ. ე.წ. შუაშისტური ამომრჩეველი მათ ნაცები-2-ად აღიქვამს. ხელისუფლებაც მშვენივრად გამოიყენებს შანსს და „ლელოსაც“ მათ რიგებში უპრობლემოდ მიითვლის. ამიტომ ვამბობ, რა არის ამ გაერთიანების მიზანი, ესაა მთავარი“, - განაცხადა ძაბირაძემ. 

მისივე თქმით, დრო უკვე ცოტაა არჩევნებამდე დარჩენილი, ამიტომ სჯობს, რომ ოპოზიციამ სწრაფად დაიწყოს მოქმედება. ხელისუფლებას წინასაარჩევნო აქტიურობა უკვე დაწყებული აქვს. კობახიძის მეშვეობით წინასაარჩევნო კამპანიაში არიან. ოპოზიცია კი ისევ ფიქრობს, ვისთან ჯგუფდება და ვისთან არა. ეს მათ კიდევ უფრო აზაინებს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე