რეზონანსი
(07.03.2024)

6 მარტს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. ზურაბიშვილმა „რეზონანსის" კითხვაზე, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაგრძელებას აპირებს თუ არა, უპასუხა, რომ ამას საჭიროებისამებრ გადაწყვეტს, რაც შეეხება სააკაშვილს, მის შეწყალებას კატეგორიულად გამორიცხავს.

„მანდატის ამოწურვის შემდეგ თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები. თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ ნათელია, რომ ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ. ვთვლი, რომ ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პროევროპული ძალების კონსოლიდაცია მოხდეს და მე ამას ხელს შევუწყობ, რა ფორმითაც შევძლებ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში პრეზიდენტის არჩევნებამდე გადადგომაზე საუბრობდა. ამბობდა, რომ „მაღალი ალბათობაა", წინასაარჩევნოდ პრეზიდენტი გადადგეს და მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში.

6 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა, რომ ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის" - „მომავლის ქარტიას". კერძოდ, თქვა, რომ „ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს", არამედ ეს იქნება „ისტორიის გადამწყვეტი ეტაპი, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი ახალ, ევროპულ სახელმწიფოს". ასევე მან თქვა, რომ მზადაა იყოს „ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი".

„ახლა სწორედ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, რათა შეიქმნას ერთი დოკუმენტი, რასაც ხელს მოაწერენ პოლიტიკური ძალები. ეს იქნება ერთგვარი ქოლგა, რომელსაც მე დავიჭერ და ვაპირებ დავიჭირო, მათი როლია, თვითონ ანახონ თავიანთი ასპარეზი არჩევნებისთვის. ამაში მე ვერ ჩავერევი. ეს არაა ჩემი როლი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა „რეზონანსის" კითხვაზე, განიხილავდა თუ არა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში მისთვის მოქალაქეობის აღდგენას, მინიჭებას, ან ორმაგი მოქალაქეობის მიცემას, უპასუხა, რომ ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა და ჰიპოთეტურ კითხვებს არ პასუხობს. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალებას, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამას არ აპირებს.

„მოსახლების დარწმუნება მიდის, რომ თითქოს არაფრად ითვლება ჩემი ნათქვამი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ, რაც არ უნდა ზეწოლა მოახდინონ ჩემზე, როგორც შიგნით ასევე გარეთ და ჩემს პოზიციას ყველგან ხაზგასმით ვაფიქსირებ. რაც შეეხება (კითხვას) მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის მინიჭებაზე, არ ყოფილა ასეთი მოთხოვნა და არ ვპასუხობ ჰიპოთეტურ კითხვებს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი თქვა, რომ „არის რაღაც ნიშნები" ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრისა, თუმცა ეს შეიძლება იყოს „სიფრთხილე" ან „პირადი მენტალობის თანხვედრა".

„ვხედავ, რომ არის რაღაც ნიშნები, რომელიც შეიძლება იყოს სიფრთხილე, შეიძლება იყოს პირადი მენტალობის თანხვედრა, შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არ დაუშვებენ პრორუსულ მთავრობას.

„...როგორც კი ეს გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს, რომელიც არის სიფრთხილის თუ ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილში რაღაც ცდუნებები... როგორც კი ეს ამას გასცდება და გაჩნდება პრორუსულობის ნიშნები, ის მთავრობა, ხელისუფლება, ძალა ვერასოდეს იარსებებს საქართველოში, იმიტომ რომ არსებობს მოსახლეობა და არსებობს უწყვეტი ნება საქართველოს მოსახლეობისა, რომ არასოდეს არ დაბრუნდეს რუსეთის წიაღში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ „ვერავინ ვერ ბედავს" პრორუსულობას. მან პრემიერი ირაკლი კობახიძე ახსენა და ხაზი გაუსვა გარკვეულ ცვლილებებს მის დღის წესრიგში.

„თუ შეამჩნიეთ, ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენლებს, ისეთი სიტყვებით ამკობდა, ჩავიდა სად? - ბრიუსელში. ვის იღებს პირველ რიგში? - ევროკავშირის ელჩებს. დაავიწყდა, რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც პარტიის თავმჯდომარის. ეს არის ის ნიშნები, რომელიც საინტერესოა. რეალურად, ყველა გრძნობს, მით უმეტეს არჩევნებისკენ მივდივართ, რომ არ გაპატიებს არავინ პრორუსულობას ამ ქვეყანაში", - თქვა პრეზიდენტმა.

ავტორი: ნატალია ჯვარიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე