რეზონანსი
(07.03.2024)

გერმანიის საელჩო ადასტურებს, რომ 22 თებერვალს, ზურაბ ადეიშვილი დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის პარლამენტში შესვლა აეკრძალათ.

„ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია," - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის ციხის კადრების საქმეზე. ის უკრაინის მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქეობა კი 2021 წელს შეუწყდა. ადეიშვილი უკრაინის პროკურატურაში მრჩეველია, იგი უკრაინის პროკურორთან და ელჩთან ერთად საპარლამენტო მოსმენას ესწრებოდა, სადაც უკრაინისთვის შორი რადიუსის „ტაურუსის" ტიპის რაკეტების გაგზავნას განიხილავდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ცინიზმი" უწოდა ადეიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოებს. მისი სიტყვებით: საქართველოს ხელისუფლება „პირნათლად იცავს სანქციებს, რომელსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს გვერდს უვლიან".

„როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ადამიანი (ზურაბ ადეიშვილი), ფოტოებით გაირკვევა, რომ ხან ბუნდესტაგში კომიტეტის სხდომაზე ზის, ხან ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის აღმაშფოთებელი - ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომელსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს გვერდს უვლიან.

„რა თქმა უნდა, არის გარკვეული ცინიზმი იმ ფოტოებში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი დიდი ალბათობით, მართლმსაჯულების საკითხებზე სასაუბროდ არის ბრიუსელის, ევროკავშირის დაწესებულებების სათათბირო ოთახებში, ევროკომისიის ოთახებში. ეს უკვე აღარ არის პარლამენტი, სადაც ცალკეულ პარლამენტარებზე ვისაუბრებდით და მათ თავისუფლებაზე, ესა თუ ის აზრი გამოთქვან. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას. ერთი, რომ ცნობილი იყო თუ არა, ვის ხდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მეორე, მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს, როგორ აპირებენ ისინი სამომავლოდ ამ მხრივ განმარტებები ქართველი ხალხის მიმართ გააკეთონ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი არის განსახიერება ყველაფრისა, რაც არის ანტიევროპული, ანტიჰუმანური".

„ყველას შევახსენებ, თუ ვინ არის ზურაბ ადეიშვილი. იგი მსჯავრდებულია 5 დანაშაულზე, რომელიც არის წამების კატეგორიიდან დაწყებული და ბიზნეს რეკეტით დამთავრებული. დღეს ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სასჯელის შეკრებითობის პრინციპი რომ კვლავ ძალაში იყოს, მას 18 წელი ექნებოდა, ჯამში, მოსახდელი ქართულ ციხეში. ეს ადამიანი არის შემოქმედი ადამიანების წამების სისტემის შექმნისა, ბიზნესის რეკეტის სისტემის შექმნისა. ეს ადამიანი არის განსახიერება ყველაფრისა, რაც არის ანტიევროპული, ანტიჰუმანური.

„როდესაც ასეთ ადამიანს ასეთი პატივით სხვადასხვა სათათბირო ოთახებში, სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იგივე ოთახებში იგივე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვეტინგზე, ადამიანის უფლებებზე, მე მგონი, ეს საჭიროებს განმარტებას, იმისთვის, რომ შემდეგ ეს მათი სიტყვები ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ. მგონი, აქ ვეტინგი კარგი ტერმინია იმ მხრივ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის ის ადამიანი, ვინც უკრაინაში ატარებს ამ ვეტინგებს და მისი მოადგილეა, ვინც მოლდოვაში ასეთ ვეტინგებს ატარებს. როცა ჩვენ უკრაინას და მოლდოვას მაგალითად გვისახავენ, ჩვენი კითხვა ამ შემთხვევაში არის მარტივი ევროკავშირის მიმართ, ადეიშვილის და ნონა წოწორიას მიერ ჩატარებული ვეტინგი არის ჩვენთვის მაგალითი? ამისკენ მოგვიწოდებენ? სხვათა შორის, თავის დროზე ზურაბ ადეიშვილს საქართველოში ვეტინგი ჩატარებული აქვს, როგორც გენპროკურორს, რომელიც მართავდა ყველანაირ ასეთი სახის ღონისძიებას. მაშინ გახსოვთ, გაყარეს მოსამართლეები ისე, რომ სასამართლოებს აუქმებდნენ და შემდეგ ზოგს აშინებდნენ და ზეწოლა იყო უზენაეს სასამართლოების მოსამართლეებზე, რომ დაეტოვებინათ თანამდებობები და კითხეთ იმ მოსამართლეებს, შემდეგ სტრასბურგში ჰქონდათ გასაჩივრებული ეს საკითხი.

ამიტომ ეს არის საკითხი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება განმარტება, ვინაიდან საკითხი ეხება დამაჯერებლობას ევროკომისიის სხვადასხვა ჩინოვნიკის სიტყვებისა. როდესაც ხვდები ადეიშვილს და ესაუბრები მართლმსაჯულებაზე, შემდეგ ასეთი ადამიანების სიტყვები საქართველოს მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისეთი დამაჯერებელი აღარ არის, როგორც უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კი არის რაიმე ანტიევროპული, პროპაგანდის ნაწილი, თუ დისკრედიტაციის ნაწილი, არის სწორედ ასეთი საქციელები ზოგიერთი ჩინოვნიკისა, რომელიც თავისი დაუდევრობით... იმედია განმარტებები იქნება და აღმოჩნდება, რომ უბრალოდ არ იცოდა ვიღაცამ და ეს შეხვედრები წინდაუხედავად მოხდა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავტორი:ნატალია ჯვარიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე